ორშაბათი, მარტი 16, 2026

იაპონიის ზოოპარკი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

იაპონიაში იჩიკავას ზოოპარკის თანამშრომლები მაკაკა პანჩის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებენ. ზოოპარკის დირექციის განცხადებაში წერია, რომ პანჩის გამო ახლა ნერვიულობა აღარ არის საჭირო, რადგან  მაკაკა უკვე ნაკლებად არის სხვა მაიმუნების მხრიდან აგრესიის მსხვერპლი. ამის შესახებ წერს Daily Star.

პანჩი, პატარა იაპონური მაკაკა, ინტერნეტვარსკვლავი მას შემდეგ გახდა, რაც გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ ეხუტებოდა ის ძველ, ფუმფულა სათამაშო-მაიმუნს, მას შემდეგ რაც  დედამ მასზე უარი თქვა. პანჩის სხვა მაიმუნებთან შეგუებაც გაუჭირდა. სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ აგრესიულად ექცევიან მას ზრდასრული მაკაკები. რის შემდეგაც შეშინებული პანჩი დასამალად მის ერთადერთ მეგობართან, სათამაშო ორანგუტანგთან გარბის.

კადრებმა, სადაც ის სათამაშოს ისე ებღაუჭება, როგორც დედას, მილიონობით ადამიანის თანაგრძნობა გამოიწვია.

ამჯერად კი, ზოოპარკის თანამშრომლები პანჩის გულშემატკივრებს მიმართავენ და სთხოვენ, რომ მაკაკაზე ნერვიულობა შეწყვიტონ.  მათი თქმით, მაკაკების მკაცრ იერარქიულ საზოგადოებაში ასეთი „ქცევა“ ნორმად ითვლება და აგრესია არ არის. თანამშრომლების განმარტებით, პანჩი სწავლობს ჯოგში ქცევის წესებს და ახლა მას უფრო და უფრო მეტი თანამოძმე უჭერს მხარს. ასევე იზრდება დრო, რომელსაც ის სათამაშოს გარეშე ატარებს.

ზოოპარკის ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ პანჩის ჯგუფიდან გამოყოფა არ შეიძლება, ეს მას ნორმალური ცხოვრების შანსს წაართმევს. მიუხედავად იმისა, რომ 8 მარტს რამდენიმე ზედმეტად აქტიური მაკაკი დროებით გადაიყვანეს სხვა ადგილზე, პატარა მაიმუნის მიმართ გადაჭარბებული აგრესიის გამო, მთლიანობაში პანჩის მდგომარეობა ნორმალურად მიიჩნევა.

თანამშრომლებს სურთ, რომ საბოლოოდ პანჩმა შეძლოს სათამაშოს გარეშე ყოფნა და ღამით სხვა მაიმუნებთან ერთად დაძინება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – გვსურს, საქართველომ გააგრძელოს ევროპულ გზაზე ყოფნა და ვნახოთ, როგორ აისახება მისი მოქალაქეების ნება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში

ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ საქართველომ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები მისი დემოკრატიის, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების დაცვის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოანა-სილვია ცოიუმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.მისივე თქმით, რუმინეთს სურს, საქართველომ ევროპულ გზაზე ყოფნა გააგრძელოს.„ჩვენ ვართ მეზობლები შავი ზღვით და ამ გაგებით, ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწერა სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან. ჩვენ გვსურს, საქართველომ გააგრძელოს ევროპულ გზაზე ყოფნა და ვნახოთ, როგორ აისახება მისი მოქალაქეების ნება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შავი ზღვა ასე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ევროპის უსაფრთხოების კუთხით, არამედ ენერგოტრანსპორტირების, ინფრასტრუქტურისა და წყალქვეშა საკაბელო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისითაც“, – განაცხადა ცოიუმ.

კესტუტის ბუდრისი – ე.წ. უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის ბოროტად გამოყენება საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას იწვევს

ე.წ. უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის ბოროტად გამოყენება საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას იწვევს, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.მისივე თქმით, საქართველოში არსებული მდგომარეობის გაუარესება შეშფოთების საგანია.„საქართველოში არსებული მდგომარეობის გაუარესება, რა თქმა უნდა, შეშფოთების საგანია და ჩვენ მას დღეს განვიხილავთ. ე.წ. აგენტების აქტის ბოროტად გამოყენება საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას იწვევს. მოუთმენლად ველი ჩემს კოლეგებთან დისკუსიას იმაზე, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბუდრისმა.

