საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, შენიშვნებს ვერ მისცემს და მოღალატეს ვერ დაუძახებს სააკაშვილი, რომელიც, მისივე განმარტებით, არის „ლაჩარი და 2008 წელს მიწაზე ფორთხავდა“.
„სააკაშვილზე არ მათქმევინოთ, რასაც ვფიქრობ. ლაჩარი სააკაშვილი, რომელმაც საქართველო ამ მდგომარეობაში ჩააყენა, რომელიც მიწაზე ფორთხავდა 2008-ში, შენიშვნებს მე ვერ მომცემს და ვერც მოღალატეს დამიძახებს. მთავარსარდალი უნდა დაიცვან, ოღონდ ღირსეული მთავარსარდალი“, – აღნიშნა ზურაბ ნოღაიდელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
კითხვაზე, – „სააკაშვილი არ იყო ღირსეული?“ – ნოღაიდელმა უპასუხა: „არა, არ იყო. 2008-ში აღარ იყო ღირსეული. მანამდეც ბევრი პრობლემა ჰქონდა“.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მათი დაშოშმინება მანდატურებსა და ადვოკატებს მოუხდათ.
„ამ მოღალატესთან სალაპარაკო არაფერი მაქვს. ეს არის რუსეთის, პუტინის მოწყობილი ვითომ სასამართლო ჩემ გასაჩუმებლად. აქ მიდგას რუსი, ჩვენებას აძლევს ჩემ წინააღმდეგ, ივანიშვილი რუსი მასამართლებს“, – განაცხადა სააკაშვილმა ზურაბ ნოღაიდელთან ცხარე კამათის შემდეგ და პროცესი დატოვა.

