სულხან მოლაშვილს სამ-თვიანი პატიმრობა სამჯერ შეუფარდეს, თუმცა, ბოლოს დაავიწყდათ, რომ პატიმრობის ვადა ეწურებოდა და თავად მოლაშვილის შეხსენების შემდეგ, ღამის ორ საათზე, საკნის წინ, როდესაც ეძინა, პროკურორისა და მოსამართლის მონაწილეობით შეუფარდეს მესამე პატიმრობა, – ამის შესახებ სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.
თამაზ მოლაშვილის თქმით, „სულხან მოლაშვილს საკანში რომ ეძინა, დადგნენ მის წინ და განაჩენი გამოუცხადეს“.
„სამჯერ მისცეს სამ-სამი თვით პატიმრობა. ორი პატიმრობა რომ გავიდა, დაავიწყდათ, მესამედ რომ უნდა მიეცათ. თვითონ სულხანმა გაახსენა, ხვალიდან თქვენი პატიმარი აღარ ვიქნები, დამიმთავრდა ის სამი თვეო. სულხანს ექიმისთვის უთქვამს, დასაძინებელი წამალი მომეცი, კარგად რომ დამეძინოსო, შუაღამისას, ორ საათზე მივიდნენ, სულხანს ეძინა, პროკურორი, მოსამართლე მიიყვანეს და მესამედ კიდევ შეუფარდეს პატიმრობა. ისეთ რაღაცებს აკეთებდნენ, ტანჯავდნენ. საკანში რომ ეძინა, დადგნენ მის წინ და განაჩენი გამოუცხადეს“, – განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.
ამასთან, როგორც კომისიის სხდომაზე თამაზ მოლაშვილმა აღნიშნა, სულხან მოლაშვილი საშინელ წამებაში ჰყავდათ.
„სულხანს ჰყავდა მეგობრები, რომლებიც ეუბნებოდნენ, სურათს რომ გიღებდნენ, მიშა სააკაშვილი გაბღენძილი სიამოვნებით უყურებდა, როდესაც გაწამებდნენო. საშინელ წამებაში ჰყავდათ. 11 თვე რომ არ უმკურნალეს, იქ ძალიან დააავადეს სულხანი“, – განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.