ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი მოსახლეობას მიმართავს და აცხადებს, რომ ვაქცინა არის აბსოლუტურად უსაფრთხო და მას აქვს მინიმალური გვერდითი მოვლენები. ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ვაქცინის მისაღებად ქვეყანა დიდი ძალისხმევა დასჭირდა და თუ ის მოსახლეობამ არ გამოიყენა, ცუდი იქნება.
„მაშინ, როდესაც მთელი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ როგორმე ვიშოვოთ რაც შეიძლება მეტი ვაქცინა, ყველა ზომას მივმართავთ, ათასნაირ გზებს ვეძებთ და გამოიკვეთა იმის ალბათობა, რომ ვაქცინის საკმარისი რაოდენობა ქვეყანაში შემოვიდეს და ამ დროს კი, თუ შემოსული ვაქცინები მოსახლეობამ არ გამოიყენა, მაშინ მთელი ძალისხმევა იქნება ფუჭი.
მინდა მივმართო მოსახლეობას, რომ ეს არის მცდარი პოზიცია, ვაქცინა არის აბსოლუტურად უსაფრთხო. მას აქვს მინიმალური გვერდითი მოვლენები“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ თებერვლის ბოლოს ვაქცინა საქართველოში იქნება.
მთავრობამ კორონავირუსის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა.
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოში მხოლოდ ჯანმოს მიერ ავტორიზებული ვაქცინა შემოვა.
