ორშაბათი, ნოემბერი 17, 2025

ივანე მაჭავარიანი – პანდემიის დაწყების პირველი დღეებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მებაჟე ოფიცრების მიერ გაწეული საქმიანობა

პანდემიის დაწყების პირველი დღეებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მებაჟე ოფიცრების მიერ გაწეული საქმიანობა, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი გამართულ ონლაინ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.

მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა კორონავიურსის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისა და თითოეული მებაჟე ოფიცრის როლს.

„დღეს, მთელი მსოფლიო დგას გამოწვევის წინაშე, რომელმაც სრულიად შეცვალა ჩვენი თანამედროვეობა. COVID-19-ის ფართოდ გავრცელების პირველივე დღეებიდან, საქართველოს მთავრობამ დაიწყო ბრძოლა ორი ძირითადი მიმართულებით. ესაა ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენა, ასევე ქვეყნის ეკონომიკაზე მიყენებული ზიანის მინიმიზაცია. ჩვენ ერთად გამოვიარეთ ბრძოლის ყველა ეტაპი – ეს იყო ვირუსის გავრცელების შეკავება, შენელება და მართვა. ამჟამად, ვიმყოფებით შემსუბუქება-ადაპტაციის ფაზაში. ახლახან, ჩვენ დავამტკიცეთ შეზღუდვების მოხსნის, ასევე, ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა. თითოეულ ამ ეტაპზე, იცვლებოდა კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და COVID-19-ით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმა. შესაბამისად, იცვლებოდა საზღვარზე გადაადგილების პროცედურები თუ სავალდებულოდ გასატარებელი ღონისძიებები. სწორედ, მებაჟე-ოფიცრების სწრაფი ადაპტაციის, მაღალი დისციპლინის, სხვა უწყებებთან ეფექტიანი თანამშრომლობის უნარ-ჩვევების წყალობით გახდა შესაძლებელი, საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობის ფუნქციონირების შეუფერხებლად გაგრძელება და ტრანზიტული გადაზიდვების მაჩვენებლის გაზრდა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სოციალური დისტანცირების პირობებში, სულ უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა ციფრული საბაჟოს იდეამ და ბიზნეს პროცესების შეუფერხებელი მუშაობის აუცილებლობამ.

„საბაჟოს მიერ, ეფექტური ადმინისტრირების პროცესმა დაამტკიცა ციფრული საბაჟოსკენ აღებული გეზის მართებულობა. ციფრული ტრანსფორმაცია ჩვენი რეალობის შემადგენელი ნაწილი გახდა. აქედან გამომდინარე, ბიზნეს პროცესების შემდგომი ავტომატიზაცია, მომავლისკენ მიმართული, ნოვატორული გადაწყვეტილებები, წარმოადგენს ბიზნეს პროცესების უწყვეტობის გარანტიას. სავალდებულო სოციალური დისტანცირების პირობებში, საბაჟო ფორმალობების განხორციელება, გადაწყვეტილების მიღება და აღსრულება, შეუძლებელი იქნებოდა ელექტრონული საბაჟოს გამართული ფუნქციონირების გარეშე“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, საჭიროა მეტი რესურსები, რათა საბაჟომ შეძლოს თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით ეკონომიკის კრიზისიდან გამოსვლისა და სწრაფი აღდგენის პროცესის ხელშეწყობა და მხარდაჭერა.

„მისასალმებელია, რომ ამ მიმართულებით, მათ შორის, ჩვენი დონორებისა და პარტნიორების დახმარებით, გრძელდება  მუშაობა და უმჯობესდება საბაჟოს მიერ გაწეული მომსახურებისა და კონტროლის ხარისხი. ამავე დროს, საჭიროა კიდევ უფრო მეტი რესურსი, რათა საბაჟომ შეძლოს თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით ეკონომიკის კრიზისიდან გამოსვლისა და სწრაფი აღდგენის პროცესის ხელშეწყობა და მხარდაჭერა. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია სიღარიბის აღმოფხვრა. მებაჟე-ოფიცრებს ეკისრებათ საკვანძო როლი, რათა კანონიერი ვაჭრობის ხელშეწყობითა და საგადასახადო შემოსავლების დროული მობილიზებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ საქართველოს ეკონომიკის სწრაფი აღდგენის პროცესში,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მინისტრმა ამ პროცესში ხაზი გაუსვა დონორებისა და პარტნიორების მხარდაჭერას.

