ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს ევროკავშირის გეგმებს საერთო თავდაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნულმა ალიანსის ოპერაციების დუბლირება არ უნდა მოახდინოს.
„თავდაცვის სფეროში ევროკავშირის უფრო მეტ ძალისხმევას მივესალმებით, მაგრამ ეს ნატოს ვერ ჩაანაცვლებს. ამან არ უნდა მოახდინოს ნატოს დუბლირება, რადგან ჩვენ ძალების ერთი ნაკრები გვაქვს. მწირი რესურსები გვაქვს“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
2 სექტემბერს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა სწრაფი რეაგირების ძალა უნდა შექმნას.
„ზოგჯერ არის მოვლენები, რომლებიც ისტორიის კატალიზაციას ახდენს, გარღვევას ქმნის და ვფიქრობ, რომ ავღანეთი ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა. სწრაფი რეაგირების ძალა ამის ნაწილი უნდა იყოს“, – აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.