ახლა ის დროა, ვფიქრობ, გახარია და „ლელო“ პოლიტიკურ კარიერას საერთოდ ეჭვის თვალით უყურებდნენ და რამე უფრო საინტერესო დაიწყონ ცხოვრებაში, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ არ იარსებებს.
„ჩემი აზრით, არანაირი რვა პარტია არ არსებობს და არც არსებობდა, ესენი იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ განაყოფები. როგორც იცით, ამ არჩევნების მერე „ნაცმოძრაობა“ არ იარსებებს და მგონი, ის ხალხი, რომელიც „ნაცმოძრაობის“ რადიკალური მხარდამჭერი იყო, ეცდება მოძებნოს ახალი ბელადი სავარაუდოდ იმ ხალხისგან, რომლებიც ახლა ციხეში სხედან. შესაბამისად, ახალ გადაჯგუფებას ველოდები. ველოდები, ერთი მხრივ, რადიკალური ამომრჩევლის მოსაბილიზებელ დაჯგუფებას, როგორიც პირობითად სამართალმემკვიდრე იქნება „ნაცმოძრაობის“. ხოლო დანარჩენს რაც შეეხება, ახლა ის დროა, ვფიქრობ, გახარია და „ლელო“ პოლიტიკურ კარიერას საერთოდ ეჭვის თვალით უყურებდნენ და რამე უფრო საინტერესო დაიწყონ ცხოვრებაში“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვინ იგულისხმებოდა ბელადებში, ხვიჩიამ აღნიშნა, რომ ისინი ნიკა მელია და ზურაბ ჯაფარიძე შეიძლება იყვნენ.
„ჩემი აზრით, ასეთი ალბათ უფრო ორი ადამიანია, ერთი ნიკა მელია, რომლის ძირითადი ხმები იყო ის, რაც „ახალმა“ მიიღო. მეორე ზურა ჯაფარიძე, როგორც „ნაცამომრჩევლისთვის“ მისაღები ფიგურა. ძირითადად ეს არის, რასაც ვუყურებ და ამ ორიდან რა კოლაბორაცია გამოვა, არ ვიცი. აქამდეც არ იყო ეს კოლაბორაციები წარმატებული, მაგრამ ვფიქრობ, „ნაცამომრჩეველი“ ამ ორისკენ გაიწევს და ასე ეცდებიან, დაალაგონ პოლიტიკური სპექტრი“, – აღნიშნა ხვიჩიამ.
იაგო ხვიჩიამ „გირჩის“ სამომავლო როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიის მხრიდან გაგრძელდება საზოგადოებისთვის საღი აზრის ჩვენება.
„ჩვენი თავი წარმოგვიდგენია იმის გასაგრძელებლად, რასაც აქამდე ვაკეთებდით. გავძლიერდეთ და ვეცადოთ, საზოგადოებას საღი აზრი ვაჩვენოთ. როგორც „ქოცებთან“ დაპირისპირების გზა, არა როგორც ემოციები, ბღავილი, მარში ან ცეკვა, არამედ პოლიტიკური შინაარსის აზრი. აზრი, რომელიც საზოგადოებას აჩვენებს, რომ ის საქართველო უკეთესია, რომელიც ჩვენ გვინდა გავაკეთოთ, ვიდრე რომელსაც „ქოცები“ აშენებენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რევოლუცია ორგანიზებული იყო „ქართული ოცნების“ მიერ ისე, რომ მას არანაირი პერსპექტივა არ ჰქონოდა.
„ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება, რომელმაც დააორგანიზა ეს ივენთი და თავისი აგენტების ან სასარგებლო იდიოტების მეშვეობით ქართველ ხალხს არჩევნები მოჰპარა. მგონია, ეს ყველაფერი დაიგეგმა „ქართული ოცნების“ ოფისში და აღმასრულებლები ის ადამიანები არიან, ვისაც საზოგადოება ხედავს. სამწუხაროდ, აღმასრულებელზე გადავა ეს პასუხისმგებლობა და არა შემკვეთზე. ჩვენ ამაზე დიდხანს ვსაუბრობდით. ვაფრთხილებდით მოსახლეობას, არ ჭამოთ ეს, რასაც პოლიტიკოსები ცდილობენ გაჭამონ. საკენკი დაეყარა ქართულ საზოგადოებას, აზრი არ აქვს არჩევნებს, მოდი, რევოლუცია ვცადოთ, რევოლუცია კიდევ ორგანიზებული იყო „ქართული ოცნების“ მიერ ისე, რომ მას არანაირი პერსპექტივა არ ჰქონოდა.
ერთ-ერთი შემთხვევით მოხვედრილი ადამიანი, რომელიც არის ამ ყველაფერში, პაატა მანჯგალაძეა. ვინც მას იცნობს, ყველამ იცის, რომ არანაირი რევოლუციონერი არ არის. თუ ასე მიმდინარეობს დანარჩენი მართლმსაჯულებაც, ვერასდროს გავარკვევ ვინ დამნაშავეა, ვინ მონაწილეობდა, ვინ შეცდომით არის ამაში გარეული. თუმცა, ძირითადად ალბათ ის ხალხი იქნება, ვისაც ბოლო პერიოდში ამ პროცესების გამო ხშირად ვხედავდით ტელევიზორში. ჩემი აზრით, მთელი ეს პროცესი შეთანხმებული იყო, ზოგი სასარგებლო იდიოტების და შეთანხმებულების მეშვეობით. ვინ ვინ არის, მე ამის ზუსტი გარკვევა არ შემიძლია“, – აღნიშნა ხვიჩიამ.