აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ფოტოებს აქვეყნებს.
„მშვიდობისკენ სწრაფვა ისტორიულ სამიტზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად ალასკაში“, – აღნიშნულია თეთრი სახლის ვებგვერდზე ფოტოებთან ერთად გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ალასკის ქალაქ ანკორიჯში დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა სამი სამზე ფორმატში მიმდინარეობს. ლიდერები თარჯიმნის მეშვეობით საუბრობენ.
შეხვედრას ამერიკული მხრიდან ესწრებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი. რუსეთის მხრიდან კი შეხვედრაში მონაწილეობენ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი იური უშაკოვი.
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა მოლაპარაკების დაწყებამდე განცხადებები არ გაუკეთებიათ.
სამი სამზე ფორმატში შეხვედრის შემდეგ გაფართოებულ ფორმატში მოლაპარაკებებს ამერიკის მხრიდან დაესწრებიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი სკოტ ბესენტი, ვაჭრობის დეპარტამენტის მინისტრი ჰოვარდ ლუტნიკი, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი.
რაც შეეხება რუსეთის დელეგაციას, ოფიციალური მოსკოვის ცნობით, მის შემადგენლობაში არიან პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი, ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი და უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი.