აშკარაა, რომ დონალდ ტრამპი დიპლომატიის ნაცვლად, ხისტ, უხეშ ძალას იყენებს და ომის ხელშემწყობი, გამჩაღებელი უფროა, ვიდრე „მშვიდობის მტრედი“, – ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი აცხადებს.
მისივე თქმით, „ტრამპი და მის უკან მდგომი ოლიგარქიული ოჯახები მსოფლიოს მართვას, წლებია, ორუელისეული ფორმულების დამკვიდრებით ცდილობენ, რომლის მიხედვითაც ომი მშვიდობაა, მონობა – თავისუფლება, უმეცრება – ძალა“.
„დონალდ ტრამპი – „მშვიდობის მტრედია“, ყოველ შემთხვევაში, თავად ამას ამტკიცებს. „მე ცხრა თვეში რვა ომი დავასრულე. ჩვენ ამ საბოლოო ომზე ვმუშაობთ, ეს ადვილი არ არის, მაგრამ ვფიქრობ, ამას მივაღწევთ“ – ამაყობს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მაშინ როდესაც, თუკი ამ კონფლიქტებს და მასში დონალდ ტრამპის, ანუ „დიფ სთეითის“ როლს გავაანალიზებთ, რეალობა სულ სხვაგვარი აღმოჩნდება და „მშვიდობის მტრედი“ ომის გამჩაღებლად უფრო წარმოჩინდება, ვიდრე ლიდერად, რომელიც კონფლიქტებს აგვარებს. ჩვენი მეზობლების, სომხეთისა და აზერბაიჯანის მაგალითით დავიწყოთ – ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმაც განაცხადა, ომი, ფაქტობრივად, დასრულდა მას შემდეგ, რაც „2020 წლის 10 ნოემბერს სომხეთმა კაპიტულაციას მოაწერა ხელი“. შემდგომ ამისა, ლოკალური შეტაკებები თუ ესკალაციები, განსაკუთრებით 2022-2023 წლებში, ომად კი არა, ცალკეულ სამხედრო ოპერაციებად და ინციდენტებად მიიჩნევა. შესაბამისად, ცხადია, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი დონალდ ტრამპს არ დაუსრულებია და მისგან ამ დამსახურების საკუთარ თავზე მიწერა ღიმილის მომგვრელია. ყველასთვის ცხადია, რომ ამ პროცესში მისი ჩართულობა სულ სხვა მოტივებითა და მიზნებით არის ნაკარნახევი. რუსეთ-უკრაინის ომი – დონალდ ტრამპი ყველაზე ხშირად და ხმამაღლა აცხადებდა, მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ამ ომს 24 საათში დავასრულებდიო. პრეზიდენტიც გახდა და 24 საათზე ბევრად, ბევრად მეტი დროც გავიდა, თუმცა ამ ომს არათუ დასასრული არ უჩანს, რაც, ცხადია, ისევ და ისევ „დიფ სთეითის“ ინტერესის გათვალისწინებით ხდება, არამედ ტრამპი უკრაინას ეხმარება როგორც იარაღით, ისე ფინანსურად, რითიც „დიფ სთეითის“ დავალებას ასრულებს და ომის გაჯანჯლებას ცდილობს, რადგან გლობალური ომის პარტიას სულ სხვა გეგმები აქვს. გეგმები, რომლებიც ამ ომის მყისიერად დასრულებას არ ითვალისწინებს. ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში დონალდ ტრამპის როლი აქტიური, მაგრამ მკვეთრად ცალმხრივი იყო და არის, რა თქმა უნდა, ისრაელის სასარგებლოდ. შეუიარაღებელი თვალითაც აშკარად ჩანს, რომ ბოლო წლებში შექმნილი დაძაბულობა, არაერთხელ, სწორედ უშუალოდ დონალდ ტრამპისა და მის მიერ გატარებული პოლიტიკის დამსახურება იყო. ფაქტია, მისმა პოლიტიკამ, მათ შორის „სამშვიდობო საბჭოს“ შექმნამ და ადგილზე მასშტაბური პროექტების დაანონსებამ სტატუსკვო შეცვალა, მაგრამ არაბი მოსახლეობის ჩაგვრისა და შევიწროების ხარჯზე, და არათუ მშვიდობა არ მოიტანა, არამედ კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდა, რაც, სავარაუდოა, რომ კიდევ უფრო სავალალო შედეგებამდე მივა.
