საკმაოდ ბევრი ფიქრის შემდეგ მივედი გადაწყვეტილებამდე, რომ შევწყვიტო პოლიტიკური საქმიანობა, მივდივარ პოლიტიკიდან, – ამის შესახებ თამარ კორძაია სოციალურ ქსელში წერს.
„მინდა, საჯაროდ გავაკეთო განმარტება ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ – მივდივარ პოლიტიკიდან.
2013 წელს დავიწყე პოლიტიკური საქმიანობა და ეს იყო ჩემი ცხოვრების ძალიან საინტერესო პერიოდი. მუდმივად ვცდილობდი, ვყოფილიყავი ქვეყნის ინტერესების, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებების დამცველი. ზოგჯერ გამომდიოდა, ზოგჯერ – არა. მაგრამ ერთი რამე ნამდვილად შემიძლია, დაბეჯითებით ვთქვა, ყველა გადაწყვეტილება ამ სამი მთავარი ღირებულებით იყო ნაკარნახევი. ბევრი კრიტიკა მიმიღია, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც თანადგომა და მხარდაჭერა მახსოვს და მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამას მაგრძნობინებდა.
მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც ვიბრძოდი. ცხოვრება ღირს ამ გამოცდილებად. საკმაოდ ბევრი ფიქრის შემდეგ მივედი გადაწყვეტილებამდე, რომ შევწყვიტო პოლიტიკური საქმიანობა. რთულია, ვიცი, ამასაც არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვება, ესეც გასაგებია.
ვრჩები აქტიურ მოქალაქედ და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ადამიანად“, – წერს კორძაია სოციალურ ქსელში.