ჩვენ უნდა ვუკვირდებოდეთ ჩვენს სიტყვასა და საქმეს, სინდისის ხმას, საზოგადოებასთან თანაცხოვრებას, საღვთო წიგნებში განცხადებულ ღვთის სიბრძნეს და ბეთლემს შობილი მაცხოვრის მიერ დაარსებული ეკლესიისა და აქ აღსრულებულ საიდუმლოთა მადლით უფლის აღდგომისა და ამაღლების თანაზიარნი გავხდეთ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი.
როგორც საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი, ქრისტიანობის შემოსვლისთანავე ქართველთა უმრავლესობამ უარყო წარმართობა და სიხარულით მიეგება ზეციდან უწყებულ სახარებას, ეს იყო ქართველთა ცივილიზაციური მტკიცე არჩევანი, რომელიც ეროვნული ცნობიერების ნიშან-სვეტად იქცა.
„დღეს ქრისტე იშვება დედამიწაზე, საოცარი თავმდაბლობითა და უბრალოებით, და მოაქვს სიცოცხლის ნათელი მათთვის, ვისაც სწამს, რომ ღვთის ხატადაა შექმნილი და ესწრაფვის ცხონებას. ჩვენ ვსაუბრობთ იმ რწმენაზე, რომელიც, ადამიდან მოყოლებული, გადაეცემოდა თაობიდან თაობას პირველ მამათა, მამათმთავართა, წინასწარმეტყველთა, მართალთა … მიერ და გვასწავლიდა, რომ არ ვართ შემთხვევითი არსებები, რომ არ ვართ სიკვდილისთვის გაჩენილნი, არამედ მარადიული ნეტარებისა და ღმერთთან მყოფობისათვის მოწოდებულნი. უფალს ელოდა სიწმინდით, სიმართლით და სიყვარულით მცხოვრები ჭეშმარიტი სიბრძნისა და სიმართლის მაძიებელი, ყოველი ადამიანი. იგი იყო „მოლოდება წარმართთაც“ (დაბადება: 49. 10). წარმართთა შორის ღრმად მოაზროვნენი გრძნობდნენ სულიერ შიმშილს, მათ არ აკმაყოფილებდათ ადამიანთა მიერ შეთხზული გადმოცემები სხვადასხვა „ღმერთზე“, გრძნობდნენ მათ სიყალბეს და ელოდნენ ჭეშმარიტს, ნამდვილსა და აღმატებულს. ასე იყო საქართველოშიც. ქრისტიანობის შემოსვლისთანავე ქართველთა უმრავლესობამ უარყო წარმართობა და სიხარულით მიეგება ზეციდან უწყებულ სახარებას. ეს იყო ქართველთა ცივილიზაციური მტკიცე არჩევანი, რომელიც ეროვნული ცნობიერების ნიშან-სვეტად იქცა.
ქრისტე მოგვევლინა ჩვენი სხეულით, ჩვენი ბუნებით და გახდა ჩვენი ცხოვრების მტვირთველი (გარდა ცოდვისა); უჟამო იგი ჟამიერ იქმნა, უხორცო – ხორციელი, უკვდავი – მოკვდავი, რათა მსგავსებით მსგავსი გადაერჩინა და თითოეული ჩვენგანისათვის ეთქვა: მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი ხატება არ არის შენში ბოლომდე წარხოცილი; ჩემი შესაძლებლობები შენი შესაძლებლობებიცაა და შენთან ერთად მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო შენს ფერისცვალებაში, შენს გადარჩენაში. მას ჩვენს რეალობაში შემოაქვს სამოთხის კანონები – მცნებები, ზეცის მოქალაქეთა თვისებები, რათა გავაცნობიეროთ ცოდვა ჩვენს ყოფაში და სინანულით აღვხოცოთ იგი, ამით განვაქარვოთ ჩვენი სიკვდილი და გარდაცვალება მარადიული ნეტარმყოფობის საწყისად ვაქციოთ. ჩვენ უნდა ვუკვირდებოდეთ ჩვენს სიტყვასა და საქმეს, სინდისის ხმას, საზოგადოებასთან თანაცხოვრებას, საღვთო წიგნებში განცხადებულ ღვთის სიბრძნეს და ბეთლემს შობილი მაცხოვრის მიერ დაარსებული ეკლესიისა და აქ აღსრულებულ საიდუმლოთა მადლით უფლის აღდგომისა და ამაღლების თანაზიარნი გავხდეთ“, – ნათქვამია ეპისტოლეში.