ზურიკო დავითაშვილმა თურქეთსა და ბულგარეთთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სასტარტო მატჩებისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების მზადებასა და მოლოდინებზე ისაუბრა.
„ყოველთვის ველოდებით სანაკრებო პაუზას. ერთმანეთის ნახვა და საქართველოში თამაში ძალიან გვიხარია. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი იწყება და მაქსიმალურად მომზადებული ვართ. მაღალი დონის მეტოქეები გვყავს და ყველაფერი მოედანზე გადაწყდება. მაყურებელთან ერთად, თავს არ დავზოგავთ. მთელი საქართველო გვერდით დაგვიდგება და ვეცდებით, ქომაგებს იმედი არ გავუცრუოთ.
თურქეთის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია. მაღალ დონეზე მოთამაშე ფეხბურთელები ჰყავთ და ძალიან რთული თამაში გველის. მოლოდინი გაზრდილია. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ ვარჯიშებზე, მოედანზე უნდა გადავიტანოთ და სასურველ შედეგს მივიღებთ“, – ამბობს საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 4 სექტემბერს თურქეთის წინააღმდეგ გამართავს. 7 სექტემბერს კი ჩვენი გუნდის მეტოქე ბულგარეთი იქნება. ორივე მატჩი თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.