ბულგარეთის ნაკრებთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრამდე „დინამო არენაზე“ გამართულ ტრადიციულ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული გუნდის შემტევი ზურიკო დავითაშვილი იმყოფებოდა და მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.
„ასეთ დროს ძალების აღდგენა რთულია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბიჭებმა ეს შევძელით. პირადად მე ბულგარეთთან ხვალინდელი მატჩისთვის 100 პროცენტით მზად ვარ და დარწმუნებული ვარ, ბიჭებიც ასე არიან.
ბუნებრივია, თურქეთთან თამაშის შემდეგ ვისაუბრეთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის შეცდომები, რომლებიც თურქეთთან დავუშვით, ბულგარეთთან შეხვედრაში არ გავიმეოროთ“, – განაცხადა დავითაშვილმა.
საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებების მატჩი 7 სექტემბერს, 17:00 საათზე დაიწყება, ხოლო პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.