პარასკევი, ოქტომბერი 10, 2025

ივანე ჩხაიძე – ახლა, ქვეყანაში ძირითადი ვირუსი რინოვირუსია, გრიპის ვირუსი ჯერ არ დაფიქსირებულა, ალბათ, ნოემბერში გამოჩნდება – ვაქცინა უკვე შემოტანილია და ვაქცინაცია უახლოეს დღეებში დაიწყება

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება.

როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, 4-კომპონენტიანი ევროპული წარმოების ვაქცინა ქვეყანაში უკვე შემოტანილია.

„საქართველოში ვაქცინაციის პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება. ქვეყანაში ვაქცინა უკვე შემოტანილია. ეს არის 4-კომპონენტიანი ევროპული წარმოების ვაქცინა. განსაკუთრებით არის მნიშვნელოვანი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფებს მიეკუთვნებიან. საქართველოში შემოტანილია 200 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც უფასო იქნება უპირველესად, რისკ ჯგუფების წარმომადგენლებისთვის და შემდეგ უკვე იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ სურვილი, თავი დაიცვან გრიპის ვირუსისგან. ვაქცინაციისთვის იდეალური პერიოდი ოქტომბრის მეორე ნახევარია“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მისივე თქმით, გრიპის ვაქცინა მოქმედებას აცრიდან 2 კვირის შემდეგ იწყებს.

„გრიპის ვირუსი წარმოადგენს იმ ვირუსს, რომელსაც ყველაზე მეტად ახასიათებს გართულებები, დაავადების მძიმე მიმდინარეობა, საავადმყოფოში მოხვედრის მაღალი ალბათობა, განსაკუთრებით რისკ ჯგუფებისთვის. ნოემბერში, ალბათ უკვე გამოჩნდება საქართველოში გრიპის ვირუსის პირველი შემთხვევები. ჯერჯერობით, ქვეყანაში გრიპის ვირუსი არ დაფიქსირებულა“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მისი განმარტებით, სექტემბრის ბოლო მონაცემების მიხედვით, ვირუსების მაჩვენებელი შედარებით მომატებულია და მოსალოდნელია, რომ ეს შემთხვევები თავის პიკს მიაღწევს სავარაუდოდ დეკემბერ-იანვარ, თებერვალში.

„თუ აგვისტოში, განსაკუთრებით აგვისტოს შუა რიცხვებში კორონავირუსის მკვეთრი სიჭარბე გვქონდა ქვეყანაში და იმ შემთხვევებს შორის, რომელიც ლაბორატორიულად დადასტურდა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, კორონავირუსის ხვედრითი წილი 70%-ს შეადგენდა, სექტემბრის ბოლოსთვის ეს ციფრი 20%-მდე შემცირდა და ახლა ქვეყანაში ძირითადი ვირუსი არის რინოვირუსი. რინოვირუსთან ერთად ფიქსირდება სხვა გაციების გამომწვევი ვირუსები, როგორიცაა პარაგრიპის ვირუსი, კორონავირუსი. ამ ვირუსებს ერთი რამ აერთიანებს, ყველა მათგანს შეუძლია ნაკლებად მძიმე რესპირაციული დაავადების გამოწვევა. გაციების კლინიკური სიმპტომებით მიმდინარეობს: ეს არის დაბალი ტემპერატურა, ყელის მსუბუქი ტკივილი, ხველა, ცემინება. ამ ვირუსებს არ ახასიათებს კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ძლიერი საერთო სისუსტე“,- განაცხადა ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე – საახალწლო ღონისძიებები როცა დამთავრდება, გვინდა, დავიწყოთ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ქალაქის ცენტრალური გამზირი ასე არ უნდა გამოიყურებოდეს

