„მეძლევა შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის დადებითი დინამიკის შესახებ. მას შემდეგ, რაც ის ოჯახის თხოვნით გადაყვანილ იქნა თურქეთში მკურნალობის გასაგრძელებლად, იქიდანაც საიმედო ცნობებია და იმედი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად მოხდება ჯანმრთელობის აღდგენა,“ – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრისას განაცხადა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, თორნიკე რიჟვაძეს შესაბამისი მკურნალობა საქართველოშიც მიეწოდებოდა და სამკურნალოდ თურქეთში გადაყვანას არ საჭიროებდა, თუმცა ეს ოჯახის სურვილი იყო.
„[სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანა] ოჯახის თხოვნა იყო. მათაც, რა თქმა უნდა, კარგად აეხსნათ, სრულფასოვნად მიეწოდათ ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ, თუმცა მათ მაინც ამჯობინეს, რომ მიეღოთ ეს გადაწყვეტილება, რასაც ბუნებრივია, ანგარიში გავუწიეთ. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ეს აუცილებლობით ნაკარნახევი ნამდვილად არ ყოფილა. ისიც შემიძლია ვთქვა, არ მგონია, რომ ის თურქეთში რაიმე სახით გაუმჯობესებულ მკურნალობას იღებს. ჩვენი ექიმების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ძირითადი და ყველაზე კრიტიკული პრობლემები, რაც არსებობდა, გადავლილია. პირველ რიგში, ეს საგარეჯოში ჩატარებული ოპერაციის შედეგად. იქაურ სამედიცინო პერსონალს მადლობა უნდა გადავუხადო სწორად წარმართული პროცესისთვის და შემდგომ, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ეს კრიტიკული დღეები, რომელიც პრობლემას წარმოადგენდა, აბსოლუტურად უნაკლოდ იქნა მართული. ამან მოიტანა კიდეც რეზულტატი და პრაქტიკულად მდგომარეობა, რომელიც გუშინ საღამოს დაახლოებით ამ დროს ვნახეთ, იყო დამაიმედებელი. ამანაც გააჩინა შესაძლებლობა, რომ გადაყვანა მომხდარიყო. პარამეტრები რომ არ გაუმჯობესებულიყო, ტრანსპორტირება პრობლემა იქნებოდა“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.