საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ნაცვლად, პრესკონფერენციაზე მისი ასისტენტი ზურაბ ხიზანიშვილი იმყოფებოდა. მან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში თურქეთთან წაგებული შეხვედრა (2:3) შეაფასა და მთავარი მწვრთნელის გაძევების ეპიზოდიც გაიხსენა.
„ვილიმ ქოჩორაშვილის ეპიზოდის დროს მძაფრი რეაქცია გამოავლინა. ეს მომენტი შეაფასა და თავისი პოზიცია გამოხატა, რადგან გადამოწმებისას კამერასთან ახლოს იყო. საფეხბურთო ენაზე რომ ვთქვათ, ის აგრესიული იყო, თუმცა ეს საქციელი წითელ ბარათს ნამდვილად არ იმსახურებდა.
10-კაციან თურქეთთან რატომ არ შემოვიყვანეთ კიდევ ერთი თავდამსხმელი? ეს მანამდე განხორციელებული შეცვლებიდან გამომდინარეობდა. შემდეგ თურქეთიც ხუთმცველიან სქემაზე გადავიდა და მათი დაცვაში თავისუფალი ზონები შემცირდა. ამ დროს ვილისგან ვიღებდით დავალებებს.
ხუთმცველიანი ტაქტიკით რომ ვთამაშობდით, ამბობდნენ, თითქოს შეტევას ერთ ფეხბურთელს ვაკლებდით. ოდესღაც ოთხ მცველზე უნდა გადავსულიყავით და ეს დიდი ხნის წინ გვინდოდა. წაგების ან მოგების შემდეგ ამაზე მსჯელობა ადვილია, მაგრამ არ მგონია, რომ შემდეგ მატჩებში ვილიმ ეს გადაწყვეტილება შეცვალოს.
რაც შეეხება მამარდაშვილსა და კაშიას, ფეხბურთელებს სურთ, რომ მაღალ დონეზე ითამაშონ. მამარდაშვილი მსოფლიო დონის გუნდშია, მაგრამ გიორგი და კიდევ რამდენიმე მოთამაშე კლუბებში სასტარტო შემადგენლობაში არ თამაშობენ და ეს დღევანდელი რეალობაა. სამწუხაროდ, კიტეიშვილი და ჩაკვეტაძეც დაგვაკლდნენ.
ცენტრალურ მცველებზე რომ ვისაუბროთ, კაშია ძალიან გამოცდილია, გოგლიჩიძეა~ – ნიჭიერი და პერსპექტიული. ვფიქრობ, გვჭირდება მოთამაშეები, რომლებსაც სათამაშო პრაქტიკა აქვთ, რადგან თუ არ თამაშობენ, ეს მათ ფორმაზე აუცილებლად აისახება. კიტეიშვილის არყოფნის გამო ტაქტიკური გადაწყობა მოგვიხდა, თუმცა ეს ადვილი ნამდვილად არ იყო“, – განაცხადა ხიზანიშვილმა.
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში შემდეგ შეხვედრას 7 სექტემბერს „დინამო არენაზე“ ბულგარეთთან გამართავს.