ხუთშაბათი, მაისი 15, 2025

თეთრი სახლის სპიკერი: აშშ აღარ აპირებს გარედან ჩარევას, სხვებისთვის სახელმწიფოს მოწყობის სწავლებას და ლექციების კითხვას, როგორ მოაწყონ საკუთარი ცხოვრება

თეთრი სახლის სპიკერი, კაროლინ ლევიტი სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ახლო აღმოსავლეთში ტურნეს შესახებ შემაჯამებელ ინფორმაციას აქვეყნებს სახელწოდებით „ტრამპის პირობა ახლო აღმოსავლეთს“, სადაც ნათქვამია, რომ ამერიკა აღარ აპირებს გარედან ჩარევას, სხვებისთვის სახელმწიფოს მოწყობის სწავლებას და ლექციების კითხვას, როგორ მოაწყონ საკუთარი ცხოვრება.

„აშშ-მა ერების მშენებლობას, საგარეო ჩარევას, სხვებისთვის სახელმწიფოს მოწყობის სწავლებას და ლექციების კითხვას, როგორ მოაწყონ საკუთარი ცხოვრება თავი დაანება“, – დაწერა მან.

ლევიტის თქმით, ტრამპმა საუდის არაბეთში ვიზიტის დროს ახლო აღმოსავლეთში მცხოვრებ მოსახლეობას მკაფიოდ განუცხადა, რომ რეგიონის მაცხოვრებლების ბედი მათ ხელშია. მისი ეს გზავნილი სწრაფად მოედო მთელ რეგიონს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ლევან ხაბეიშვილი – ვთანხმდებით, რომ ჩასატარებელია ალტერნატიული არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს ხალხი, რა ფორმით იქნება, როგორ დარეგისტრირდებიან აპლიკაციაში, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს

ჩვენს ხალხს აქვს იმის ლეგიტიმაცია, რომ ჩაატაროს ლეგიტიმური არჩევნები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პაატა ბურჭულაძის მიერ ორგანიზებული ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განუცხადა.მისი თქმით, არსებული ხელისუფლება და ადმინისტრაცია არჩევნებს ვერ ჩაატარებს და ჩასატარებელია ალტერნატიული არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს ხალხი.„მესამე შეხვედრაა და კარგია, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ერთვება ამ იდეის გარშემო, რომელსაც ჰქვია საქართველო ივანიშვილის გარეშე. ასევე, საინფორმაციო კამპანია როგორი უნდა იყოს, როგორ საქართველოში უნდა გაიღვიძოს ხალხმა ივანიშვილის გარეშე და მნიშვნელოვანი საკითხია, თქვენც გესმით ალბათ, რომ თავსლაფდასხმული, შავლაქა, შავსაღებავშესხმული, დასანქცირებული კალანდარიშვილი საქართველოში არჩევნებს ვერ ჩაატარებს. რა არჩევნები უნდა ჩაატაროს კაცმა, რომელიც დასანქცირებულია თავისი ადმინისტრაციით? თავსლაფდასხმული ივანიშვილი დასანქცირებული კობახიძით რანაირ არჩევნებს ჩაატარებს? ამას არ ჰქვია არჩევნები, ისინი არჩევნობანას, პოლიტიკოსობანას თამაშობენ, ამიტომ აქ ყველა თანხმდება იმაზე, რომ ივანიშვილის პირობებში არჩევნები არ იქნება ამ ქვეყანაში, არც დემოკრატია იქნება და არც პოლიტიკა იქნება, ვიდრე ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაში. ამიტომ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ჩასატარებელია ალტერნატიული არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს ხალხი. რა ფორმით იქნება, როგორ იქნება, რანაირად იქნება, ვინ მიიღებს მონაწილეობას, როგორ დარეგისტრირდებიან აპლიკაციაში, იქნება თუ არა ეს პირდაპირ საარჩევნო უბნებზე მისვლით, ეს დროის საკითხია, სამსჯელო საკითხია, მსჯელობა გახსნილია და მიმდინარეობს ამ საკითხებზე – საქართველო ივანიშვილის გარეშე, როგორ საქართველოში უნდა გაიღვიძონ საქართველოს მოქალაქეებმა, როგორ საქართველოში სურს საქართველოს მოქალაქეს. მესამე და მნიშვნელოვანი, ე.წ. არჩევნები თავსლაფდასხმულმა, შავად ლაქად გაჟონილმა ივანიშვილმა და კალანდარიშვილმა ვერ უნდა ჩაატარონ. ამ საკითხებზე ამ ეტაპისთვის რაღაც გარკვეული შეთანხმებები არსებობს, თუმცა მსჯელობა გახსნილია და მიმდინარეობს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.მისივე თქმით, აპლიკაციასთან დაკავშირებით მუშაობა დაწყებულია.„დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან სწრაფ ტემპებში ესეც იქნება. არის ტექნიკური საკითხები, რომლებზეც მსჯელობა მიმდინარეობს და ესეც ისეთი მოგვარებადია. მთავარია, ყველას გვესმოდეს, რომ დედაქალაქში, რეგიონებში, ქალაქებში ჩასასვლელები ვიქნებით ყველა, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ბატონი პაატა ბურჭულაძე ხომ, რომელიც აპირებს საქართველოს შემოვლას და ამ ინფორმაციების პირადად მიტანას ადამიანებთან, რომ თავსლაფდასხმული, შავლაქიანი, დასანქცირებული კალანდარიშვილი არჩევნებს ვერ და არ ჩაატარებს ანუ ჩვენ არ ვაპირებთ, შესაძლებლობა მივცეთ დასანქცირებულ ადამიანებს, რომლებსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვთ. ლეგიტიმურობა თუ ნიშნავს, რომ ზარქუა და ალუდა ღუდუშაური აღიარებთ, ეს მათი საქმეა, ცივილიზებული სამყარო არ აღიარებს არც აქამდე ჩატარებულ არჩევნებს და, ცხადია, ახლა დასანქცირებულმა კაცმა რა არჩევნები უნდა ჩაატაროს, გინდა კობახიძე იქნება, კალანდარიშვილი თუ ივანიშვილი. ე.წ. არჩევნები რომ ვერ უნდა ჩატარდეს ამაზე მიმდინარეობს დისკუსია“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა. 

