პარასკევი, მაისი 30, 2025

თბილისის საქალაქო სასამართლომ გივი თარგამაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრს, გივი თარგამაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნანა შამათავამ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

10 000-ლარიანი გირაო პროკურორმა ნათია თათიაშვილმა მოითხოვა და აღნიშნა, რომ თარგამაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები არსებობს. მისი თქმით, თარგამაძემ სსკ ის 349-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა, როდესაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა და გამოკითხვაზე არ გამოცხადდა.

პროკურორის განმარტებით, არსებობს თარგამაძის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის და მიმალვის საფრთხე, რადგან მუხლი, რომელსაც ედავებიან, საპატიმროა და ერთ წლამდე სასჯელს ითვალისწინებს. პროკურორის თქმით, თარგამაძეს საზღვრის არაერთხელ გადაკვეთა უფიქსირდება და ამან, შესაძლოა, მიმალვა გაუადვილოს.

საპირისპიროს ამტკიცებდა დაცვის მხარე. ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, თარგამაძის კომისიაზე არგამოცხადებით თარგამაძემ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. ადვოკატის განცხადებით, სამართლებრივად შესაძლებელია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლით შედავება. მანვე განმარტა, რომ არც ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს, რადგან საგამოძიებო კომისია უახლოეს პერიოდში ვეღარ დაიბარებს, და არც – მიმალვის საფრთხე. მანვე განმარტა, რომ თარგამაძე არანაირ ქონებას არ ფლობდა და მისი ერთადერთი შემოსავალი დეპუტატის 1000-ლარიანი პენსია იყო. ადვოკატის თქმით, გირაოს გამოყენების შემთხვევაში მოსამართლეს მინიმალური უნდა შეეფარდებინა, თუმცა პროკურორმ ნათია თათიაშვილმა განმარტა, რომ შეისწავლეს თარგამაძის ახლობლების ქონებაც და თარგამაძის შვილის სახელზე ბინაა რეგისტრირებული, რომლის გამოყენებაც თარგამაძეს გირაოს უზრუნველსაყოფად შეუძლია.

თარგამაძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 3 აპრილს დაიბარეს, თუმცა იმ არგუმენტით, რომ პარლამენტის და მისი საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმურობას არ ცნობს, ის არ გამოცხადდა. წინასასამართლო სხდომა 21 მაისს ჩაინიშნა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლიკა ლორთქიფანიძეს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

20 წლის სტუდენტს, ლიკა ლორთქიფანიძეს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით თეთრაულმა შსს-ს მოთხოვნის საფუძველზე მიიღო. სასამართლომ ლიკა ლორთქიფანიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.საქმე უკავშირდება 17 მაისს განვითარებულ ინციდენტს, როცა “ქართული ოცნების” დეპუტატმა მარიამ ლაშხმა ლიკა ლორთქიფანიძეს და კიდევ ორ აქტივისტს სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო უჩივლა.ლიკა ლორთქიფანიძე “ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის” ერთ-ერთი აქტიური წევრია.

წვიმა, ელჭექი, სეტყვა – გაფრთხილება 30-31 მაისის ამინდის შესახებ

30 მაისს 31 მაისის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.მოსალოდნელმა ხანმოკლე ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

ნონა ყაულაშვილი – კომპაქტურ ჩასახლებაში ე.წ. მამასახლისების ინსტიტუტი შეიქმნა, აკონტროლებდნენ ყველა ოჯახს, არ გვაძლევდნენ უფლებას, ვინმეს შევხვედროდით, პრობლემებზე გვესაუბრა

2008 წელს მოსახლეობა როდესაც გამოვიდა, თავი დაბომბვას დააღწია, თბილისში დაიწყეს თავშესაფრების ძებნა – ეს იყო სკოლები, ბაღები, მიტოვებული შენობები. ვიცოდით, გვითვალთვალებდნენ, თუ სადმე აქცია იყო, ვინმე არ გასულიყო, თავისი პოზიცია არ დაეფიქსირებინა, – ამის შესახებ 2008 წლის აგვისტოს ომის დევნილმა, ნონა ყაულაშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.მისი თქმით, დევნილთა ე.წ. კომპაქტურ ჩასახლებებში ე.წ. მამასახლისების ინსტიტუტი შეიქმნა, თითოეული ოჯახი უნდა უნდა ეკონტროლებინათ.„მოსახლეობას ტელევიზიებში გამოსვლის უფლება არ ჰქონდა, რომ პრობლემებზე არ ესაუბრათ. იბლოკებოდა ყველა ის შენობა, სადაც დევნილები იყვნენ განთავსებულნი. დევნილები როდესაც განათავსეს კოტეჯებში, „კომპაქტურ ჩასახლებებში“ ე.წ. მამასახლისების ინსტიტუტები შეიქმნა, უნდა ეკონტროლებინათ თითოეულ ოჯახი – ვინ შედიოდა, ვინ გადიოდა, დასახლებაში ვინ ამოდიოდა და საერთოდ ვინ სად როგორ გადაადგილდებოდა. სტუმარი ვერ შემოსულიყო ოჯახში მათი ნებართვის გარეშე. ამ წნეხისა და ზეწოლის ქვეშ მოსახლეობა 8 აგვისტოდან იმყოფებოდა. არ გვაძლევდნენ უფლებას, ვინმეს შევხვედროდით და პრობლემებზე გვესაუბრა. აინტერესებდათ, ჩვენ ვისგან ვიყავით გაფრთხილებულები. არავისგან არ ვყოფილვართ გაფრთხილებულები, იყო თვითგადარჩენის ინსტინქტი. იმ დაბომბვების და სროლების მერე მოსახლეობა მიხვდა, რომ უყურადღებოდ იყო მიტოვებული, თვითდინებით გადავრჩით“, – განაცხადა ნონა ყაულაშვილმა.მისი თქმით, 2008 წლის ნოემბერ-დეკემბერში მოსახლეობა სიცივეს, ცუდ პირობებს უჩიოდა, გაიმართა აქცია, რის შედეგად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დევნილ მოსახლეობას საბნები და ლეიბები მიუტანეს, თუმცა ხალხთან ხელისუფლების წარმომადგენლები არ მისულან.„ე.წ. არასამთავრობოები იყვნენ, ვინც თითქოს ცდილობდა, რაღაც შემოეტანა. მახსოვს, შემოგვიტანეს საბნები და ლეიბები, მასხრად აგდება იყო. საშინელი სუნი ასდიოდა, ვერავის შევკადრებდი ასეთ რაღაცას. ჩვენი პროტესტის შემდეგ ვაკე-საბურთალოს გამგებელი იყო მოსული, პიროვნულად ვინ იყო, არ ვიცი, რომელთანაც გავაპროტესტეთ ჩვენი მდგომარეობა და მაშინ მან ყურადღება მოგვაქცია. ეს იქნებოდა უკვე ნოემბერ-დეკემბერი, ელექტროენერგია გათიშეს და ეს გააპროტესტა მოსახლეობამ და ამ პროტესტს მოჰყვა ის, რომ მოვიტანეთ ეს საბნები და ვაჩვენეთ გამგებელს. მოსახლეობა რომ გამოვიდა და ქუჩა გადაკეტა, ზამთრის პერიოდი იყო, საბნები ახალი შემოტანილი იყო, უკვე აცივება რომ დაიწყო. მანამდე კერძო პირები, ჩვენი სამეგობრო წრე გვეხმარებოდა. მე პირადად იქ მთავრობის წარმომადგენლები არ მინახავს, იმის მიუხედავად, რომ იმ პერიოდში მეც საჯარო მოხელე ვიყავი, ერდევის სამოქალაქო რეესტრში ვმუშაობდი, ნამდვილად არ მინახავს იქ მოსული ვინმე“, – განაცხადა ნონა ყაულაშვილმა.რაც შეეხება 2008 წელს ერედვში არსებულ ვითარებას, ნონა ყაულაშვილის თქმით, მოსახლეობა გარბოდა და თავის გადარჩენას ცდილობდა.„საღამოს პირველი ჭურვები რომ ჩამოცვივდა, მოსახლეობა გაფრთხილებული არ ყოფილა. თავიდან თითქოს ითქვა, რომ სამხედროები საითაც გადაადგილდებოდნენ, ის გზები დაიბომბა, მაგრამ არა, იქ იყო სრულიად მშვიდობიანი მოსახლეობა, სადაც ჭურვები ჩამოცვივდა. ერედვი ძალიან დასახლებული სოფელი იყო, დაბომბვის შემდეგ სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, თითქოს უცბად ჩამობნელდა და შეწყდა ყველანაირი სროლის ხმა და იმდენად უკუნითი სიჩუმე ჩამოვარდა, ვიფიქრე, ამ ჭურვების მერე აღარავინ იყო ცოცხალი. 8 აგვისტოს, დილით, ბრძოლები მასიურად რომ დაიწყო, შემოსულ პოლიციელებს ვეკითხებოდით, რამდენად სერიოზული იყო სიტუაცია, რადგან მიჩვეულები ვიყავით, რომ პერიოდულად სროლები იყო, მერე ისევ ჩაწყნარდებოდა, ისევ განახლდებოდა, ასე ცხოვრებას წლების მანძილზე მიჩვეულები ვიყავით. ვკითხულობდით, რამდენად სერიოზული იყო სიტუაცია. ჩემი ბიძაშვილის შვილი, სამი თვის ბავშვი გვყავდა სოფელში, ვკითხულობდით, ბავშვი გაგვეყვანა თუ არა სოფლიდან. ბავშვის გაყვანა მოხდა დაბომბვამდე დაახლოებით ორი საათით ადრე. რაო, რა ხდებაო, ისეთი არაფერი არ ხდებაო, როგორც ხდება ხოლმეო. ჩემთვის უცხო პიროვნებები იყვნენ, ბევრი უცხო ადამიანი იყო შემოსული. ჯარისკაცები, პირტიტველა ბიჭები დღის საათებში ყვითელი ავტობუსებით შემოიყვანეს, ჩამოსხეს და ავტობუსები გაბრუნდა უკან“, – განაცხადა ნონა ყაულაშვილმა.

“ხელისუფლება ცდილობს პოლიტიკური ოპოზიცია შეათრიოს ამ არჩევნებში, თან ისე, რომ არანაირი ფასი არ გადაიხადოს, უბრალოდ, დანებებულს, ჩახდილს მიაღებინოს მონაწილეობა” – გიგი უგულავა

"ჩვენ ახლა კარგად ვხედავთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები რაღაც ტროას ცხენად გადაიქცა. კერძოდ, ის, რომ ხელისუფლება ცდილობს, პოლიტიკური ოპოზიცია შეათრიოს ამ არჩევნებში, თან შეათრიოს ისე, რომ ამაში არანაირი ფასი არ გადაიხადოს, უბრალოდ, დანებებულ (ვიხმარ ამ სლენგს, ვინაიდან დღეს ასე გამოიყურება) ჩახდილ მიაღებინოს მონაწილეობა. ეს ბუნებრივი სურვილია - მათ უნდათ, რომ ნაკლებ ფასად მეტი მოგება ნახონ," - ამის შესახებ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა.უგულავა მიიჩნევს, რომ "ადგილობრივი არჩევნების საზოგადოებრივი ბოიკოტის კომიტეტი" უნდა შეიქმნას."ამ ვითარებაში, როდესაც ამდენი პატიმარია, როდესაც ბოლო 1.5 წელში მიღებული კანონმდებლობა არათუ არჩევნების, არამედ სუნთქვის შესაძლებლობას აღარ აძლევს არც მედიას, არც სამოქალაქო საზოგადოებას, პარტიებს კრძალავენ და ა.შ. იმ პირობებში, როდესაც კრატერის პირას დგანან პოლიტიკური ლიდერები და მათ ციხეებში უშვებენ, გეგონება, გავარვარებულ ლავაში ხტებიან და დანარჩენებზე ყულფია მიჭერილი და ერთ, ორ თვეში... რაღაც რიტუალურ დაჭერას დაემსგავსა, ასეთ ვითარებაში უბრალოდ წარმოუდგენელია მონაწილეობის მიღება. ეს გააჟღერა სალომე ზურაბიშვილმა, მაგრამ ამის გაჟღერება არ კმარა.დღეს ვხედავთ, რომ ვიღაც შერბის ამ არჩევნებში, ვიღაც ყოყმანობს, ვიღაც არ აპირებს და ა.შ. დავანებოთ საერთოდ ამ პარტიებს თავი, - ორი დღეა, ჩვენ ვუყურებთ საზოგადოების თვითორგანიზების საუკეთესო მაგალითებს. დაახლოებით, 50 ღონისძიება იყო ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დაგეგმილი, რომელიც ერთმანეთში არც ირეოდა, მაგრამ ერთმანეთს ავსებდა. მთელი 6 თვეა, საზოგადოება აჩვენებს საუკეთესო თვისებებს ამ ბრძოლისა და თვითორგანიზებისთვის. როდესაც ვხედავთ, რომ ხელისუფლებისთვის მომდევნო 4 თვე მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ფულსაც იქ ხარჯავს, ენერგიასაც იქ ხარჯავს - ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ მივიდეთ და იქ ვუტიროთ ყოფა. ახლა უნდა დაფუძნდეს ადგილობრივი არჩევნების საზოგადოებრივი ბოიკოტის კომიტეტი, რომელიც დღეიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით ორგანიზებას დაუწყებს: პიარი, კლიპები, სიარული და ა.შ," - განაცხადა გიგი უგულავამ.

