კვირა, ივლისი 6, 2025

თენგიზ ცერცვაძე „კოვიდ-19“-ით კრიტიკულად მძიმე​ პაციენტებში მედიკამენტ „ტოცილიზუმაბის“ გამოყენების შესახებ წერილს ავრცელებს

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე „კოვიდ-19“-ით კრიტიკულად მძიმე​ პაციენტებში მედიკამენტ „ტოცილიზუმაბის“ გამოყენების ეფექტთან დაკავშირებით წერილს ავრცელებს.

ცერცვაძის თქმით, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალურმა სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში „ტოცილიზუმაბით“ მკურნალობა მოხსენიებულია, როგორც ახალი, სიცოცხლის გადამრჩენი მკურნალობა და დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გადაწყვიტა დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ქვეყნის კლინიკებში ამ მედიკამენტის ხელმისაწვდომობა.

როგორც ცერცვაძე აცხადებს, აღნიშნული მედიკამენტი საქართველოში პანდემიის ადრეული პერიოდიდან გამოიყენებოდა როგორც ერთ-ერთი ინოვაციური მიდგომა. ცერცვაძის თქმით, სასიხარულოა, რომ ამ მიდგომების სისწორე სერიოზული კვლევის შედეგებით დადასტურდა.

„პაციენტებში ა.წ. 7 იანვარს დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალურმა სამსახურმა (NHS) გამოაქვეყნა ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული დიდი კლინიკური კვლევის „REMAP-CAP“ წინასწარი შედეგები, რომლის მიხედვითაც, COVID-19-ით კრიტიკულად მძიმე პაციენტებში, მედიკამენტ ტოცილიზუმაბის გამოყენებამ 24%-ით შეამცირა ლეტალობის მაჩვენებელი და დაახლოებით 10 დღით შეამცირა პაციენტების ჰოსპიტალში დაყოვნების ხანგრძლივობა, რის გამოც პუბლიკაციაში ტოცილიზუმაბით მკურნალობა მოხსენიებულია, როგორც ახალი, სიცოცხლის გადამრჩენი მკურნალობა და დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გადაწყვიტა დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ქვეყნის კლინიკებში ამ მედიკამენტის ხელმისაწვდომობა.

ტოცილიზუმაბი წარმოადგენს IL-6-ის რეცეპტორის საწინააღმდეგო მონოკლონურ ანტისხეულებს და შეუძლია სერიოზული პოზიტიური გავლენა მოახდინოს ე.წ. „ციტოკინურ შტორმზე“, რაც COVID-19-თ პაციენტებში დაავადების დამძიმების და სიკვდილობის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია.

ჩვენ ჯერ კიდევ COVID-19-ს პანდემიის ადრეული პერიოდიდან COVID-19-ის სტანდარტულ მკურნალობასთან ერთად დავნერგეთ (ვიყენებთ) ახალ ინოვაციურ მიდგომებს – ტოცილიზუმაბიპლაზმაფერეზი, სისხლის ექსტრაკორპურული გაწმენდა სპეციალური სორბენტების გამოყენებით, კონვალესცენტის პლაზმა და სხვა, რამაც საშუალება მოგვცა გადაგვერჩინა არაერთი კრიტიკულად მძიმე ავადმყოფი. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ამ მეთოდზე ჯერ ფართომასშტაბიანი კლინიკური კვლევები დასრულებული არ არის და საბოლოო შედეგები არ დადებულა. თუმცა, მათი მოქმედების მექანიზმის გათვალისწინებით თითეული ეს მეთოდი კონკრეტულ პაციენტებში შესაძლოა სასარგებლო იყოს. რის გამოც აშშ FDA-ის ამ მეთოდებზე გაცემული აქვს გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენების ნებართვა (Emergency use authorization).