შეუძლებელია, არ ვახსენოთ დონალდ ტრამპის როლი სირიის სამოქალაქო ომის ფარგლებში ქრისტიანი მოსახლეობის უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნის პროცესში, რადგან ტრამპის ადმინისტრაციის მიერ სანქციების ნაწილობრივ ან სრულად შეწყვეტის გადაწყვეტილებამ ისინი უფრო სავალალო მდგომარეობაში ჩააყენა. გამაოგნებელია ის, როგორ იმოქმედა „დემოკრატიის შუქურად“ მონათლულმა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და უშუალოდ დონალდ ტრამპმა ვენესუელაში, როდესაც საერთაშორისო სამართლის და დემოკრატიის პრინციპების სრული უგულებელყოფით, საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, რომლის თანახმადაც აშშ-ს ვენესუელის ნავთობი სჭირდება, ქვეყანა, ფაქტობრივად, დაიპყრო და არც იმას მალავს, რომ ვენესუელას თავად მართავს. „დიფ სთეითის“ დავალებით, დონალდ ტრამპი არც ყოფილ მოკავშირეებს და პარტნიორებს ინდობს და გრენლანდიის გადაცემას ევროპისგან ხელაღებით მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მისი დაპყრობით იმუქრება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ტრამპის, როგორც „მშვიდობის მტრედის“ მტაცებლურ ბუნებას. როგორც ჩემს ერთ-ერთ წინა წერილშიც აღვნიშნე, ტრამპის მხრიდან გრენლანდიის მოთხოვნა მხოლოდ საბაბია – ევროპასთან კონფლიქტის და ევროპისგან გათავისუფლების საბაბი. უკიდურესი დაძაბულობა ირანში – დღეს დონალდ ტრამპი ირანს ყოველგვარი შეფარვის გარეშე, სამხედრო დარტყმებით ემუქრება, რომლის შედეგებიც, სავარაუდოდ, უფრო დამანგრეველი იქნება, ვიდრე 2025 ივნისში ჩატარებული ოპერაციები.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ დონალდ ტრამპი დიპლომატიის ნაცვლად ხისტ, უხეშ ძალას იყენებს და ომის ხელშემწყობი, გამჩაღებელი უფროა, ვიდრე „მშვიდობის მტრედი“. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავად ტრამპი და მის უკან მდგომი ოლიგარქიული ოჯახები მსოფლიოს მართვას, წლებია, ორუელისეული ფორმულების დამკვიდრებით ცდილობენ, რომლის მიხედვითაც ომი მშვიდობაა, მონობა – თავისუფლება, უმეცრება – ძალა. ამ ფორმულების გათვალისწინებით, აგრესიისა და ძალადობრივი პოლიტიკის გატარებით გამორჩეული დონალდ ტრამპი დიახაც, რომ „მშვიდობის მტრედია“, რადგან ხშირად გადამწყვეტი არა თავად სიმართლე, არამედ ის ფორმა და გზაა, რომლითაც ინფორმაცია ადამიანებამდე მიდის. მაგრამ რეალობა ხომ სულ სხვაგვარია?!