რონალდინიო თბილისშია – ლეგენდების მატჩისთვის მზადება

„ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელი რონალდინიო თბილისშია, – ინფორმაციას საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ავრცელებს.ვეტერანთა ამხანაგური მატჩის წინ სასტუმრო „მერიოტში“ პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ჟურნალისტების კითხვებს „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელები იარი ლიტმანენი და ხავიერ სავიოლა, ასევე საქართველოს ნაკრების ლეგენდები – კახა კალაძე და შოთა არველაძე პასუხობდნენ.პრესკონფერენციის დროს ცნობილი გახდა, რომ რონალდინიო თბილისში მოგვიანებით ჩამოფრინდებოდა და 16 მაისს დაგეგმილ მატჩში მონაწილეობას მიიღებდა.„ბარსელონას“ ლეგენდები და საქართველოს ნაკრების ვეტერანები ერთმანეთს „დინამო არენაზე“ დაუპირისპირდებიან. შეხვედრა ხვალ, 19:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ეთერში საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ჩვენი მსოფლიო იცვლება, ძველი წესრიგი იშლება, ჩვენს გეოგრაფიაში ყალიბდება სრულიად ახალი განტოლება, რომლის ცენტრში არის თურქეთი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი სწრაფად აღწევს იმ პოზიციას, რასაც იმსახურებს ახალ ეპოქაში.„დიახ, თურქეთის ჰორიზონტი ფართოვდება. თურქეთის ვარსკვლავი სულ უფრო კაშკაშებს. თურქეთი დიპლომატიის, ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმისა და სხვა სფეროების ახალ ლიგაში ასპარეზობს“, – განაცხადა ერდოღანმა.როგორც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, იბადება ახალი გეოპოლიტიკური წესრიგი, რომლის ცენტრალურ ადგილს თურქეთი იკავებს.„ჩვენი მსოფლიო იცვლება, ძველი წესრიგი იშლება, ჩვენს გეოგრაფიაში ყალიბდება სრულიად ახალი განტოლება, რომლის ცენტრში არის თურქეთი“, – აღნიშნა ერდოღანმა.ერდოღანმა ასევე ისაუბრა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ განიარაღებასა და დაშლაზე, რასაც მრავალწლიანი ძალადობის დასრულებისა და რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდა. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის სპეცსამსახურები ყურადღებით დააკვირდებიან დაჯგუფების განიარაღების პროცესს.ამასთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, გუშინ ტელეფონით ოთხმხრივი საუბარი ჰქონდა დონალდ ტრამპთან, საუდის არაბეთის პრინცთან, მუჰამედ ბინ სალმანთან და სირიის პრეზიდენტთან, აჰმედ ალ-შარაასთან. ასევე, ბოლო დღეებში ტელეფონით კომუნიკაცია ჰქონდა ვლადიმერ პუტინთან, ემანუელ მაკრონთან და ჯორჯია მელონისთან. ხვალ კი თურქეთის პრეზიდენტი ალბანეთში გაემგზავრება, სადაც ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ ტელეფონებით არჩევნები სავარაუდოდ სექტემბერში ჩატარდება

პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ ტელეფონებით არჩევნები სავარაუდოდ სექტემბერში ჩატარდება. შესაბამისი განცხადება ბურჭულაძემ ამ თემასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, ესტონეთში არსებობს ტელეფონებით არჩევნების ჩატარების პრაქტიკა.„უკვე, ასე თუ ისე, ისახება გეგმები, რისი გაკეთებაც გვინდა. გვინდა, შედგეს აუცილებლად ნამდვილი არჩევნები და არა ის ცრუ არჩევნები, რომლებიც ტარდებოდა აქამდე. ჩვენ გვაქვს ბევრი ვარიანტი, რომ ჩვენ თვითონ ჩავატაროთ ეს არჩევნები. არ შეიძლება ასე გაგრძელება, ჩვენს თანამებრძოლებს უკვე ნელ-ნელა ციხეც ემუქრებათ, რადგან ცრუ კომისიაა, ცრუ დადგენილებას იღებს და ცრუ მოსამართლეებმა უნდა ჩასვან ციხეში. ამის დაშვება არ შეიძლება. ამიტომ, ჩვენ ვქმნით ერთ დიდ ალტერნატივას, რასაც ჰქვია საქართველოს ხალხი, საქართველოს დღევანდელი ე.წ. პარლამენტის წინააღმდეგ. ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს, ე.წ. პარლამენტი თუ საქართველოს ხალხი.მიდის მსჯელობაც, როგორ უნდა ჩავატაროთ არჩევნები. ასეთი დევიზი იქნება, რომ არ ჩაგატარებინებთ ცრუ არჩევნებს. ჩვენ ვართ ხალხი, ჩვენია ეს ქვეყანა და ჩვენ უნდა ჩავატაროთ ყველაფერი, რაც ამ ქვეყანას დადებითად სჭირდება. სამართლებრივად ძალიან კარგად წარმომიდგენია. ჩვენ გვყავს ნამდვილად არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის სახით. ჩვენ გვყავს ის მთავრობა, ჯერ კიდევ უზენაესი საბჭო, რომელიც არავის არ გაუუქმებია. ეს არის ზვიად გამსახურდიას მთავრობა, რომელმაც მოიყარა თავი და ისიც გვერდით გვიდგას. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, არავინ არ ჰყავს, თვითონ დაინიშნა თავისი თავი“, – განაცხადა ბურჭულაძემ.რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, ტელეფონით ჩატარდება თუ არა არჩევნები, ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ესტონეთში ამის პრაქტიკა არსებობს და საქართველოშიც გადმოღებას აპირებენ.„შეიძლება, ვინმეს გაეცინოს, რომ ტელეფონებით, თუმცა ესტონეთში უკვე ამის კარგი პრაქტიკაა და ჩვენ გადმოღებას ვაპირებთ. ტელეფონი არ გაჟონავს, როგორც ჟონავს „ქართული ოცნების“ ქაღალდი და ტელეფონებით ვაპირებთ ამის გაკეთებას. გვაქვს ვარაუდი, რომ არჩევნები ამ სექტემბერში ჩატარდება. რუსთაველის გამზირის ხალხიც არის აქ და ჩვენ აქედან გავდივართ. ისინი მზად არიან, რომ გავიდეთ რეგიონებში და ყველა მოვიყვანოთ ამ აზრებთან ახლოს.გახარიები არ იყვნენ დღეს, მაგრამ გახარიასთან მე მქონდა პირადი შეხვედრა და ბატონმა გიორგიმ ბრძანა, რომ თქვენ თუ ჩაატარებთ ამ არჩევნებს, აუცილებლად თქვენთან ერთად მივიღებ მონაწილეობასო. ჩვენ აქ მესამედ შევიკრიბეთ. სალომე ზურაბიშვილი ამის წინააღმდეგ რატომ უნდა წავიდეს? მასაც უნდა საქართველოში იყოს სამართალი. ჩვენ თვითონ ჩავატაროთ ის, რასაც ვენდობი და ამ არჩევნებში თუ „ოცნება“ გაიმარჯვებს, კაი ბატონო. მაშინ ჩვენ შევალთ პარლამენტში კი არა, ყველაფერს ვიზამთ, მაგრამ ეჭვი ძალიან მეპარება“, – აღნიშნა ბურჭულაძემ.ჟურნალისტის კითხვაზე, საარჩევნო ბიულეტენში პარტიების ჩამონათვალი როგორი იქნება, ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ეს პარტიების გადასაწყვეტია.„შორს წახვედით, პარტიები როგორ შეიკრიბებიან, როგორი კოალიცია იქნება, ეს მათი გადასაწყვეტია. დღეს ჩვენ არ ვთხოვთ პარტიებს, რომ გაერთიანდნენ ერთ დიდ პარტიად, ჩვენ ვთხოვთ გაერთიანდნენ ჩვენი იდეის გარშემო, რასაც ჰქვია ეს შეხვედრები“, – განაცხადა ბურჭულაძემ.ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძის მიერ ორგანიზებულ ოპოზიციის შეხვედრას ესწრებოდნენ, მათ შორის თაკო ჩარკვიანი, ლევან ხაბეიშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, გია ბუღაძე, კობა ხაბაზი, პაატა მანჯგალაძე.

