“თქვენ მრავალჯერ აღნიშნეთ, რომ თქვენს საქმეზე სამი ინსტანციის გადაწყვეტილება არსებობს, რომელიც ამბობს, რომ მაშინდელი უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი, დათა ახალაია, ასევე მისი ხელქვეითი გიორგი დგებუაძე, მეტსახელად “მასტერა”, ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი მონაწილეობდნენ უშუალოდ თქვენი და სხვისი შვილების, უდანაშაულო ახალგაზრდების, სტუდენტების, ჩვენი ქვეყნის მომავლის ქუჩაში დახოცვაში”, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, 2006 წლის 12 იანვარს, “ნავთლუღის სპეცოპერაციის” შედეგად მოკლული მარად ართმელაძის მამასთან საუბრისას აღნიშნა.
მისი თქმით, ახალაიამ და სხვა მაღალჩინოსნებმა არა მხოლოდ მოკლეს უდანაშაულო ახალგაზრდები, არამედ, საკონტროლო გასროლაც განახორციელეს, რაც განაჩენშიც წერია. წულუკიანმა აღნიშნა ისიც, რომ მნიშვნელოვანია, სამივე ინსტანციის განაჩენი, ვინაიდან დადგინდა სიმართლე, რომ მოკლული მარად ართმელაძე უდანაშაულო იყო.
“უშიშროების სამსახური რომ ებარა იმ კაცმა და სხვა მაღალჩინოსნებმა, ვინც ჩამოვთვალეთ, არამხოლოდ მოკლეს, არამედ, ამას ჰქონდა საკონტროლო გასროლების ფორმა – ეს გააკეთეს, ეს არის განაჩენებში. თქვენ სამი ინსტანციის განაჩენი გაქვთ. ეს ვერ გამოასწორებს იმ ზიანს, რაც თქვენ მოგადგათ, მაგრამ, სამართლებრივად ეს უმნიშვნელოვანესია, რომ დადგინდა სიმართლე, რომ თქვენი შველი აღიარებულ იქნა, როგორც მართალი, ახალგაზრდა ქართველი კაცი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.