ტრამპის ადმინისტრაციამ შემთხვევით დაამატა ჟურნალისტი ჯგუფურ ჩატში, სადაც სამხედრო გეგმებს განიხილავდნენ. თეთრმა სახლმა ინციდენტი ოფიციალურად დაადასტურა.
ჟურნალ The Atlantic-ის რედაქტორმა, ჯეფრი გოლდბერგმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღნიშნა, რომ თავდაპირველად ვერ იჯერებდა მიღებული ინფორმაციის სისწორეს.
ჯგუფურ ჩატში იმყოფებოდნენ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კაბინეტის რამდენიმე წევრი, მათ შორის, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი.
„ვერ ვიჯერებდი, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელობა მოახლოებული სამხედრო გეგმების შესახებ ჩატში მსჯელობდა“, – აღნიშნა გოლდბერგმა.
გოლდბერგის თქმით, ის დაამატეს იმ ჯგუფურ ჩატში, სადაც იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ საჰაერო იერიშების გეგმებს განიხილავდნენ. 15 მარტს აშშ-მა ჰუსიტების წინააღმდეგ იერიში მიიტანა, რის შესახებაც ჟურნალისტის თქმით, შეტევამდე რამდენიმე საათით ადრე ჰქონდა ინფორმაცია. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ვერ იჯერებდა ინფორმაციის სისწორეს, როდესაც იემენზე აშშ-ის იერიშების შესახებ გახდა ცნობილი, გაიაზრა, რომ ეს სიმართლე იყო.
აღნიშნულის შესახებ თეთრ სახლში გამართულ კაბინეტის შეხვედრაზე დონალდ ტრამპს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა.