სამწუხაროდ, მე იმ ახალგაზრდებზე დიდი მოლოდინი არ მაქვს, ვინც დაფინანსებული არიან და დატრენინგებული, მაგრამ იქ დაბულინგებული ბავშვიც ბევრი დგას, – განაცხადა ქუჩის აქციებში მონაწილე ახალგაზრდებზე საუბრისას „დღის ქრონიკაში“ ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა, რომელიც დღეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაში მონაწილეობდა და მისი შვილის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოიკითხა.
მისივე თქმით, გარკვეულ ახალგაზრდებს თანაკურსელები აბულინგებენ, რომ აქციებზე მათ გვერდით იდგნენ.
„აიძულებდნენ, რომ აი, შენ თუ იქ ჩვენს გვერდით არ დადგები, აბულინგებდნენ. გაუცნობიერებლებიც ბევრი დგანან, რომ წარმოდგენა არ აქვთ, რისთვის დგანან იქ და იქნებ, ასეთ ბავშვებზე მაინც ვიმოქმედოთ და ალბათ, ამ ყველაფერში ჩვენ დავიგვიანეთ, რადგან საგანმანათლებლო კუთხით არის შეცდომა დაშვებული. განათლების სისტემა აუცილებლად არის მისახედი. ეს ყველაფერი მომდინარეობს იქიდან, რომ თაობები გაგვეპარა – ჩვენ არ ვიმუშავეთ ამ ბავშვებზე იმ მხრივ ისე, რომ სიმართლე გაეგოთ მათ და ყველაფერი დროულად სცოდნოდათ. გაგვეგებინებინა, რასთან გვქონდა საქმე. თუნდაც, „ილიაუნი“, რომელიც აბსოლუტურად ურეცხავს ამ ბავშვებს სულს, ტვინს და აბსოლუტურად სხვა მიმართულებით მიჰყავთ ეს ახალგაზრდები. ამას აუცილებლად უნდა მიეხედოს. ყველაფერი უნდა ვეცადოთ, რომ ეს თაობები დავიბრუნოთ“, – აღნიშნა ია მეტრეველმა.