„ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება იმის მისაღწევად, რომ საქართველოს კონსტიტუციიდან 78-ე მუხლი გააქროს, ამიტომ მე ველოდები, რომ ამ მოსუფთავებულ ველზე ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” დამფუძნებელმა თინა ხიდაშელმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.
ხიდაშელის თქმით, არჩევნების ჩანიშვნით ბიძინა ივანიშვილი ასევე მიიღებს ლეგიტიმაციას, რომელიც ასე აკლდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
„მე ველოდები, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ მოვლენებით ისარგებლებს და აუცილებლად დანიშნავს საპარლამენტო არჩევნებს ამ მოსუფთავებულ ველზე და იმას, რაც აკლია ყველაზე მეტად გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ – ლეგიტიმაცია – ამას მოიპოვებს და ამას მიიღებს.
„ორი ამოცანა აქვს „ქართულ ოცნებას“ გადასაწყვეტი და საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება ამის მისაღწევად – ერთი იმისთვის, რომ რაც უნდა, როცა უნდა იმ ტიპის გადაწყვეტილებები მიიღოს და მეორე – მას სჭირდება 78-ე მუხლის გაქრობა საქართველოს კონსტიტუციიდან. ამიტომ, მე ველოდები, რომ მარტო არჩევნებს კი არ დანიშნავს, იმ არჩევნებთან ერთად ან პლებისციტი ან რეფერენდუმი დაინიშნება საქართველოში, სადაც ეს საკითხი დადგება დღის წესრიგში და სადაც ასე „წარმატებულად“ გაგვინულებს სამართლებრივ მოცემულობას, რომელსაც ახლა ჩაბღაუჭებული ვართ და რომლის გადასარჩენადაც ვიბრძვით“, – აღნიშნა ხიდაშელმა.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ოპოზიცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის ფუნდამენტურად აცდენილია მთავარ პრობლემებს. მისივე თქმით, ერთმანეთთან ქიშპის დრო არ არის, რადგან ქვეყანა არის გადასარჩენი.
„თუ საქართველოში ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები, პოლიტიკური ძალები, ორგანიზაციები ფიქრობენ იმას, რასაც მე ვფიქრობ, რომ ქვეყანა არის გადასარჩენი რუსეთის მიერ გადაყლაპვისგან, მაშინ მე მგონია, რომ ეს იმ მასშტაბისა და ისეთი ტიპის ამოცანაა, სადაც სხვა რამის დრო უბრალოდ არ არის. ბრძოლა არის იმ ტიპის, იმ მასშტაბის, იმ ფორმატის, იმდენად დიდ რესურსს მოითხოვს, რომ სხვა რამისთვის დრო არ არის. ჩვენ ერთდროულად ვებრძვით თბილისში დაბუდებულ რუსეთს და რუსეთში არსებულ რუსეთს. ასე არ არის, რომ რადგან ბიძინა ივანიშვილი მოსკოვის დაკვეთებს ასრულებს, თვითონ მოსკოვი აღარ გვებრძვის.
მე მგონია, რომ ფუნდამენტურად აცდენილია მთავარს ქართული პოლიტიკური ოპოზიციური სპექტრი. იმის მერე, რაც ქვეყანას გადავარჩენთ და თუ გადავარჩენთ, წინ გვექნება დემოკრატიულად ჩასატარებელი არჩევნები, როდესაც სამართლიან გარემოში, თავისუფალი მედიის პირობებში ამ პოლიტიკურმა ძალებმა უნდა დაუმტკიცონ ამომრჩეველს, რომ ჯობიან სხვებს. ქართველი ხალხი გადაწყვეტს, ვის მისცეს ხმა და ვის არ მისცეს, მაგრამ დღეს ქვეყანა არის გადასარჩენი.
ძალიან სერიოზული პრობლემა აქვს პოლიტიკურ კლასს, ძალიან სერიოზული პრობლემა აქვს პროტესტს იმიტომ, რომ რაც არ უნდა იძახონ, პოლიტიკოსები არ გვინდაო, ქუჩაში ხალხი გამოსულია სახელისუფლებო ცვლილებისთვის, სახელისუფლებო ცვლილება კი პოლიტიკური პროცესია და ის პოლიტიკური პარტიების გარეშე არ არსებობს. რაც უფრო სწრაფად გააცნობიერებენ ამას პარტიებიც და იქ მყოფი ხალხიც, რაც უფრო სწრაფად შედგება კონსენსუსი, მით უფრო სწრაფად გახდება შესაძლებელი ამ კრიზისის დაძლევა, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით“, – განაცხადა ხიდაშელმა.