ტოცილიზუმაბი ძლიერმოქმედი პრეპარატია, აქვს მკაცრად განსაზღრული ჩვენებები და უკუჩვენებები. ამიტომ ამ მედიკამენტის დანიშვნა და გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი კომპეტენციის და გამოცდილების მქონე სპეციალისტების მიერ. ქვეყანაში მოქმედი პროტოკოლით მედიკამენტ ტოცილიზუმაბის გამოყენების შესაძლებლობა განხილულ უნდა იქნეს გადაუდებელ შემთხვევებში – კრიტიკულად მძიმე COVID-19-ით ავადმყოფებში მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში ე.წ. „ციტოკინური შტორმის“ დროს. კლინიკურ პრაქტიკაში ე.წ. „ციტოკინური შტორმის“ დროს ცალკეულ შემთხვევებში ტოცილიზუმაბის ალტერნატივად იყენებენ კორტიკოსტეროიდების მაღალ დოზებს – ე.წ. „პულს თერაპიის“ სახით, მაგრამ ეს მეთოდი ტოცილიზუმაბთან შედარებით გაცილებით ნაკლებ ეფექტიანია.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ჩატარებული ზოგიერთი რანდომიზებული კვლევების წინასწარი შედეგების მიხედვით ტოცილიზუმაბის გამოყენებამ COVID-19-ის სამკურნალოდ ვერ აჩვენა სარწმუნო ეფექტიანობა, რის გამოც ჩვენი ოპონენტები ხშირად გვაკრიტიკებდნენ ჩვენც და ჩვენს პროტოკოლებსაც. მაგრამ ჩვენ გვჯეროდა, რომ პაციენტების სწორად შერჩევის და მედიკამენტის სწორად გამოყენების შემთხვევაში ტოცილიზუმაბი შეიძლება, სერიოზული სარგებლის მომტანი ყოფილიყო და ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი მიდგომების სისწორე ასეთი სერიოზული კვლევის შედეგებით დადასტურდა“, – აღნიშნულია წერილში.

აქვე ცერცვაძე აღნიშნავს, რომ საქართველოს პირველმა არხმა სიუჟეტი მიუძღვნა 83 წლის კრიტიკულად მძიმე​ კოვიდინფიცირებულის სამკურნალოდ ტოცილიზუმაბისა და კონვალესცენტის პლაზმის წარმატებულ გამოყენებას.

„ჩვენ ჯერ კიდევ 2020 წლის 17 ივნისს გამოვაქვეყნეთ პოსტი, რომელშიც დეტალურად აღვწერეთ ტოცილიზუმაბის და კონვალესცენტის პლაზმის წარმატებული ერთობლივი გამოყენება 83 წლის კრიტიკულად მძიმე COVID-19-ით პაციენტთან (ე.ლ), რომელსაც აღენიშნებოდა ე.წ. „ციტოკინური შტორმი“ და სადაც ინტენსიური თერაპიის ყველა სხვა მეთოდი ეფექტს არ იძლეოდა. პაციენტი განიკურნა“,აღნიშნულ შემთხვევას ტელეკომპანია „პირველმა არხმა“ სპეციალური სიუჟეტი მიუძღვნა“, – აცხადებს ცერცვაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ილონ მასკი ახალ პოლიტიკურ პარტიას, „ამერიკის პარტიას“ აფუძნებს

ილონ მასკი ახალ პოლიტიკურ პარტიას, „ამერიკის პარტიას“ აფუძნებს. ამის შესახებ ინფორმაციას ის თავად ავრცელებს სოციალურ ქსელში.ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე მასკმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ონლაინ გამოკითხვა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნასთან დაკავშირებით. გამოკითხვაში უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის იდეას.„თქვენ გსურთ ახალი პოლიტიკური პარტია და მიიღებთ კიდეც! როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის გაკოტრებას ფლანგვითა და კორუფციით, ჩვენ ერთპარტიულ სისტემაში ვცხოვრობთ, არა დემოკრატიაში. დღეს ამერიკული პარტია შეიქმნება იმისთვის, რომ თქვენი თავისუფლება დაგიბრუნოთ“, – წერს მასკი X-ზე. 

ტრაგედია უცხოეთში – გიორგი ჯობავა საავადმყოფოშია! 30 000 დოლარის აპარატურა მოპარულია

ეკვადორში, ვლოგერი გიორგი ჯობავა საავადმყოფოში გადაიყვანეს.ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეუღლე სალომე წვერავა ავრცელებს.„სიტყვებს ვერ ვუყრი თავს, ეკვადორში გიო გაძარცვეს, 30 000 დოლარის ტექნიკა არის გატანილი მისი სახლიდან.. გიო კლინიკაში გადაიყვანეს. მის ჯანმრთელობას ახლა საფრთხე არ ემუქრება...მთავარია ცოცხალია! მთავარია კარგად არის! დანარჩენს ეშველება!მე განადგურებული ვარ… იმედი მაქვს და მჯერა რომ ყველაფერი იქნება კარგად… მთავარია ჯანმრთელად დაბრუნდეს ჩემთან, რომ ჩავეხუტო და კიდევ ერთხელ ვუთხრა რომ ყველაფერი კარგად იქნება!!! რომ ყველაფერი რამაც გაგვყო დროებითია, და არ არსებობს არაფერი რაც არ გამოვა...რადგან ამ ამბის დასასრული გამარჯვებაა,რადგან ამ ამბის დასასრულიც დასაწყისია…! - წერს გიორგი ჯობავას მეუღლე და ვიდეო მიმართავს ავრცელებს.