თაკო ჩარკვიანი – მიმდინარეობს მსჯელობა, როგორ ჩატარდეს სახალხო არჩევნები, არ შეიძლება, ხელისუფლებას შეჰყვე არჩევნებში, ერთობის თვალსაზრისით კარგი კონტურები გამოიკვეთა

საუბარია გამოსავალზე, როგორ მოხდეს ისე, რომ მართლა სახალხო არჩევნები ჩატარდეს და ეს არ იყოს ხელისუფლების არჩევნები. ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა და მუშაობა, – ამის შესახებ ყოფილმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა პაატა ბურჭულაძის მიერ დაორგანიზებულ ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.ჩარკვიანის თქმით, დღეს გარკვეულად ერთობა შედგა და შეხვედრა საინტერესო იყო.„შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ დღეს ნამდვილად შედგა, ასე ვთქვათ, გარკვეულად ერთობა და ძალიან საინტერესო იყო. წარმოდგენილი იყო თითქმის ყველა პარტია, მაგრამ კარგი ის არის, რომ სამოქალაქო სექტორი, მოქალაქეები არიან მოსული და ძალიან საინტერესო იყო. ვერ გეტყვით, რომ რაიმე გადაწყვეტილება იყო, მაგრამ მუშაობის პროცესია. ხელისუფლება არჩევნებზე როდესაც საუბრობს, ბუნებრივი, ადამიანები კითხვას სვამენ, მათ პირობებში როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები. ხომ ვხედავთ, რასაც აკეთებენ, ამას არ სჭირდება დიდი ოპოზიციონერები, მიხვდე, რომ ხელისუფლება მკვეთრად დაპირისპირებულია დასავლეთთან. ამიტომ, ახლა ვკითხულობ, რა დემოკრატიულ არჩევნებზეა საუბარი. ბრეჟნევიც ატარებდა ასე არჩევნებს, ამიტომ, ამაზე მიდის ზუსტად მსჯელობა. ხელისუფლება როდესაც საუბრობს, რომ ემზადება არჩევნებისთვის, ბუნებრივია, რიგით მოქალაქეს უჩნდება კითხვა, რა დემოკრატიაზეა საუბარი, ყოველ წამს ვიღაცას იჭერენ, სასამართლო არ არის თავისუფალი, დასანქცირებული მოსამართლეები გვყავს, რაღაც უხერხული ვითარებაა და რა არჩევნებზეა საუბარი. საუბარია გამოსავალზე, როგორ მოხდეს ისე, რომ მართლა სახალხო არჩევნები ჩატარდეს და ეს არ იყოს ხელისუფლების არჩევნები. ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა და მუშაობა. ეს არ არის ბოლო, გადაწყვეტილი, ზუსტად ამიტომ არის შეხვედრები. დღეს მესამე შეხვედრაა. ვფიქრობ, ყველაზე ნაყოფიერი შეხვედრა  იყო დღეს. უფრო გამოიკვეთა ის აზრი, რომ ამ ხელისუფლებას არ შეიძლება, შეჰყვე არჩევნებში, რადგან ეს არ არის დემოკრატიული მექანიზმით მომუშავე ხელისუფლება“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.კითხვაზე, „ოპოზიცია ცალკე აპირებს არჩევნების ჩატარებას?“, ჩარკვიანმა აღნიშნა: „არ არის ასე, კონკრეტულად არ მიგვიღია ეს გადაწყვეტილება, მაგრამ მსჯელობა არის ამაზე. ჩვენ ვთქვით, რომ ამ ხელისუფლებას არჩევნებში არ უნდა შევყვეთ, შემიძლია, ეს აზრი ღიად დაგიფიქსიროთ. რა, როგორ, რა მექანიზმით იქნება, ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა“.ამასთან, თაკო ჩარკვიანის თქმით, ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზე ერთობის თვალსაზრისით კარგი კონტურები გამოიკვეთა.„სხვათა შორის, არ ველოდი და ძალიან საინტერესო დღე იყო ჩემთვის, საკვირველი რაღაც. ერთობის თვალსაზრისით კარგი კონტურები გამოიკვეთა. მე ყოველთვის მიხარია ერთობა, ძალიან საინტერესო იყო ეს შეკრება“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.თაკო ჩარკვიანს ასევე კითხვა დაუსვეს, იყვნენ თუ არა მიწვეული ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზე „გახარია საქართველოსთვის“ წევრები, რაზეც ჩარკვიანმა აღნიშნა, რომ პაატა ბურჭულაძემ ყველას დაურეკა.„პაატამ აბსოლუტურად ყველას დაურეკა, მათი გადასაწყვეტია. მგონი, გახარიამ მკვეთრად თქვა, რომ ის მონაწილეობას იღებს არჩევნებში. ვფიქრობ, ამიტომაც არ მოვიდა, არ ვიცი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.პაატა ბურჭულაძის მიერ დაორგანიზებულ ოპოზიციის შეხვედრას ესწრებოდნენ, მათ შორის ლევან ხაბეიშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, გია ბუღაძე, კობა ხაბაზი, პაატა მანჯგალაძე.

ბოლო სიახლეები