„განსაკუთრებულია ჩვენი პარტნიორების როლი საბაჟოს განვითარებაში. საქართველო განაგრძობს საერთაშორისო ცნობადობის შენარჩუნებისა და გაზრდის კუთხით აქტიურობას მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციასა და სხვა შესაბამის საერთაშორისო პლატფორმებზე. როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის შესაბამისად, 2024 წელს ქვეყანა გააკეთებს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე. ეს იქნება მართლაც ისტორიული გადაწყვეტილება რომლისთვისაც ყველა მიმართულებით უნდა მოხდეს რესურსების მობილიზება“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრმა პანდემიის პირობებში გამოჩენილი მხარდაჭერისა და აქტიური თანამშრომლობისთვის, მადლობის სერტიფიკატები გადასცა პარტნიორი ორგანიზაციების  – ამერიკის შეერთებული შტატების ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – არარეზიდენტი მოქალაქეებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის წესი იცვლება, ერთადერთი პირობა იქნება ოთხ წელიწადში ერთხელ სამშობლოში ხმის მიცემა

საქართველოს პარლამენტში დღეს დაინიცირდება ახალი „საარჩევნო კოდექსი“, რომლითაც მოხდება ნორმების სისტემატიზაცია და ტექნიკური დახვეწა, პროცედურების დაზუსტება, ნორმების დუბლირების აღმოფხვრა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.პაპუაშვილის თქმით, ცვლილებები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საარჩევნო პროცესის ნორმატიულ ჩარჩოს.„მოქმედი საარჩევნო კოდექსი 2011 წელს იქნა მიღებული და მას შემდეგ 100-ზე მეტი ცვლილება განიცადა. შედეგად, ტექსტი გახდა რთულად აღსაქმელი, ბევრი ნორმა გაორმაგებულია, კოდექსის დიდი ნაწილი მოქცეულია გარდამავალ დებულებებში, რომლებიც შინაარსობრივად ძალადაკარგულია, სტრუქტურა კი საჭიროებს მოწესრიგებას. ამ მიზეზით, უკვე რამდენიმე წელია, დღის წესრიგში დგას კოდექსის სრული გადამუშავება. ინიცირებული ახალი რედაქცია სწორედ ამ პრობლემებს პასუხობს.შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში დღეს დაინიცირდება ახალი „საარჩევნო კოდექსი“, რომლითაც მოხდება ნორმების სისტემატიზაცია და ტექნიკური დახვეწა, პროცედურების დაზუსტება, ნორმების დუბლირების აღმოფხვრა, კოდექსი გახდება ერთიანი, მარტივად გასაგები და ფუნქციურად გამართული ტექსტი. ეს ცვლილებები, არსებითად, ტექნიკური ხასიათისაა, მაგრამ მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საარჩევნო პროცესის ნორმატიულ ჩარჩოს.კოდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება არარეზიდენტი მოქალაქეების, ანუ უცხოეთში მყოფი პირების არჩევნებში ხმის მიცემის წესს. უპირველეს ყოვლისა, ხაზი უნდა გაესვას, რომ არაფერი იცვლება სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლებაში. როგორც აქამდე, საქართველოს ყველა მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, სად იმყოფება და სად ცხოვრობს, აქვს სრული, პასიური თუ აქტიური საარჩევნო უფლება.ამავე დროს, ცვლილება ეხება ხმის მიცემის პროცედურას და გულისხმობს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში. ეს გადაწყვეტილება არსებითად ემყარება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით სახელმწიფოსთვის დადგენილ ვალდებულებას, უზრუნველყოს ნების თავისუფალი გამოვლენა, რაც თავის თავში ნების გარე ჩარევისგან თავისუფლად გამოვლენასაც მოიაზრებს.არჩევნები მსოფლიო მასშტაბით ხდება უფრო მოწყვლადი გარე ჩარევის მიმართ. სულ უფრო ხშირად ისმის ბრალდებები არჩევნებში უცხოურ ჩარევასთან დაკავშირებით, იქნება ეს არჩევნები ამერიკის შეერთებული შტატებში თუ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმაც კარგად აჩვენა, რამდენად ღია და უხეში შეიძლება იყოს ამომრჩეველზე საინფორმაციო, პოლიტიკური ზეწოლა უცხოეთიდან. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ზემოქმედების განსაკუთრებული რისკები არსებობს არარეზიდენტი მოქალაქეების მიმართ, ანუ უცხო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც უცხო იურისდიქციის და პოლიტიკური გარემოს გავლენის ქვეშ იმყოფებიან, სადაც სახელმწიფო ვერ ახორციელებს ჩარევის პრევენციას.ამასთან, არარეზიდენტი მოქალაქეების შემთხვევაში მაღალია საინფორმაციო მანიპულირების საშუალებები. ზოგადად, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ გარემოზე, საზოგადოებრივ საჭიროებებზე ადამიანი ორი წყაროდან იღებს ინფორმაციას – ერთი ეს არის მედია, საიდანაც ადამიანი ინფორმაციას უფრო გაფილტრულად, სარედაქციო პოლიტიკის შესაბამისი ინტერპრეტაციით იღებს, და არის ე.წ. გაუფილტრავი ინფორმაცია, რომელსაც ადამიანი პირადად, საზოგადოებასთან თუ სახელმწიფოსთან ინტერაქციაში იღებს.დეზინფორმაციისა და ცრუ ნარატივების ეპოქაში ამ ორი წყაროდან მიღებული ინფორმაცია, შესაძლოა, რადიკალურად ურთიერთსაპირისიპირო იყო. ეს გარემოება ზრდის ქვეყანას ფიზიკურად მოწყვეტილი მოქალაქის მხრიდან არაინფორმირებული არჩევანის გაკეთების რისკს. შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ხმის მიცემის წესის დამკვიდრება ზრდის არჩევნების მედეგობას, ამცირებს გარე მოთამაშეების გავლენას და უზრუნველყოფს უფრო ადეკვატურ, ინფორმირებულ არჩევანს. ეს მოდელი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მოქმედებს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ირლანდია, მალტა, ისრაელი, სომხეთი. კიდევ ერთხელ ხაზი რომ გავუსვათ, არაფერი იცვლება საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების საარჩევნო უფლებაში. როგორც აქამდე, საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება არჩევნებში ხმის მიცემის სრული უფლება და შესაძლებლობა. ერთადერთი პირობა არის ოთხ წელიწადში ერთხელ სამშობლოში ჩამოსვლა და ხმის მიცემა საქართველოში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება.როგორც პაპუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციები სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.„მეორე ბლოკი ეხება იმ ინსტიტუციური მოდელების გადახედვასა და კონსოლიდაციას, რომლებიც წლების განმავლობაში არსებობდა ფრაგმენტულად ან გარედან თავსმოხვეული მოდელების სახით. ჩვენი მიზანია მმართველობის სისტემის კონსტიტუციური ჩარჩოს გამყარება და სახელმწიფო რესურსების ოპტიმიზაცია.კორუფციასთან ბრძოლა ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით მთელი რიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. პროცესში ჩართულია მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტი, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო, პროკურატურა.ამ მხრივ ანტიკორუფციულ ბიუროს დღეს, არსებითად, დაკისრებული აქვს თანამდებობის პირების, პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დეკლარაციების შეგროვება და მონიტორინგი. მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად ჩამოყალიბდა საერთო ხედვა, რომ აღნიშნული ფუნქცია საჯარო მმართველობის კონსტიტუციურ ჩარჩოში უკეთ შეესაბამება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, როგორც უფრო მაღალ და უფრო დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს. ინიციატივის შესაბამისად, 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია უქმდება

საქართველოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია უქმდება.მისივე თქმით, მთავრობასთან კონსულტაციის შედეგად შემუშავებულია რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ინიცირდება. პაპუაშვილის ინფორმაციით, ცვლილებების მიღებას საქართველოს პარლამენტი წლის ბოლომდე გეგმავს.„საზოგადოებას შევახსენებ, რომ 2006 წლის ნოემბერში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ორგანიზებით ცხინვალის რეგიონში ჩატარდა არაკონსტიტუციური არჩევნები, რომლის შედეგადაც გამოცხადდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი და ჩამოყალიბდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობა. ამ ნაბიჯით იმჟამინდელმა ხელისუფლებამ სეპარატისტულ პროცესებს ირიბი ლეგიტიმაცია მიანიჭა, რაც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების აშკარა და მძიმე ღალატი იყო.რამდენიმე თვის შემდეგ, 2007 წლის ივნისში, კვლავ კონსტიტუციის დარღვევით შეიქმნა „დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია“, რომელიც დაფუძნდა იმავე არაკონსტიტუციური „ალტერნატიული მთავრობის“ ბაზაზე. ამ გადაწყვეტილებით ხელოვნურად აღდგა 1990 წელს გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვრები, რაც შემდგომში იქცა ერთ-ერთ ხელშემწყობ გარემოებად 2008 წლის რუსული სამხედრო აგრესიისა და საქართველოს ისტორიული რეგიონის – სამაჩაბლოს ოკუპაციისთვის.დღევანდელი გადასახედიდან ნათელია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები იყო გარე ძალების გეოპოლიტიკური თამაშის ნაწილი, რომელშიც საქართველოს „შესაწირი პაიკის“ როლი დაეკისრა. სააკაშვილის ხელით გატარებულმა პოლიტიკამ რეგიონში ვითარების ესკალაცია გამოიწვია და საბოლოოდ ქვეყანა ომამდე მიიყვანა.ამ ფონზე, საქართველოს პარლამენტის წევრებმა აღნიშნული გადაწყვეტილება შეაფასეს როგორც უხეში ღალატი საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, რაც აისახა კონსტიტუციურ სარჩელშიც, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადება. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ იმ ფონზე, როცა საქართველო წლებია მუშაობს არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ „სამხრეთ ოსეთის“ ტერმინის თუნდაც ირიბი გამოყენება იმთავითვე იყო კონსტიტუციის და ეროვნული ინტერესების ღალატი. არავითარი „სამხრეთ ოსეთი“ ქართულ სამართლებრივ თუ პოლიტიკურ სივრცეში არ არსებობს.შესაბამისად, მთავრობასთან კონსულტაციის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის“ გაუქმების შესახებ.აქვე, ხაზი უნდა გაესვას, რომ ფუნქციონირებას განაგრძობენ ახალგორის, ქურთის, თიღვისა და ერედვის მუნიციპალიტეტები, რომლებიც კონსტიტუციის სრული დაცვით არჩეულ იქნენ 2006 წელს. ეს მუნიციპალიტეტები არიან ერთადერთი ლეგიტიმურად არჩეული და მოქმედი ხელისუფლება ცხინვალის რეგიონში და ამით, საქართველოს სამართლებრივი და კონსტიტუციური ჩარჩოს ერთადერთი კანონიერი გაგრძელება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

„იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას…“ – მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის, მერაბ შარიქაძის ინტერვიუს შემდეგ მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს.,,მოგესალმებით,დიდ გაუგებრობას აქვს ადგილი და ვის სიამოვნებს თავის მართლება?! მაგრამ ისე გამოვიდა იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას და მათ, ვინც ნებით თუ უნებლიედ შეცდომაშია შესული.ჩემი ძმის და მეგობრის მერაბ შარიქაძის საქმესთან დაკავშირებით ჩემი სახელი და გვარი უკონტექსტოდ ფიგურირებს სოციალურ ქსელში. მე ამ საქმესთან არაფერი მაკავშირებს!გთხოვთ, გადაუმოწმებლად ნუ მომიხსენიებთ, მით უმეტეს ცუდ კონტექსტში!წარმატებებს ვუსურვებ მერაბს ახალ წამოწყებაში! ის თავის სიტყვას იტყვის!“, – წერს ლაშა ლომიძე.

ირაკლი ნადარეიშვილი – „იგლ ჰილსი“ განახორციელებს ბიზნესის მართვას, რადგან ეს მისი პრეროგატივაა, მაგრამ სახელმწიფოს თანხმობის გარეშე გარკვეული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, კომპანია „იგლ ჰილსთან“ მოლაპარაკებები ცხრა თვეზე მეტ ხანს გრძელდებოდა და ეს იყო საკმაოდ რთული, მაგრამ, ამავდროულად, საინტერესო პროცესი. ირაკლი ნადარეიშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ მოლაპარაკებების ნაწილში პროექტს მხარდაჭერას უწევდა ძალიან ძლიერი საერთაშორისო იურიდიული კომპანია.„ვფიქრობ, ასეთი მოდელი, სადაც სახელმწიფო არის პროექტის პარტნიორი,  ძალიან  საინტერესო შეიძლება იყოს მომავალშიც სხვადასხვა,  მათ შორის, ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტებისთვის,  სადაც ინვესტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს უშუალო მონაწილეობა – ეს ადგმევინებს მას გარკვეულ ნაბიჯებს“, – აღნიშნა ნადარეიშვილმა.პროექტებში სახელმწიფოს პასიური პარტნიორობის წარმატებულ მაგალითად მინისტრის მოადგილემ დაასახელა დაახლოებით ორი წლის წინ საქართველოში შემოყვანილი,  რეგიონში პირველი ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო ფონდი, რაც მანამდე საკმაოდ რთული და წარმოუდგენელი იყო. ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ამ პროექტშიც   მონაწილეობს სახელმწიფო, როგორც პასიური ინვესტორი და მისმა მონაწილეობამ განაპირობა სწორედ ის,  რომ დანარჩენი ინვესტორები არიან სრულად კერძო სექტორიდან, მათ შორის, ძალიან მაღალი კლასის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და რაც მთავარია, ამერიკული აქტივების მმართველი, რომელიც ტოპ-ხუთეულში შედის.„აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სპეკულაცია იმაზე, რომ სახელმწიფო შევიდა ბიზნესში და ასე შემდეგ, არის ნამდვილად ღიმილისმომგვრელი. „იგლ ჰილსის“ შემთხვევაშიც, ბიზნესის მართვას, რა თქმა უნდა, განახორციელებს თავად კომპანია,  ეს მათი პრეროგატივაა და მათი ცოდნის საფუძველი, თუმცა, სახელმწიფო წარმოდგენილი იქნება ყველა დონეზე – მაგალითად, სამეთვალყურეო საბჭოში, მმართველობითი მენეჯმენტის რგოლში, მაგრამ პასიური ფორმით. ამავე დროს, ჩვენ უზრუნველვყავით ისიც, რომ არის მთელი რიგი საკითხები, სადაც გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით  ანუ სახელმწიფოს თანხმობის გარეშე გარკვეული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

ბოლო სიახლეები