აღმოჩენილია აკრძალული ანტიბიოტიკებით დაბინძურებული თაფლი – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევამ ბუნებრივ ანტიოქსიდანტში ქლორამფელიკოლის, მეტრონიდაზოლისა და ტეტრაციკლინის შემცველობა დაადგინა. უწყებამ თაფლის ნიმუშები შემთხვევითი შერჩევითი პრინციპით აიღო, წამლის შემცველი პროდუქტი კი, როგორც მცირე ზომის სავაჭრო ობიექტებში, ისე ქსელურ მაღაზიებშიც აღმოჩნდა.
ანტიბიოტიკებით დაბინძურებული თაფლი პირდაპირპროპორციულად მოქმედებს მისი მომხმარებლების ჯანმრთელობაზე. ადამიანები, რომლებიც რეგულარულად მოიხმარენ მედიკამენტებით დაბინძურებულ თაფლს, ხდებიან რეზისტენტულები ანტიბიოტიკების მიმართ, საჭიროების შემთხვევაში კი, მათზე წამალი აღარ მოქმედებს.
თაფლში ანტიბიოტიკი არაპირდაპირი გზით, ფუტკრის პრევენციული მკურნალობის შემთხვევაში ხვდება, თუმცა, უკვე ათწლეულია, მეფუტკრეობის საერთაშორისო სტანდარტით, ამ მიმართულებაში ანტიბიოტიკების გამოყენება იკრძალება.
საქართველოში თაფლი ერთ-ერთი ხშირად მოხმარებადი პროდუქტია. გამოიყენება კონდიტერიაში, ასევე იყენებენ შაქრის უფრო ჯანსაღ ჩამნაცვლებლადაც, თუმცა ექიმები ამბობენ, რომ თაფლის სარგებელს ანტიბიოტიკით დაბინძურებული პროდუქტის საფრთხეები აჭარბებს, ამიტომ გვირჩევენ, უარი ვთქვათ საეჭვო თაფლზე.
საეჭვო პროდუქტის ის პარტიები, რომელშიც აკრძალული მედიკამენტები აღმოაჩინეს, ბაზრიდან უკვე ამოღებული და განადგურებულია, მწარმოებლები კი სოლიდური სახდელით დაჯარიმდნენ.