“ნაციონალური მოძრაობის” აღიარებად აფასებს “ქართული ოცნება” ანა წითლიძის განცხადებას, რომელმაც ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, რომ მისმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებზე 200 000 ხმა მიიღო.
“ნაციონალურ მოძრაობაში” კი აცხადებენ, რომ ანა წითლიძის განცხადებაზე მსგავსი შეფასებები, სიტყვებზე გამოკიდებაა.
“შეუძლიათ ადამიანებს სიტყვებზე გამოეკიდონ და მოახდინონ მისი ინტერპრეტირება. ამ საარჩევნო შედეგს არ ენდობა არც საქართველოს მოქალაქე და არც საერთაშორისო პარტნიორი.
რა ციფრებიც უნდოდა ბიძინა ივანიშვილს ის დაწერა ამ არჩევნებში. ამას ფიქრობს არა მხოლოდ ანა, არამედ საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა”, – აცხადებს პარტიის ”ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.
პარტია ”ლელო – ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლანა გალდავა კი აცხადებს, რომ ეს კონკრეტული ადამიანის განცხადებაა, ხოლო მათ პარტიას აქვს მტკიცებულებები, რიომ “არჩევნები, შედეგების თვალსაზრისით, იყო გაყალბებული”:
“ეს გახლავთ კონკრეტული პიროვნების განცხადება. რაც შეეხება “ლელო – ძლიერ საქართველოს”, ჩვენ უამრავი მტკიცებულება გვაქვს საარჩევნო უბნებზე ძალიან მძიმე დარღვევების ფაქტებზე.
პროცესები, რომელიც ხდებოდა სასამართლო უწყებებში და ცესკოს საოლქო კომისიებში, გახლავთ მთლიანი მოცემულობა იმისა, რომ გვქონდა საუბრის საფუძველი – არჩევნები, შედეგების თვალსაზრისით, იყო გაყალბებული”, – განაცხადა ლანა გალდავამ.