საახალწლო ღონისძიებები როცა დამთავრდება, გვინდა, დავიწყოთ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.კალაძის თქმით, პირობას აძლევს თბილისელებს, რომ რუსთაველის გამზირი ერთ-ერთი საუკეთესო გამზირი იქნება ახალი დიზაინით, სიახლეებით, მოწესრიგებული და განახლებული.„გვქონდა სურვილი, რუსთაველის გამზირზე დაგვეწყო სამუშაოები და გადავიტანეთ ახალი წლების მერე. როცა საახალწლო ღონისძიებები დამთავრდება, გვინდა, დავიწყოთ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ქალაქის ცენტრალური გამზირი ასე არ უნდა გამოიყურებოდეს, მით უმეტეს ისეთ ქალაქში, როგორიც თბილისია. პირობას ვაძლევ თბილისელებს, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გამზირი იქნება ახალი დიზაინით, სიახლეებით, მოწესრიგებული და განახლებული. მიწისქვეშა კომუნიკაციებში სერიოზული პრობლემაა და გარკვეული დრო დასჭირდება ამ სამუშაოებს, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავამთავროთ“, – აღნიშნა კალაძემ.

ირაკლი კობახიძე – მივესალმებით ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, პრეზიდენტ ტრამპის გადამწყვეტმა დიპლომატიამ, კატარის, ეგვიპტისა და თურქეთის მედიაციის მხარდაჭერით, საკვანძო როლი შეასრულა

მივესალმებით ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, როგორც მშვიდობისკენ მიმავალ იმედისმომცემ საეტაპო მოვლენას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს აშშ-ის პრეზიდენტის დიპლომატიის გადამწყვეტ როლს შეთანხმების მიღწევაში და მძევლების გათავისუფლების მნიშვნელობაზე საუბრობს.„პრეზიდენტ ტრამპის გადამწყვეტმა დიპლომატიამ, კატარის, ეგვიპტისა და თურქეთის მედიაციის მხარდაჭერით, საკვანძო როლი შეასრულა ამ შეთანხმების მიღწევაში. მძევლების მყისიერი გათავისუფლება საფუძველს ჩაუყრის ხანგრძლივ მშვიდობას, რაც ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა”, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.  

დონალდ ტრამპი – „ჰამასი“ მძევლებს ორშაბათს ან სამშაბათს გაათავისუფლებს, მათი დაბრუნება რთული პროცესი იყო

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, იმედი აქვს, რომ ახლო აღმოსავლეთში მარადიული მშვიდობა დამყარდა.ტრამპმა მადლობა გადაუხადა ყველა ქვეყანას, რომელმაც წვლილი შეიტანა სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში.„გუშინ ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს ახლო აღმოსავლეთში, რაზეც ხალხი ამბობდა, რომ არასდროს მოხდებოდა. ჩვენ დავასრულეთ ომი ღაზაში და უფრო ფართო თვალსაზრისით, ჩვენ დავამყარეთ, ვიმედოვნებ, მარადიული მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში. ჩვენ უზრუნველვყავით მძევლების გათავისუფლება და მათ ორშაბათს ან სამშაბათს გაათავისუფლებენ. მათი დაბრუნება რთული პროცესი იყო. ჩვენ წავალთ ეგვიპტეში, სადაც გვექნება ოფიციალური ხელმოწერა“, – განაცხადა ტრამპმა.

მარკუს ლამერტი – ევროკომისია შეაფასებს საქართველოს მიღებულ ზომებს და მათ შესაბამისობას იმ რეკომენდაციებთან, რომლებიც ანგარიშში გავწერეთ

უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი ჰორიზონტალური ზომაა და ყველა ქვეყანას ეხება, რომელთაც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი აქვთ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა განაცხადა.მისივე თქმით, ევროკომისიამ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.„კომისია შეაფასებს საქართველოს მიღებულ ზომებს და მათ შესაბამისობას იმ რეკომენდაციებთან, რომლებიც ანგარიშში გავწერეთ. როგორც იცით, ჩვენ გავეცით რეკომენდაციები უვიზო რეჟიმთან დაკავშირებითაც. უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი ჰორიზონტალური ზომაა და ყველა ქვეყანას ეხება, რომელთაც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი აქვთ. ჩვენ მივესალმებით ევროპარლამენტის მიერ კვირის დასაწყისში უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ახალი წესების მიღებას, რომელიც ჩვენ 2023 წელს წარვადგინეთ. ეს მოჰყვა პოლიტიკურ შეთანხმებას, რომელიც წლის დასაწყისში იყო და ახლა ევროკავშირის საბჭომ უნდა დაუჭიროს მხარი, ვიდრე ძალაში შევა.უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამოყენება უკვე შესაძლებელია უკანონო მიგრაციის უეცარი ზრდის შემთხვევაში, რეადმისიაზე თანამშრომლობის არარსებობის ან უსაფრთხოების რისკების შემთხვევაში. ახლა ახალი წესები იძლევა აქტივაციისთვის ახალ საფუძვლებს. მაგალითისთვის, ეს მოიცავს სავიზო პოლიტიკასთან შესაბამისობის არარსებობას, ინვესტიციების სანაცვლოდ მოქალაქეობის მიღების სქემებს, ასევე ჰიბრიდულ საფრთხეებს, მიგრაციის ინსრტუმენტალიზაციას და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების გაუარესებას მესამე ქვეყანასთან. ასევე, ეს შესაძლოა, მოიცავდეს ფუნდამენტური უფლებებისა და საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების სერიოზულ დარღვევებს.რომ შევაჯამოთ, ახალი წესები უფრო სწრაფი და გადამწყვეტი მოქმედებების საშუალებას იძლევა, როდესაც საუბარია უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე. ახალი საფუძვლები იქნება უფრო სწრაფი და მოქნილი“, – განაცხადა მარკუს ლამერტმა.

ვლადიმერ პუტინი – ღაზაში პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივებს რუსეთმა პრაქტიკულად დაუყოვნებლივ დაუჭირა მხარი, ვიმედოვნებთ, სამშვიდობო გეგმა პრაქტიკაში განხორციელდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იმედს გამოთქვამს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ღაზის სამშვიდობო გეგმა განხორციელდება.მისი თქმით, მოსკოვი მზად არის, მხარი დაუჭიროს ნებისმიერ სამშვიდობო ძალისხმევას, რომელიც მიმართულია რეგიონში სისხლისღვრის დასრულებისკენ. პუტინმა ამის შესახებ ტაჯიკეთში, რუსეთი-ცენტრალური აზიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.„პრეზიდენტმა ტრამპმა წარადგინა ცნობილი ინიციატივები და როგორც ნახეთ, რუსეთმა მათ პრაქტიკულად დაუყოვნებლივ მხარი დაუჭირა. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ახლა. მედიის ინფორმაციით, მიღწეულია საბოლოო გადაწყვეტილება. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ეს ინიციატივები პრაქტიკაში განხორციელდება. ეს ინიციატივა თავდაპირველად დადებითად აღიქვეს არაბულ და ზოგადად ისლამურ მსოფლიოში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთავარია, რომ ეს ყველაფერი განხორციელდეს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რუსეთი ყოველთვის მიიჩნევდა, რომ ახლო აღმოსავლეთის პრობლემების მოგვარება მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით არის შესაძლებელი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ნებისმიერ მშვიდობიან ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში სისხლისღვრის შეჩერებას და მშვიდობის დამყარებას“, – აღნიშნა პუტინმა.რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რეგიონში ვითარების გრძელვადიანი სტაბილიზაციის მთავარი პირობაა დამოუკიდებელი პალესტინური სახელმწიფოს შექმნა.„უნდა ვთქვა, რომ ჩვენ არა მხოლოდ ყურადღებით ვაკვირდებით, არამედ ვცდილობთ ახლო აღმოსავლეთში ჩვენს პარტნიორებთან ერთად ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ დარეგულირებაში“, – განაცხადა პუტინმა.

ბოლო სიახლეები