ფაქტია, რომ კიდევ უფრო გამკაცრდება სანქციები ივანიშვილის რეჟიმის მიმართ და კიდევ უფრო გაიზრდება წნეხი მათ მიმართ, რომ ქართველმა ხალხმა დააბრუნოს საქართველო კონსტიტუციურ სივრცეში და იმ ცივილიზაციურ არჩევანში, საიდანაც ივანიშვილმა ეს ქვეყანა გაიყვანა, – ამის შესახებ „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
თეონა აქუბარდიას კითხვა დაუსვეს ესტონეთის პარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გუშინ მიღებულ განცხადებაზე.
„გარდა იმისა, რომ ესტონეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ბრძოლას დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის, ეს არის ქვეყანა, რომელმაც გაწყვიტა ურთიერთობები ივანიშვილის რეჟიმთან და, მათ შორის, საგულისხმოა, რომ შვედეთის შემდგომ მეორე ქვეყანაა, რომელმაც საპარლამენტო ურთიერთობებიც გაწყვიტა არალეგიტიმური პარლამენტისა და რეჟიმიდან გამომდინარე. მოწოდება სანქციებთან დაკავშირებით, ისევე როგორც დამატებითი მუშაობა ევროკავშირის ფარგლებში, არის იმ მხარდაჭერის გამოვლინება, რომელსაც ესტონეთი ქართველ ხალხს უცხადებს. შესაბამისად, რაც არ უნდა ბოდვითი აშლილობის ფრაზები მოვისმინოთ ივანიშვილის რეჟიმისგან, ფაქტია, რომ კიდევ უფრო გამკაცრდება სანქციები ივანიშვილის რეჟიმზე და კიდევ უფრო გაიზრდება წნეხი მათზე იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა დააბრუნოს საქართველო კონსტიტუციურ სივრცეში და იმ ცივილიზაციურ არჩევანში, საიდანაც ივანიშვილმა ეს ქვეყანა გაიყვანა“, – განაცხადა აქუბარდიამ.