რატომ აცხოვრებს მერაბ დვალიშვილი უსასყიდლოდ, თავის სახლში ქართველ და უცხოელ მებრძოლებს – სპორტსმენის პასუხი

„პანენკა“ სოციალურ ქსელში UFC-ის ქართველი ჩემპიონის, მერაბ დვალიშვილის ინტერვიუდან ნაწყვეტს გვიზიარებს, სადაც ის სხვა სპორტსმენების საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე საუბრობს.„მერაბ, შენ მეორე სახლი იყიდე, სადაც ქართველი და უცხოელი მებრძოლები ცხოვრობენ და ფულსაც კი არ ახდევინებ – რატომ აკეთებ ამას?“„ვიცი, რომ ამერიკაში სხვანაირი კულტურაა, თუმცა მე შინაგანად ყოველთვის ქართველი ვიქნები და ქართველისთვის დამახასიათებლად მოვიქცევი. ჩემს მეორე სახლში რამდენიმე ქართველი ცხოვრობს, ერთი ჩეჩენი ბიჭიც. მათი მხარდაჭერა მაბედნიერებს — შემიძლია და რატომაც არა? ეს ჩემი სამყაროა!“, – განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

„ლივერპული“ დიოგო ჟოტას კონტრაქტით გათვალისწინებულ ხელფასს ფეხბურთელის ოჯახს გადაუხდის

პორტუგალიური გამოცემა Record-ის ინფორმაციით, „ლივერპული“ დიოგო ჟოტას ოჯახს ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტის ბოლო ორი წლის ანაზღაურებას სრულად გადაუხდის და მის შვილებს განათლების საფასურს სრულად დაუფარავს.დიოგო ჟოტასა და ინგლისური ფეხბურთის გრანდს შორის ხელშეკრულება 2027 წლის 30 ივნისამდე იყო გაფორმებული.28 წლის ფეხბურთელი ესპანეთში ავტოავარიაში დაიღუპა. ჟოტა მეგობრის ქორწილში იმყოფებოდა და დაბრუნებას ინგლისში გეგმავდა, სადაც „ლივერპულთან“ ერთად წინასასეზონო მომზადება უნდა დაეწყო. თავდამსხმელი ქალაქ სანტანდერისკენ მიემართებოდა, საიდანაც სამხრეთ ინგლისში გემით გადასვლას აპირებდა. ექიმების რეკომენდაციით, ცოტა ხნის წინ ფილტვზე გადატანილი ოპერაციის გამო, მას თვითმფრინავით მგზავრობა ეკრძალებოდა.ფეხბურთელის ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიწვა. ჟოტასთან ერთად მისი 26 წლის ძმაც დაიღუპა, რომელიც პორტუგალიის მეორე დივიზიონის გუნდში თამაშობდა.დიოგო ჟოტა „ლივერპულში“ 2020 წელს გადავიდა და 123 მატჩში 47 გოლი გაიტანა. კარიერის განმავლობაში ის ასევე თამაშობდა „პაკოშ დე ფერეირაში“, მადრიდის „ატლეტიკოში“, „პორტუსა“ და „ვულვზში“.

პარიზში, 100-წლიანი აკრძალვის შემდეგ, სენაში ბანაობა ისევ ნებადართულია

პარიზში, 100-წლიანი აკრძალვის შემდეგ, სენაში ბანაობა ისევ ნებადართულია.როგორც BBC აღნიშნავს, 1988 წელს ქვეყნის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა პირველად დააანონსა, რომ პარიზელებს სენაში ცურვის შესაძლებლობა ექნებოდათ, რის შემდეგაც მდინარის ეტაპობრივი გაწმენდა დაიწყო. 2024 წლის ზაფხულში ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებისას, მდინარის გასაწმენდად დახარჯეს 1,4 მილიარდ ევროზე მეტი. მიიჩნევა, რომ სწორედ ამ ბოლო პერიოდში განხორციელებული რადიკალური ზომების წყალობით გახდა სენა ცურვისთვის ვარგისი.ამგვარად, დღეს დილით რამდენიმე ათეული ადამიანი წინასწარ მივიდა და სენაში გადახტა, როგორც კი ეს ოფიციალურად ნებადართული გახდა.

ბოლო სიახლეები