თბილისში COVID19 – ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული რეკომენდაციების აღსრულების მიზნით მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრთა კონტროლი მიმდინარეობს.
თბილისის მერიის ცნობით, ამ მიზნით მეტროსადგურებთან ინტესიურ მონიტორინგს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლები აწარმოებენ.
თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს პროცესში მხარდაჭერისა და თანადგომისთვის და მოქალაქეებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
„ვახორციელებთ პირბადეების კონტროლს თბილისის მტროპოლიტენში. ყველა ჩასასვლელში დგანან თბილისის სატრანსპორტო კომპანიის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და მოქალაქეების კონტროლი მიმდინარეობს, რამდენად იყენებენ ისინი პირბადეებს. იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეებს თან არ აქვთ პიბადე, მას ჩვენ ვაძლევთ.
პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, რამდენადაც მათი მხარდაჭერა და თანადომა ამ პროცესში საკმაოდ მნიშვნელოვანია. მოქალაქეებს ვთხოვთ, გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე დაყურადღება“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
თბილისის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოიყენონ მხოლოდ და მხოლოდ აუცილებელი მგზავრობისთვის და დაიცვან უსაფრთხოების ყველა წესი.
საქართველოში დღეს კორონავირუსი კიდევ 887 ადამაინს დაუდასტურდა, 242 გამოჯანმრთელდა, 11 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.