უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არ მოაწერს ხელს აშშ-თან წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას, თუ ის საფრთხეს შეუქმნის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინულმა მხარემ ოფიციალურად დღეს მიიღო აშშ-ისგან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ვარიანტი.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია „მაღალ დონეზე იურისტების კონკრეტული რეცენზიის“ მიღება.
„უკრაინის კონსტიტუციაში მკაფიოდ არის გაწერილი, რომ ჩვენი კურსი ევროკავშირისკენ არის. არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, არის შესაბამისი ნაბიჯები. ის, რაც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, მიუღებელია“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.