,,მიხაილო დიანოვი უკრაინელი სამხედრო და მუსიკოსია, რომელიც მთელმა მსოფლიომ „აზოვსტალის“ მცველების სიმბოლოდ გაიცნო.
მისი ისტორია ტყვეობაში გადატანილი არაადამიანური მოპყრობისა და წარმოუდგენელი სიმტკიცის მაგალითია.
როდესაც დიანოვი 2022 წლის სექტემბერში ტყვეობიდან გაათავისუფლეს, მისი ფოტოები შოკისმომგვრელი იყო. მან რუსულ ტყვეობაში 40 კილოგრამი დაიკლო.
მისი თქმით, ტყვეებს აძლევდნენ საკვების უკიდურესად მცირე ულუფებს და მის შესაჭმელად მხოლოდ 30-60 წამს უტოვებდნენ.
შიმშილი იმდენად გაუსაძლისი იყო, რომ ყოველი დღე მხოლოდ გადარჩენისთვის ბრძოლა გახლდათ.
დიანოვი ტყვედ ჩავარდა დაჭრილი — მას მარჯვენა ხელში ნატყვიარი ჰქონდა და ლითონის ფიქსატორი ედგა.
ტყვეობის პერიოდში მას არანაირი სათანადო მკურნალობა არ მიუღია. მეტიც, რუსმა ოკუპანტებმა მას ხელზე დაყენებული ლითონის კონსტრუქცია (ფიქსატორი) ანესთეზიის გარეშე, ჩვეულებრივი მარწუხებით მოუხსნეს.
ამან გამოიწვია ის, რომ მისი ძვალი არასწორად შეხორცდა და მკლავში 4 სანტიმეტრი ძვალი აკლდა. მისი ხელი დეფორმირებული და ფუნქციადაკარგული იყო გათავისუფლების მომენტში.
დიანოვი იხსენებდა „ოლენივკას“ კოლონიაში გატარებულ დღეებს, სადაც პირობები საშინელი იყო: ტყვეებს მუდმივად აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას და ჰიგიენის ნორმები საერთოდ არ არსებობდა — ასობით ადამიანი იყო გამოკეტილი მცირე ფართობზე, სადაც დაძინებაც კი შეუძლებელი იყო სივიწროვის გამო.
ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ, მიხაილო დიანოვს საზოგადოების დახმარებით და ფონდების მხარდაჭერით აშშ-ში ჩაუტარდა რთული ოპერაცია. ექიმებმა შეძლეს მისი ხელის აღდგენა.
მისი ისტორია დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე ცხად მტკიცებულებად იმისა, თუ რა პირობებში უწევთ ყოფნა უკრაინელ სამხედრო ტყვეებს”- ამბავს სოციალურ ქსელში მომხმარებელი წერს.

