ყველა ინტერვიუში ნათქვამი გაქვთ, რომ ყველა გადაწყვეტილებას ოპერაციის მართვისას და ყველაფრის გამოყენებაზე, იღებდით თქვენ, მათ შორის ტყვიების გამოყენებაზე, – ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიას, რომელიც საგამოძიებო კომისიის შეკითხვებს პასუხობს.
წულუკიანის განცხადებით, გიორგი გახარია ახლა კონკრეტულ პოლიციელებს აბრალებს, რომ მათ ბრძანების გარეშე გამოიყენეს რეზინის ტყვიები.
„ახლა ამბობთ, რომ ეს კონკრეტული ბრძანება თქვენ არ გაგიციათ და მაპატიეთ, ასე უნდა ვთქვა, ვინაიდან სხვა არაფერი მომხდარა ამ წუთში, გარდა იმისა, რომ თქვენ დააბრალეთ კონკრეტულ პოლიციელებს, რომ ბრძანების გარეშე მათ ითავხედეს და თვალები დასთხარეს ვიღაცებს. ან ასე იყო, ან ასე არ იყო – თქვენ უნდა თქვათ, მაგრამ პოლიციელებს დააბრალეთ და ამ დროს, ინტერვიუში ყველგან ამბობთ, მე გავეცი ეს ბრძანება და მე ვარ ყველაფერზე პასუხისმგებელიო. მე პირადად, ვეღარ გავიგე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ამასთან, წულუკიანმა გიორგი გახარიას მიმართა: „ისე ნუ იზამთ, თითქოს ჩვენ დავთხარეთ ხალხს თვალები“.