„ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) რეზოლუცია კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი მარტოა, დისტანცირებული და იზოლირებული დასავლეთისგან, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
„ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ თავად დაეტოვებინა ევროპული ოჯახი, მათ შორის ევროპული პოლიტიკური გაერთიანება და მას შემდეგ ევროპაში არ არის არცერთი პოლიტიკური ოჯახი, რომელიც რეჟიმს მხარს უჭერს ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ. მიუხედავად იმისა, რომ EPP-ს წევრები არ გახლავართ, ვხედავთ იმ ორი ძირითადი მოთხოვნის გამეორებას, რომელიც საერთო სახალხო პროტესტის მთავარი გზავნილია – პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ახალი საპარლამენტო არჩევნები და ქვეყნის ევროპულ ტრაექტორიაზე დაბრუნება, რაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა და რაც იმეორებს მათ შორის PACE-ს რეზოლუციებს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი მარტოა, დისტანცირებული და იზოლირებული დასავლეთისგან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხის ბრძოლას, საბოლოო ჯამში, შედეგი მოჰყვება, მათ შორის იმ მხარდაჭერით, რომელიც არა მხოლოდ EPP-ს, არამედ მთლიანად ევროპული ქვეყნების მხრიდან ქართველ ხალხს აქვს“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.