ხავიერ ბეტელი – საქართველოს საკითხზე არაფერი შეცვლილა, მე კვლავ მაქვს კონტაქტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან და ვწუხვარ, რომ ახლა ისინი უფრო ახლოს არ მოდიან

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრ ხავიერ ბეტელის თქმით, მას ჯერ კიდევ აქვს კონტაქტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, თუმცა მიაჩნია, რომ საქართველო ევროპულ გზაზე წინ აღარ მიიწევს.ბეტელის განცხადებით, საქართველოსთან მიმართებით ბოლო პერიოდში არაფერი შეცვლილა.„საქართველოზე შეკითხვას ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს ყველა შეხვედრაზე მისვამთ, მაგრამ ამ საკითხზე ბოლო პერიოდში არაფერი შეცვლილა. პრობლემა ისევ არსებობს და არსად წასულა. მე კვლავ მაქვს კონტაქტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან და მე ვწუხვარ, რადგან ეს იყო ევროპული გზა, თუმცა ახლა ისინი უფრო ახლოს არ მოდიან და ეს პრობლემაა“, – განაცხადა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დონალდ ტრამპი – ნატო-ს მომავლისთვის ძალიან ცუდი იქნება, თუ მოკავშირეები ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოებას არ დაეხმარებიან

„ნატო-ს მომავლისთვის ძალიან ცუდი იქნება“, თუ მოკავშირეები ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოებას არ დაეხმარებიან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფაინენშელ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.„პასუხი თუ არ იქნება ან უარყოფითი იქნება, ვფიქრობ, ეს ნატო-ს მომავლისთვის ძალიან ცუდი იქნება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.დონალ ტრამპს მიმართეს, დაეკონკრეტებინა საჭირო დახმარება, რაზეც მან უპასუხა: „ნებისმიერი“.ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მოკავშირეებმა უნდა გაგზავნონ ნაღმოსნები, რომლებიც ევროპას გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე აშშ-ს.„ჩვენ გვაქვს ნატო. ჩვენ ძალიან კეთილები ვიყავით. არ ვიყავით ვალდებული, მათთვის დახმარება გაგვეწია უკრაინის საკითხში. უკრაინა ჩვენგან ათასობით მილის დაშორებითაა… მაგრამ ჩვენ დავეხმარეთ მათ. ახლა ვნახოთ, დაგვეხმარებიან თუ არა ისინი, რადგან დიდი ხანია, ვამბობ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვიქნებით, მაგრამ ისინი ჩვენ გვერდით არ იქნებიან. დარწმუნებული არ ვარ, რომ ისინი იქ იქნებიან“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

შალვა პაპუაშვილი – ვნახეთ, როგორ ესხმიან თავს საქართველოს, მის დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უფლებას, ერთ-ერთი ასეთი გამოვლინებაა ბრიუსელიდან სხვადასხვა ტიპის განცხადებები

გრძელდება თავდასხმა საქართველოზე, ქართულ საზოგადოებაზე, ქართული საზოგადოების ნებაზე, რომ საკუთარი ქვეყანა მოაწყოს ისე, როგორც სურს. ამ დღეებში რასაც ვუყურებთ, ეს არის სწორედ სუვერენიტეტის გამოცდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.პაპუაშვილის თქმით, ვნახეთ, სხვადასხვა მეთოდით როგორ ესხმიან თავს საქართველოს, მის დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უფლებას და ერთ-ერთი ასეთი გამოვლინება არის ბრიუსელიდან სხვადასხვა ტიპის განცხადებები, თუ შეკრებები.„ბრიუსელი თავისი საგარეო მინისტრების ფორმატში, საბჭოს ფორმატში, ნებისმიერ ფორმატში ვიდრე მკვეთრად და ცხადად არ დაგმობს 4 ოქტომბრის ძალადობას და თავდასხმას პრეზიდენტის სასახლეზე, რომელსაც წინსწრებით მხარდაჭერა გამოუცხადა ევროკომისიამ, მისი პრესსპიკერის სახით, მანამდე მათი არცერთი სიტყვა არ არის ღირებული ქართული საზოგადოებისთვის. ევროკომისიამ, მისი პრესსპიკერის პირით, მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოში ძალადობას, ნეპალის სცენარს, ხელისუფლების დამხობას, ხუთი თვე გავიდა და არ გვესმის ერთი სიტყვაც კი, ისეა გატრუნული ყველა ბრიუსელში, რა თქმა უნდა, ნებისმიერი მათი განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით სწორედ ამ კონტექსტში უნდა დავინახოთ, როგორც გაგრძელება საქართველოში ანტიდემოკრატიული ძალების მხარდაჭერის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები