„ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ღიად და პირდაპირ ქადაგებს ანტილიბერალურ დემოკრატიულ იდეოლოგიას“, – ასე ეხმაურება საქართველოს თავდაცვის ექსმინისტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინა ხიდაშელი მოძრაობა „ხალხის ძალის“ გაფართოებას.
მისი თქმით, მოძრაობა „ხალხის ძალამ“ რუსეთთან 30 წლიანი ომის შემდეგ იპოვა მთავარი მტერი – აშშ.
„ასეთია თუ ისეთი „ქართული ოცნება“, ის პრაქტიკულად მთელი ამ ხნის განმავლობაში სიჭრელით გამოირჩეოდა, რაც შესაძლებლობას აჩენდა ბოლომდე – შავბნელი, ულტრამემარჯვენე, ნაცისტური მოძრაობა არ გამხდარიყო. თუ კი ეს „ხალხის ძალა“ რეალურად ივანიშვილის მიერ არის ჩაფიქრებული, როგორც მისი შემდეგი პოლიტიკური პლატფორმა, მაშინ ეს სრული კატასტროფაა. ჩვენ სახეზე გვაქვს იმ ტიპის პოლიტიკური პარტია, რომელმაც რუსეთთან 30 წლიანი ომის შემდეგ მთავარი მტერი იპოვა და მას აშშ დაარქვა. ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ღიად და პირდაპირ ქადაგებს ანტილიბერალურ დემოკრატიულ იდეოლოგიას ქვეყანაში.
ჯაფარიძე, ხუნდაძე, სოზარ სუბარი, დიახ, ისინი იდეოლოგიურად სწორედ იქ იყვნენ ყოველთვის, რაზედაც დღეს საუბრობენ, ეს არ არის მათი მხრიდან რაღაც დაყენებული ტექსტები. ბატონმა ივანიშვილმა გადაწყვიტა ითამაშოს ორივე ფლანგზე, როგორც რუსეთის, ასევე, დასავლეთის. „ხალხის ძალას“ კი აქვს შანსი არჩევნებზე გადალახოს ბარიერი“, – აცხადებს თინა ხიდაშელი.