„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ქართველმა ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ახალი არჩევნები და სახალხო პროტესტს აერთიანებს სწორედ ახალი არჩევნების ჩატარებისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა.
ბოკუჩავას თქმით, სასურველია, რაც შეიძლება შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდეს არჩევნები და ეს არის ბრძოლის ნაწილი.
„ივანიშვილის ჯიბის პროკურატურის გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის, ქვეყანაში იქნება თუ არა ახალი არჩევნები. ეს არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი და ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ხედავთ, რომ საყოველთაო ეროვნული პროტესტის მოთხოვნა არის სწორედ ახალი არჩევნები ივანიშვილის, სუს-ის და მის მიერ კონტროლირებადი ცესკო-ს გარეშე და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ეს არის ორად ორი მოთხოვნა, რომელიც აერთიანებს საყოველთაო, სახალხო პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით და შესაბამისად, ივანიშვილის ჯიბის პროკურატურას არანაირი წვლილი არ მიუძღვის ამ გადაწყვეტილებაში.
ეს გადაწყვეტილება მიიღო ხალხმა და ის მაინც აღსრულდება, უბრალოდ, აქ საუბარია ვადებზე და ჩვენი სურვილი, მოთხოვნა და ბრძოლის ნაწილია, რომ რაც შეიძლება შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდეს არჩევნები, რათა აღარც ერთი ადამიანის უფლება არ იყოს დარღვეული ივანიშვილის რეპრესიული მანქანის მხრიდან“, – განაცხადა თინა ბოკუჩამ.
ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპზე უკვე ჩატარებულია 800-მდე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო ექსპერიმენტი და დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.
უწყების განმარტებით, სასამართლოში დაკითხვისას მოწმეთა უმეტესმა ნაწილმა გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი სახის მტკიცებულება და მათი არგუმენტაცია მხოლოდ მესამე პირების მიერ მიწოდებულ დაუზუსტებელ ინფორმაციას ეყრდნობოდა, ცალკეულმა მოწმეებმა კი გამოძიებას განუცხადეს, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები არჩევნების გაყალბების კონკრეტულ ფაქტებზე ემსახურებოდა პრევენციულ ღონისძიებას.
ამასთან, პროკურატურაში აცხადებენ, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტებით და მასში მონაწილე საერთაშორისო ექსპერტების გამოკითხვით გამოირიცხა ერთი ამომრჩევლის მიერ განმეორებითი თუ მრავალჯერადი ხმის მიცემის შესაძლებლობა.