დღეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ფანტასტიკური სატელეფონო საუბარი ჰქონდათ, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
თეთრ სახლში აღნიშნეს, რომ ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინა და ამერიკა გააგრძელებენ ერთად მუშაობას ომის რეალური დასასრულის მისაღწევად და რომ პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობით მდგრადი მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია.
„პრეზიდენტმა ტრამპმა პრეზიდენტ ზელენსკის სრულად გააცნო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მისი საუბრისა და განხილული საკითხების შინაარსი. მათ განიხილეს კურსკის ოლქში არსებული ვითარება და შეთანხმდნენ ინფორმაციის მჭიდრო გაზიარებაზე. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოითხოვა საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემები მშვიდობიანი მოქალაქეების დასაცავად, განსაკუთრებით Patriot-ის სარაკეტო სისტემები. პრეზიდენტი ტრამპი დათანხმდა მასთან მუშაობას, რათა გაარკვიოს, თუ რა არის ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით ევროპაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა ამისა, ორი ლიდერი ასევე შეთანხმდა ენერგეტიკული ობიექტების წინააღმდეგ ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტაზე, ხოლო „ტექნიკური გუნდები საუდის არაბეთში უახლოეს დღეებში შეიკრიბებიან, რათა განიხილონ ცეცხლის შეწყვეტის გაფართოება შავ ზღვაზე ცეცხლის სრული შეწყვეტამდე და შეთანხმდნენ, რომ ეს შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯი ომის სრული დასრულებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ“.
„პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე ისაუბრა უკრაინის ელექტრომომარაგებაზე და ატომურ ელექტროსადგურებზე. მისი თქმით, აშშ-ს შეუძლია ძალიან სასარგებლო იყოს ამ სადგურების მართვაში. ამ სადგურების ამერიკული საკუთრება იქნებოდა საუკეთესო დაცვა ამ ინფრასტრუქტურისთვის და მხარდაჭერა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.