საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს, რომელიც თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად არის დაკავებული, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება ოთხი წელი პირობითი მსჯავრისა და 10 000-ლარიანი ჯარიმის პირობით.
ადვოკატ დიმიტრი მჭედლიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიების დაწყებისთანავე საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობდა.
„გავეცანით საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობას და ეს არის ოთხი წელი პირობითი და 10 000 ლარის ჯარიმა, ასევე ერთი წლის ვადით შეეზღუდა საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება. ეს პირობები არის ამ ეტაპისთვის. შუამდგომლობის შეტანიდან 15-დღიანი ვადა აქვს სასამართლოს, რომ განიხილოს საპროცესო შეთანხმებაზე შუამდგომლობა. მან აღიარა, თავიდანვე ითანამშრომლა გამოძიებასთან. გავეცანით საქმის მასალებს და მივიჩნიეთ, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი გზა და სტრატეგია, რაც, ამ შემთხვევაში, მისი ინტერესების დასაცავად შეიძლებოდა, ამ გზას გავყოლოდით“, – განაცხადა დიმიტრი მჭედლიშვოლმა.
რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას, სხდომის პროკურორის, ანი ლეკიაშვილის თქმით, მხოლოდ ვლადიმერ ღუდუშაურთან დაკავშირებით მოთხოვნილი საპროცესო შეთანხმების გაფორმების შუამდგომლობის მთავარი საფუძველი თავად ღუდუშაურის მიერ გამოძიებასთან თანამშრომლობა და სასამართლო პროცესებზე დაფიქსირებული პოზიციებია. მისივე თქმით, პირველი ინსტანციის სასამართლოში, საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე ეს გადაწყვეტილება აღარ შეიცვლება.
„სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ გააჟღერა დასკვნითი სიტყვა, რომლის მიხედვითაც მოითხოვა ჯუანშერ ბურჭულაძის, ვასილ მხეიძისა და გიორგი ხაინდრავას დამნაშავედ ცნობა მათთვის ბრალად წარდგენილ ქმედებებში. ასევე წარდგენილ იქნა ვლადიმერ ღუდუშაურთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმება. ბრალდების მხარემ მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღო საქმის გარემოებებიდან, ბრალდებულთა დამოკიდებულებიდან და მათ მიერ გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე. ყველა ბრალდებულის მიმართ საკითხი ინდივიდუალურად იქნა განხილული. ღუდუშაურთან მიმართებით გათვალისწინებული იქნა მისი მხრიდან, მათ შორის გამოძიების ეტაპზე თანამშრომლობა და სასამართლოში გაკეთებული განცხადებები. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა ვლადიმერ ღუდუშაურის გარდა სხვა ბრალდებულების – ჯუანშერ ბურჭულაძის, ვასილ მხეიძისა და გიორგი ხაინდრავას მიმართ. ეს ნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე ეს გადაწყვეტილება აღარ შეიცვლება. შესაბამისად, ბრალდების მხარე ითხოვს მათ მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებებში გამტყუნებას და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას“, – განმარტა პროკურორმა.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ბრალის მიხედვით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
ასევე, 2025 წლის მარტში, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.
რაც შეეხებათ, ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას, მათ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას.
მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ვლადიმერ ღუდუშაური გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

