დამთავრდა გლობალური სამიტი, სადაც მიწვეული ვიყავი ამერიკის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიერ. ჩემთვის ეს სამიტი იყო დიდი გამოცდილება, დიდი სიამაყე, რადგან წარმოვადგენდი საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა აშშ-ში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.
როგორც თამარ ბაგრატიონმა აღნიშნა, წარმოდგენილი ქვეყნების რაოდენობის მიხედვით სამიტი იყო მასშტაბური, ხოლო თემა – გლობალურად მნიშვნელოვანი.
„45 ქვეყნის წარმომადგენელი ვიყავით ამ სამიტზე. თემა იყო განსაკუთრებული, გლობალურად საჭირო და მტკივნეული, რომელიც შეეხება ახალი ტექნოლოგიების განვითარებას, მათ ინტეგრაციას განათლებაში. ბევრმა ქვეყანამ გამოთქვა სურვილი, რომ ამ პლატფორმის ფარგლებში თავიანთ ქვეყნებში ჩაატარონ ღონისძიებები. დავრწმუნდი, რომ პირადი ურთიერთობები, რომლებიც ჩვენ შორის ჩამოყალიბდა, ყველაზე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თამარ ბაგრატიონმა.
საქართველოს პირველი ლედი ვაშინგტონში აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით, მისივე ინიციატივით ორგანიზებულ გლობალურ სამიტზე – „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ იმყოფებოდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზდრობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.

