მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სასოფლო გზების გაწმენდა და ბურანებით მოსახლეობასთან კონტაქტი. პრიორიტეტია ის ლოკაციები, რომლებიც მოწყვეტილი იყო გარესამყაროს, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, 23 თებერვლიდან იმერეთში, გურიასა და აჭარაში მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და მუდმივად მიმდინარეობს მუშა პროცესი.
„გუშინ ჩატარდა საგანგებო თათბირი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დაიგეგმა ამოცანები, გაიწერა სამოქმედო გეგმა. აქედან გამომდინარე, პრიორიტეტია ის ლოკაციები, რომლებიც მოწყვეტილი იყო გარესამყაროს. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა როგორც სასოფლო გზების გაწმენდა, ასევე მოსახლეობასთან კონტაქტი ბურანების საშუალებით. ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, ასევე თავდაცვის სამინისტრო. ასე ჯგუფურად ვახდენთ თითოეულ სოფელში შესვლას, გადაადგილებას, საკვების მიწოდებას. აუცილებლობის შემთხვევაში ადამიანების გამოყვანას სოფლებიდან, თუ არის მომართვიანობა ავადმყოფების შესახებ. მუდმივ რეჟიმში ხორციელდება აღნიშნული ღონისძიებები. ამ დროისთვის აქტიურად გრძელდება სოფლებში გადაადგილება და მივყვებით გუშინ გაწერილ გეგმას. 23 თებერვლიდან გადასული ვართ საგანგებო რეჟიმზე. როგორც იმერეთში, ისე გურიასა და აჭარაში სრულად არის მობილიზებული სამსახური და მუდმივად მიმდინარეობს მუშა პროცესი“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.