მოსამართლეები არ უნდა წყვეტდნენ ეროვნული საგანგებო მდგომარეობის საკითხებს, – ასე გამოეხმაურა თეთრი სახლი სასამართლოს გადაწყვეტილებას ტარიფებთან დაკავშირებით.
თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კუშ დესაიმ გააკრიტიკა სასამართლოს გადაწყვეტილება, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების არაკანონიერად ცნობისა და დაბლოკვის შესახებ.
თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, უცხო ქვეყნების არასათანადო მოპყრობა გახდა აშშ-ის ისტორიული და მუდმივი სავაჭრო დეფიციტის მიზეზი.
„უცხო ქვეყნების მიერ შეერთებული შტატების მიმართ არასათანადო მოპყრობამ გამოიწვია ამერიკის ისტორიული და მუდმივი სავაჭრო დეფიციტი. ამ დეფიციტმა შექმნა ეროვნული საგანგებო მდგომარეობა, რომელმაც გაანადგურა ამერიკული საზოგადოებები, დაასუსტა ჩვენი თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა. არჩეული მოსამართლეების გადასაწყვეტი არ არის, როგორ უნდა გავუმკლავდეთ სათანადოდ ეროვნულ საგანგებო მდგომარეობას. პრეზიდენტმა ტრამპმა პირობა დადო, რომ ამერიკას პირველ ადგილზე დააყენებდა და ადმინისტრაცია ვალდებულია, გამოიყენოს აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა ბერკეტი ამ კრიზისის მოსაგვარებლად და ამერიკის სიდიადის აღსადგენად“, – განაცხადა დესაიმ.
ცნობისთვის, აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები არაკანონიერად ცნო და დაბლოკა. სასამართლომ დაადგინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას. გადაწყვეტილება მიიღო მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებს განიხილავს.