რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე არსებული საერთაშორისოდ დაძაბულობის ფონზე ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და მათთან დაკავშირებული კომენტატორების მიერ გაკეთებულ განცხადებებსა და საქართველოს სახელმწიფო მიმართ ბრალდებებს აფასებს.
შალამბერიძე ვიდეომიმართვაში ფართოდ მიმოიხილავს იმ საფრთხეებს, რომლებსაც შესაძლოა ეს საჯარო განცხადებები ქმნიდეს არა მხოლოდ ქვეყნის უსაფრთხოების, არამედ საქართველოს საწინააღმდეგო საერთაშორისო ნარატივების შექმნის კუთხით.
„ბოლო დღეებში ჩვენ ვხედავთ განცხადებების სერიას ოპოზიციური პოლიტიკოსებისა და მათთან დაკავშირებული კომენტატორების მხრიდან, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად ეხება ირანის გარშემო მიმდინარე საერთაშორისო დაძაბულობას და ამ თემას იყენებს შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რეგიონში ვითარება უკიდურესად დაძაბულია და ნებისმიერი სახელმწიფო იძულებულია, უკიდურესი სიფრთხილით და დიპლომატიური სიზუსტით იმოქმედოს, მსგავსი განცხადებები განსაკუთრებულად მძიმე პასუხისმგებლობას მოითხოვს.
სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკური ფიგურა აკეთებს ბრალდებებს, თითქოს,საქართველოს ხელისუფლება მხარს უჭერს ერთ-ერთ მხარეს საერთაშორისო კონფლიქტში, თითქოს, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებს ტერორისტული ან ექსტრემისტული ძალები ან თითქოს, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა საფრთხეს უქმნის დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობას. ამგვარი განცხადებები ხშირად კეთდება მტკიცებულებების გარეშე და მათი გავრცელება პირდაპირ აისახება ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციასა და უსაფრთხოების გარემოზე. საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ რიდესაც ქვეყანა რთულ გეოპოლიტიკურ გარემოშია და იძულებულია, ფაქტობრივად, იუველირული სიზუსტით მართოს თავისი დიპლომატიური პოზიცია, რათა არ აღმოჩნდეს დიდი საერთაშორისო ძალების დაპირისპირების ეპიცენტრში, ასეთ დროს დაუდასტურებელი და უპასუხისმგებლო განცხადებები არ არის უბრალოდ შიდაპოლიტიკური პოლემიკა. ისინი ქმნის საერთაშორისო ნარატივებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იყოს საქართველოს წინააღმდეგ , აძლიერებს გარე ზეწოლის შესაძლებლობას და ზრდის რისკს, რომ ქვეყანა აღმოჩნდეს იმ კონფლიქტების ჩრდილში, რომლებთანაც საქართველოს არანაირი ინტერესი არ აქვს“, – ახადებს ზვიად შალამბერიძე.
იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამგვარი განცხადებები აღარ არის შიდაპოლიტიკური შეფასება და სახელმწიფო ინსტიტუტებმა მათზე შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინონ.
„პოლიტიკოსი ან საჯარო ფიგურა მტკიცებულებების გარეშე საუბრობს ტერორისტულ ინფრასტრუქტურაზე ქვეყანაში ან საერთაშორისო პარტნიორებს უგზავნის სიგნალს, თითქოს, საქართველოს სახელმწიფო დგას გეოპოლიტიკურ კონფლიქტში ერთ-ერთი მხარის გვერდით, ეს აღარ არის მხოლოდ პოლიტიკური შეფასება. ასეთ ქმედებებს შეიძლება, ჰქონდეს პირდაპირი გავლენა ქვეყნის უსაფრთხოებაზე და საერთაშორისო პოზიციაზე. სახელმწიფო ინსტიტუტები ვალდებულნი არიან, დაიცვან ქვეყნის სტაბილურობა უსაფრთხოება და საერთაშორისო რეპუტაცია. სწორედ ამიტომ აუცილებელია, რომ შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა, მათ შორის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ყურადღებით შეაფასონ ასეთი განცხადებები და მათი შესაძლო შედეგები ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში.
როდესაც საჯარო სივრცეში ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა, შეიცავდეს ქვეყნის უსაფრთხოებისათვის რისკის შემცველ ბრალდებებს ან საერთაშორისო დონეზე ქმნის საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ ნარატივებს, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, გააკეთოს შესაბამისი შეფასება და რეაგირება“, – აღნიშნავს შალამბერიძე.
ამასთან, მას მიაჩნია, რომ დღეს, როდესაც საქართველოს მთავარი ამოცანაა მშვიდობის შენარჩუნებაა, პოლიტიკურმა ძალებმა ძალამ უნდა გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე.
„საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში განსხვავებული აზრი და კრიტიკა დემოკრატიის ბუნებრივი ნაწილია, თუმცა, არსებობს მკაფიო ზღვარი პასუხისმგებელ პოლიტიკურ დისკუსიასა და ისეთ ქმედებებს შორის, რომლებიც შესაძლოა, გამოიყენონ გარე ძალებმა ქვეყნის წინააღმდეგ. როდესაც სახელმწიფო იძულებულია, დიდი სიფრთხილით შეინარჩუნოს მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში მიმდინარე მძიმე პროცესების ფონზე, უპასუხისმგებლო განცხადებები, რომლებიც აზიანებს ქვეყნის საგარეო პოზიციას, არ შეიძლება, დარჩეს ყურადღების გარეშე. დღეს საქართველოს მთავარი ამოცანაა მშვიდობის შენარჩუნება, სახელმწიფო ინტერესების დაცვა და ქვეყნის დაცვა ნებისმიერი გარე დაპირისპირებებისგან. სწორედ ამიტომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გაიაზროს საკუთარი სიტყვების ფასი და პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე.
ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ქმნის საფრთხეს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ან აძლიერებს საქართველოს ჩათრევის რისკს საერთაშორისო კონფლიქტში, აუცილებლად მიიღებს შესაბამის სამართლებრივ და სახელმწიფოებრივ შეფასებას“, – აცხადებს ზვიად შალამბერიძე.