მიუხედავად იმისა, რომ ოლიგარქიული ოჯახები და დონალდ ტრამპი სწორედ ამ ფორმულებით შექმნილი მოდელირებული რეალობის დამკვიდრებას ცდილობენ, ფაქტებს ვერსად გაექცევიან: ფაქტია, რომ დონალდ ტრამპი დღეს ომის პარტიის მთავარი წარმომადგენელია; ფაქტია, რომ ის პირდაპირ ახალისებს ძალადობას და უკანონობას; ფაქტია, რომ მან სრულად გააუფასურა საერთაშორისო სამართალი; ფაქტია, მან და მის უკან მდგომმა ძალებმა ზოგან ხელოვნურად გააღვივეს ან გამოიგონეს ახალი კონფლიქტი, ზოგან არსებულ კონფლიქტებზე დაასხეს ცეცხლზე ნავთი, ზოგან კი უკვე დასრულებული კონფლიქტების დასრულება მიიწერეს დამსახურებად. ეს ყველაფერი ისეთივე უტყუარი ფაქტია, როგორც ის, რომ „დიფ სთეითის“ მიერ მართული ევროპა ადრე თუ გვიან სწორედ კორპორაციული მმართველობის ხელში გადავა, რისი უტყუარი დასტურიც მსოფლიომ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე იხილა, ფორუმზე, რომელსაც, არც მეტი, არც ნაკლები, ოლიგარქიული ოჯახების ხელში არსებული უმნიშვნელოვანესი პოლიტიკურ-ეკონომიკური ინსტრუმენტის – კორპორაცია BlackRock-ის აღმასრულებელი დირექტორი ხელმძღვანელობდა…
წერილის ბოლოს, მინდა, მცირე შეჯამება გავაკეთო – ილუზორულად გვაჩვენებენ, თითქოს უკრაინა და რუსეთი რაღაც სამშვიდობო გეგმისკენ მიდიან და თითქოს ტრამპს ამაში დიდი წვლილი აქვს… ისმის კითხვა, რაში სჭირდება ეს მორიგი აფერა „დიფ სთეითს?“ ოჯახები დროის მოგებას ცდილობენ, მშვიდობის მოლოდინში ახალ ომს ამზადებენ, იქამდე კი პროცესიდან ამერიკის სრულად ჩამოშორება აქვთ განზრახული. ფაქტი ერთია – იმდენად კარგად დაალაგეს ოლიგარქიულმა ოჯახებმა ეს ომი, იმდენად კარგი კოორდინაცია აქვთ როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან, იმდენად კარგი ილუზია შექმნეს თითქოს და ბუნებრივი დაპირისპირების – მადა გაეზარდათ და ახლა ამ ომში აუცილებლად ჩართავენ ევროპას, ოღონდ როგორც ვთქვი, მხოლოდ მას შემდეგ, რაც აშშ-ს გვერდზე გაწევენ და სრულად ჩამოაშორებენ ფორმალურ პასუხისმგებლობებს“, – აცხადებს შათირიშვილი.
როგორც ზაზა შათირიშვილი აღნიშნავს, „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას უნდა უთხრას რეალობა.
„ამ ფონზე მინდა, მივმართო „ქართულ ოცნებას“ – ის სიმართლე, რასაც მე საზოგადოების ინფორმირებისთვის ვაქვეყნებ, კარგად იციან ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა. ვფიქრობ, მათ უნდა დაასრულონ სირაქლემის პოზაში ყოფნა, გამოვიდნენ და საჯარო ტრიბუნიდან საზოგადოებას უთხრან რეალობა, რაც უნდა მძიმე და რთულად მოსასმენი იყოს ზოგიერთებისთვის. ეს მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც საზოგადოება შეძლებისდაგვარად მომზადებული შეხვდეს იმ უბედურებას, რაც, მაღალი ალბათობით, ჩვენ გარშემო შეიძლება დატრიალდეს, ვგულისხმობ ევროპის ფართომასშტაბიან ომში ჩართვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც პროცესები ზუსტად ისე განვითარდება, როგორც მე ვამბობ – ხალხის არაინფორმირებულობაზე პასუხისმგებლობა სწორედ ხელისუფლებას დაეკისრება“, – აცხადებს შათირიშვილი.

