თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება-არმიღებაზე საუბარი და ამ თემის გარკვევა ამ დრომდე რომ არ მორჩა, ეს ნიშნავს იმას, რომ ამწუთას რაც მიმდინარეობს, ეს ყველაფერი მიმდინარეობს ხელისუფლების სცენარით, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
`მაგალითისთვის, ერთი პოლიტიკური პარტია იძახის, მე არ მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას და ვინც მიიღებს, ყველა არის დაწყევლილიო; მეორე იძახის, მე ჯერ არ ვიცი, ლეგიტიმაციას არ მივცემო, მაგრამ თან არ ამბობს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას; მესამე რეგიონში ოფისებს ხსნის და საბოლოო ჯამში, არავინ არ ლაპარაკობს, თუ გადის ოპოზიცია არჩევნებზე მოსაგებად, მაშინ რა ტაქტიკით და მეთოდით გადის, რას ჰპირდება მოსახლეობას, ვინ არის მათი კანდიდატი მერობაზე და ა.შ. მე რომ ვუყურებ ამ სიტუაციას, ამ სცენას რომ ვუყურებ, რაც არის, მჯერა შინაგანად, რომ ამ ყველაფერში, რაც ახლა ხდება, „დურდომში”, რაც მოწყობილია, „ქართული ოცნება” ფულს გადაიხდიდა. მე მგონია, რომ ამაში ფულს გადაიხდიდა, ან ვიღაც ისეთი დეგენერატია მეორე მხრიდან, რომ ამას უფასოდ აკეთებს. შესაბამისად, ველოდებით, სადამდე მივა ეს პროცესი”, – განაცხადა ხვიჩიამ.
ამ განცხადებით იაგო ხვიჩიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა აძლევს იმის საფუძველს, რომ სხვა ოპოზიციური პარტიები პოლიტიკურ ბულინგს ექვემდებარებიან, მაგრამ ისინი დაძლევენ და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის სურვილს აღარ დამალავენ, რადგან „მართალია, ჯერჯერობით, საზოგადოებას დადასტურება არცერთი პარტიისგან არ მოუსმენია, თუმცა უმრავლესობა ამბობს, რომ რეგიონულ ოფისებში მზადება დაწყებულია და შესაძლებელია, „ლელომ” მიიღოს მონაწილეობა და ასევე, გახარიამაც“.
როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, საარჩევნო პროგრამაზე მხოლოდ „გირჩი“ ფიქრობს და უნდათ, რეალურ პრობლემებზე საუბარი დაიწყონ, მაგრამ ხედავენ, რომ ამაზე საუბრის დაწყება მათ გარდა არავის არ უნდა.
„ანუ ფიზიკურად, მოედანზე დგახარ და მარტო ბურთს კენწლავ, რადგან არავინ არ თამაშობს და სხვასაც არ უთმობენ ადგილს. რომ გავიდნენ და თქვან, ჩვენ დავამთავრეთ პოლიტიკური მოღვაწეობა, წავედით, დაგემშვიდობეთ ხალხო, კარგად იყავითო, ამასაც არ ამბობენ. ამბობენ იმას, მაგალითად, როგორ გითხრათ, ლუდის ბოთლით გვინდა მოედანზე სირბილი, ანუ, თამაში კი არ გვინდა, არამედ გვინდა, რაღაც სხვა ვაკეთოთო“, – განაცხადა ხვიჩიამ.
მისი თქმით, ყველაფერი შეიძლება, სისულელით აიხსნას, მაგრამ მას არ სჯერა, რომ ეს მარტო სისულელით ახსნადი ამბავია და ფიქრობს, რომ ეს არის შეთანხმებული თამაში ხელისუფლებისა და მათ მიერ მოსყიდული ოპოზიციის, რომ ხელისუფლებას გადააბარონ და აჩუქონ თბილისის მერის და დიდი ქალაქების არჩევნები.
„ეს გამოვა, თუ არ გამოვა, დამოკიდებულია იმაზე, რამეს მიხვდება თუ არა ქართველი ხალხი, რომელსაც, უკვე რამდენი წელია, ერთნაირად ატყუებენ და სტილსაც კი არავინ არ ცვლის ხალხის მოსატყუებლად, იმდენად გაუშინაურდნენ“, – განაცხადა ხვიჩიამ.
მაკა ცინცაძემ გადაცემის სტუმარს უთხრა, რომ ფაქტია, არსებობს მოლოდინი, რომ შესაძლოა, ოპოზიციის გარკვეულმა ნაწილმა თუნდაც, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გადაიფიქროს და მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, იგივე „ლელომ“ და გახარიას პარტიამ, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ „ლელო“ და გახარიას პარტია ნამდვილად მიიღებენ მონაწილეობას.
შეკითხვაზე, ამ შემთხვევაში როგორ უნდა აუხსნან ამ პარტიებმა თავიანთ ამომრჩეველს პოზიციის შეცვლა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ეს შეიძლება, სხვადასხვაგვარად ახსნან.
„ნუ, რა ვიცი, ქვეყნის გადარჩენის მოტივით, ასე გვთხოვენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ჩვენ გვინდა, რომ არ ჩამოვიქცეთ ფინანსურად, თუ რეგიონულ დონეზე, გავძლიერდეთ და ასე შემდეგ. უბრალოდ, არ ვიცი, როგორ უნდა წაიღონ უკან ის სიტყვები, რაც ნათქვამი აქვთ წინასწარ, არა მხოლოდ მათ, არამედ მათ ტელევიზიებს. მე მახსოვს, რომ „ლელოვიზიის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი და რუპორი, ქალბატონი ინგა გრიგოლია ღიად გამოდიოდა და ლანძღავდა იმ ხალხს, ვინც მიიღებდა მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და როგორ უნდა აიხსნას, რომ „ლელო“ მიიღებს ახლა არჩევნებში მონაწილეობას? აქედან უკან დახევა როგორ უნდა მოხდეს, მე არ მესმის მართლა, სიმართლე გითხრათ“, – განაცხადა ხვიჩიამ.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, აზიანებს ოპოზიციას და ფიქრობს, რომ ხელისუფლების ინტერესშია, ოპოზიცია დაზიანებული გავიდეს არჩევნებზე.
ამასთან, ხვიჩიამ თქვა, რომ ქალაქში ჭორები დადის, თითქოს, ის ოპოზიცია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, სალომე ზურაბიშვილის მერად დაყენებას ფიქრობს.
„მე ასეთი ჭორებიც გავიგე, მაგრამ ჩემი აზრით, როგორ გითხრათ, ეს იქნება ყველაზე სასაცილო რამ, რაც შეიძლება, მოხდეს. ეს არის ალბათ, გადაზღვევა იმის, რომ ოპოზიციამ არცერთ ვარიანტში არ მოიგოს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.