გია ვოლსკი – საინტერესოა ნებისმიერი ფორმატის განხილვები, მათ შორის სენატორ სტივ დეინსთან, მაგრამ არსებობს გარკვეული საკითხების უშველებელი სპექტრი, რომელიც, იმედია, ფართო ფორმატში მალე განიხილება

რასაკვირველია, საინტერესოა ნებისმიერი ფორმატის განხილვები, მათ შორის სენატორ სტივ დეინსთან, მაგრამ არსებობს გარკვეული საკითხების უშველებელი სპექტრი, რომელიც, იმედია, უფრო ფართო ფორმატში იქნება განხილული, და რაც შეიძლება მალე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, ფაქტია, ნორმალური ურთიერთობები, ყველა სერიოზული საკითხის განხილვა, რომელიც ეხება საქართველოს, მის მომავალს, უსაფრთხოებას, სტაბილურობას, უნდა აწყობდეს აშშ-საც და ბევრ სხვა ქვეყანას, ვინაიდან საქართველოს საგანგებო გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ რუკაზე მსოფლიოში.„მიმდინარე პროცესებშიც საქართველოს როლი საკმაოდ მნიშვნელოვანია, თუმცა მცირე რესურსების მქონე ქვეყანაა და გავლენას ვერ მოახდენს მსოფლიო პროცესებზე, მაგრამ მაინც, საქართველო არის ის ქვეყანა, რომლის სტაბილურობაში დაინტერესებული უნდა იყოს, პირველ რიგში, აშშ, ევროკავშირი და დაინტერესებული უნდა იყოს ასევე აზიაც, რომელიც ლამობს საკმაოდ ინტენსიური ბიზნეს და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას დასავლეთთან.ასეთ ვითარებაში, რასაკვირველია, საინტერესოა ნებისმიერი ფორმატის განხილვები, მათ შორის სენატორთან, მაგრამ არსებობს გარკვეული საკითხების უშველებელი სპექტრი, რომელიც, იმედია, უფრო ფართო ფორმატში იქნება განხილული, და რაც შეიძლება მალე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.საქართველოში ამერიკის საელჩომ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თბილისში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი სტივ დეინსი ჩამოვიდა: „სენატორი სტივ დეინსი გეგმავს, გააჟღეროს ტრამპისა და რუბიოს პრიორიტეტები, მათ შორის „ამერიკა უპირველეს ყოვლისას“ ფილოსოფიის დღის წესრიგი და ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობას შეუძლია, გადადგას იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიმართ“.

ბოლო სიახლეები