ხუთშაბათი, იანვარი 16, 2025

ზურაბ ჯაფარიძე: ახლა მაგიდაზე სამი სცენარი დევს და ჩემთვის სამივე მისაღებია, როცა დრო მოვა, შემდეგ გადავწყვიტოთ

ახლა მაგიდაზე სამი სცენარი დევს და ჩემთვის სამივე მისაღებია, როცა დრო მოვა, შემდეგ გადავწყვიტოთ, ვერც მაგაში ვხედავ პრობლემას, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია მსჯელობს ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარების ადმინისტრირების საკითხებსა და წესებზე.

„ჩვენ ვმსჯელობთ, როდესაც ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩატარდება, როგორ უნდა ჩატარდეს, როგორი უნდა იყოს ადმინისტრირება, წესები და ა.შ. ამაზე არსებობს ერთიანი ხედვა, ყველა არის შეთანხმებული. განსხვავებული ხედვები არსებობს იმაზე, როგორ შეიძლება, ეს გაკეთდეს – დასჭირდება თუ არა ამას საკანონმდებლო ცვლილებები,  თუ დასჭირდება, როგორ უნდა განხორციელდეს, თუ არ დასჭირდება, მაშინ რაღაცა სხვა გზა იყოს მოძებნილი. ამაზე მიდის დისკუსია. არანაირი შეუთანხმებლობა არ არსებობს, ხედვა არის ერთიანი, უბრალოდ დეტალებზეა საუბარი. ჩემი პოზიციაა, რომ ახლა მაგიდაზე დევს სამი სცენარი და ჩემთვის სამივე არის მისაღები. ყველა რომ დარჩეს და როცა დრო მოვა, შემდეგ გადავწყვიტოთ, ვერც მაგაში ვხედავ პრობლემას. გვინდა, თუ გამოვა, იქნებ ერთიან, საერთო სცენარზე შევთანხმდეთ. დღეს-ხვალ შეიძლება შევთანხმდეთ, ან დარჩეს სამივე სცენარი“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გია ვოლსკი – ჩვენ არ გვყავს ოპოზიცია, ჩვენ გვყავს მავნებლების გეგმით და ამოცანით გაერთიანებული კოლექტიური „ნაცმოძრაობა“

საქართველოსთვის ევროსაბჭოში საქმიანობის შეჩერება, კანდიდატის სტატუსის არმინიჭება, სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით უარყოფითი გადაწყვეტილების მიღება, ზოგადად, საქართველოს ასოცირებულ წევრობაზე უარის თქმა – ეს მუდმივად იყო ჩვენი ოპოზიციად წოდებული სუბიექტების მცდელობა და მთავარი ძალისხმევა, რაც არაერთხელ გამეორებული რევოლუციური სცენარის გარკვეული ნაწილია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ გარშემო გაერთიანებული ოპოზიცია იმისთვის იბრძვის, რომ საქართველომ ევროსტრუქტურებში ინტეგრაციისთვის შემდგომი ნაბიჯი არ გადადგას. „მათ სურთ, გარკვეული შეფერხებები შეიქმნას ამ გზაზე. ტრენდია, მოგონილი ლეგენდაა, თითქოს საქართველო არ იმსახურებს ევროსტრუქტურებთან ინტეგრაციისთვის შემდეგი ნაბიჯების განხორციელებას ან რაღაც მოგონილი რუსული ორბიტის თემაა წინ წამოწეული, მაშინ როდესაც ამ თემასთან დაკავშირებით არანაირი შეკითხვა არც უნდა არსებობდეს. ყველა არგუმენტი გაუქმებულია. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ არ გვყავს ოპოზიცია, ჩვენ გვყავს მავნებლების გეგმით და ამოცანით გაერთიანებული კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გურამ მაჭარაშვილი – კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ხელი აქვს ჩაქნეული არჩევნების გაყალბების დამტკიცებაზე, რადგან ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივნის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, არჩევნების გაყალბების არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და ამ საკითხზე თავად კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ აქვს ხელი ჩაქნეული. „არაერთხელ მოვისმინეთ, მათ შორის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებისგან, რომ ხელი აქვთ ჩაქნეული გაყალბების დამტკიცებაზე. რატომ? იმიტომ, რომ ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. არჩევნებზე კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მთლიანად რადიკალური ოპოზიციიდან ჰყავდა 25 ათას ადამიანზე მეტი წარმომადგენელი, მათი ოჯახის წევრებიც მიამატეთ და 100 ათასი ადამიანი იყო დამკვირვებელი, პირდაპირ ეთერში პირადად აკვირდებოდა არჩევნებს და ერთმა მაინც როგორ ვერ დააფიქსირა? ყველას მობილურები ჰქონდა. შესაბამისად, ამ საკითხზე თავად კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ აქვს ხელი ჩაქნეული. არიან ისეთი ფსიქოლოგიის ადამიანები, ვისაც ვერ დააჯერებ. მაგალითად, დღეა, მას ჰგონია, რომ ღამეა. გაყალბებასთან დაკავშირებით თავად კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ უმრავლესობაშიც უკვე არანაირი კითხვის ნიშნები აღარ არის“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპზე უკვე ჩატარებულია 800-მდე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო ექსპერიმენტი და დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები. უწყების განმარტებით, სასამართლოში დაკითხვისას მოწმეთა უმეტესმა ნაწილმა გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი სახის მტკიცებულება და მათი არგუმენტაცია მხოლოდ მესამე პირების მიერ მიწოდებულ დაუზუსტებელ ინფორმაციას ეყრდნობოდა, ცალკეულმა მოწმეებმა კი გამოძიებას განუცხადეს, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები არჩევნების გაყალბების კონკრეტულ ფაქტებზე ემსახურებოდა პრევენციულ ღონისძიებას. ამასთან, პროკურატურაში აცხადებენ, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტებით და მასში მონაწილე საერთაშორისო ექსპერტების გამოკითხვით გამოირიცხა ერთი ამომრჩევლის მიერ განმეორებითი თუ მრავალჯერადი ხმის მიცემის შესაძლებლობა.

პარტია „საქართველოსთვის“ ცნობით, საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები გიორგი გახარიას სახლში ეწვივნენ

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები, კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა, კომიტეტის სამდივნოს ხელმძღვანელის მოადგილე ბას კლაინი გიორგი გახარიას სახლში ეწვივნენ. ინფორმაციას პარტია „საქართველოსთვის“ ავრცელებს. „შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხი საქართველოში არჩევნების შემდგომ განვითარებული მოვლენები და ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენა იყო“, – აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტრაგედია მამა შალვა კეკელიას ოჯახში – მას ძმა გარდაეცვალა

ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: „გარდაიცვალა დეკანოზი შალვა კეკელიას ძმა გადასვენებულია მის მშობლიურ სოფელში ( ბანძა, მარტვილის რაიონი) პანაშვიდები ყოველდღე.  დაკრძალვა სამშაბათი 21 იანვარი 15:00 საათი გთხოვთ ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული ზურაბი მთელი გულით ვუსამძიმრებთ მამა შალვას და მის ოჯახს“

ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 17 იანვარს აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. „ვიზიტის ფარგლებში, ბაქოში, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით, საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება. კომისიის სხდომაში ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მიიღებენ მონაწილეობას. დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის პირისპირ შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. შეხვედრის შემდეგ ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი შედიან“, – აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები