„ქართული ოცნების“ ხელისუფლება იყო და არის ის ხელისუფლება, რომელმაც შექმნა სპეციალური ჯგუფი. ამ ჯგუფს მე ვხელმძღვანელობდი იუსტიციის მინისტრის რანგში და ჩვენ გადავარჩინეთ ქართული ჯარის ღირსება სტრასბურგშიც და ჰააგის სასამართლოშიც, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც კომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, საგამოძიებო კომისია მიხეილ სააკაშვილის კიდევ ბევრ დანაშაულზე გამოავლენს ახალ ფაქტებს.
„ამიტომ, აქეთ ამ თემაზე ჩვენ არავითარ შენიშვნას არ მივიღებთ, მაგრამ თქვენ ჩვენ ვერ გაგვაჩერებთ. ჩვენ სააკაშვილის კიდევ ბევრ დანაშაულზე ახალ ფაქტებს გამოვავლენთ. ჩვენ კეზერაშვილის, მერაბიშვილის და სხვა პოლიტიკური პირების ომის პირობებში, თუ საპატიმროში, თუ საკუთრების უფლების მიმართულებით, კიდევ არაერთ დანაშაულებრივ ფაქტს გამოვავლენთ, ელენე ხოშტარიამ რაც არ უნდა იკივლოს ქუჩაში. მით უმეტეს, ირკვევა, რომ 2004 წლიდან სწორედ ელენე ხოშტარია, იმ დროს ჩაცმულ-დახურული ხელმძღვანელობდა ქართული ჯარის განადგურების დასაწყისს, როცა ათასეულობით პროფესიონალი გაუშვეს ქართული ჯარიდან. ასე შეატოვეს რუსეთს და სეპარატისტებს პირისპირ მოქალაქეები და ჯარისკაცები, რეზერვისტები. ამ მიმართულებაზე ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.