ორშაბათი, იანვარი 5, 2026

ზაზა შათირიშვილი: ბოლო ათწლეულში ევროპარლამენტი კორუფციის, ლობიზმისა და ბინძური ინტერესების გამტარ ბუდედ აქციეს – ევროპელ ხალხს ყელში ამოუვიდა ამერიკიდან მართული პოლიტიკური ლიდერშიპი

დასრულდა ევროპარლამენტის არჩევნები და დაფიქსირებული შედეგები გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა. თავისთავად, ეს ინსტიტუცია არანაირი პოლიტიკური წონის და მნიშვნელობის მქონე არ არის, განსაკუთრებით კი ბოლო ათწლეულში  დაკნინდა, უფრო სწორად კონკრეტულმა ძალებმა დააკნინეს მიზანმიმართულად, კორუფციის, ლობიზმისა და ბინძური ინტერესების გამტარ ბუდედ აქციეს, მაგრამ არჩევნების პროცესი ევროპელი ამომრჩევლისა და ზოგადპოლიტიკური განწყობების გასაგებად საუკეთესო მოვლენაა.
დამდგარი შედეგებიდან გამომდინარე მეტად ფრთხილი ოპტიმიზმით ვარ განწყობილი. – ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“დიდ სურათში ტენდენცია საკმაოდ დამაიმედებელია და ჩანს, რუსეთ – უკრაინის ომის დაწყებიდან ორი წლის თავზე ევროპელმა საზოგადოებამ მეტ ნაკლებად გადაიაზრა მის წინაშე არსებული კატასტროფული პრობლემები, რაც უკვე კონკრეტულ ადამიანებს შეეხო. ფაქტია, რომ ევროპულმა საზოგადოებამ მათ ქვეყანასა და ევროკავშირში მიმდინარე ნეგატიურ პროცესებზე, ეკონომიკის სტაგნაციაზე, მიგრანტების კრიზისზე, გარედან მართულ პროცესებზე, გაჩაღებულ ომზე და მუდმივ რეგრესზე პასუხისმგებელი პოლიტიკური პირებისა თუ ჯგუფების ძებნა/დასჯის ბუნებრივი ინსტინქტი აამუშავა.

ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ 3 – 4 წლის წინ აზრადაც კი ვერავინ გაივლებდა, რომ ხელისუფლებას მტკიცედ ჩაჭიდებული ფსევდოლიბერალური ძალები რყევს დაიწყებდნენ, ულტრამემარჯვენე პრაგმატიკოსებმა გაიმარჯვეს. საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ჰოლანდიაში, ესპანეთში, ბელგიასა და ავსტრიაში, ანუ ქვეყნებში, რომელთა პოლიტიკასა და ეკონომიკაზე დგას ევროკავშირი, ეგრეთ წოდებულმა ლიბერალურმა მმართველმა პარტიებმა სრული კრახი განიცადეს. უფრო მეტიც, მაკრონმა რიგგარეშე არჩევნები ჩანიშნა, ხოლო ბელგიის პრემიერმა ლეგიტიმაცია დაკარგა და გაადგა. ვინც ევროპულ პოლიტიკას კარგად იცნობს, დამეთანხმება, რომ მსგავს ტექტონიკურ პოლიტიკურ ძვრებსა და ცვლილებებს ბებერ კონტინენტზე ძალიან იშვიათად შევხვდებით. თითქოს ექსცენტრული, მეამბოხე მაგრამ ამავე დროს უზომო კომფორტს მიჩვეული ევროპელი ამომრჩევლის ბუნება ასეთია – მაქსიმალურად მოერიდება ფუნდამენტურ ცვლილებებს იქამდე, სანამ არ შეხედავს, რომ მის თვალწინ ყველა წითელი ხაზი გადაიკვეთა. ასეც მოხდა – ოდესღაც ყველასათვის სანატრელი და შესაშური ევროპისგან აღარაფერია დარჩენილი. ამერიკისგან მართულმა ევროპულმა პოლიტიკურმა ელიტამ, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ნომრიანმა აგენტურამ იმდენად ზედმიწევნითი სიზუსტით შეასრულა ყველა დავალება, რომელიც ევროპის დასუსტებას და სუვერენიტეტის გაჩანაგებას გულისხმობდა, რომ დავალების შესრულების პროცესში თავადაც გაიფუჭეს საკუთარი თავი. წარმოიდგინეთ, ადენაუერის გერმანიას და შარლ დე გოლის საფრანგეთს დღეს შოლცი და მაკრონი მართავენ, რომელთა ასპარეზი ქვემსუბუქ პოლიტიკურ წონაშიც კი ვეღარ მოიძებნება.
ყველაზე საგულისხმო კი მაინც ვიოლა ფონ კრამონის უნებლიე აღიარება გახლდათ – ქართველებისთვის კარგად ცნობილმა ოდიოზურმა პოლიტიკოსმა პირდაპირ თქვა – კამპანიის დროს ხალხი მეუბნებოდა, რომ პრობლემა არა პუტინში, არამედ ამერიკაში და ჩვენს სპეცსამსახურებშიაო. იქვე დაიწუწუნა, როგორც ჩანს რაღაც ძალიან არასწორად გავაკეთეთო. მართალია, ვიოლა არასწორ მოქმედებებში საარჩევნო კამპანიის არასწორ დაგეგმვას, ან არასწორ პროპაგანდას გულისხმობდა, მაგრამ ფაქტია, რომ მათ ბევრი რამ ძალიან არასწორად გააკეთეს და შესაბამისი პასუხიც მიიღეს ევროპელი საზოგადოებისგან. „შესაძლოა ადამიანთა მცირე ჯგუფი მოატყუო დიდი ხნით, ან ბევრი ადამიანი მოატყუო მცირე ხნით, მაგრამ ყველას ყოველთვის ვერ მოატყუებ“ – აბრაამ ლინკოლნის ეს შეგონება ყველაზე მეტად შეესაბამება დღევანდელ ევროპას.

ფსევდოლიბერალური პროპაგანდის უსაზღვრო შესაძლებლობებმა მართლაც გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ქრისტიანულ საწყისებზე აღმოცენებულ ევროგაერთიანებას. ახლო აღმოსავლეთში წარმოებული ომები და ამ ომების შედეგად მიგრანტებისგან გადავსებული ევროკავშირი, იდენტობის გაქრობის რისკის ქვეშ მდგარი ქვეყნები, ეკონომიკური კრიზისი, თავსმოხვეული ლგბტ პროპაგანდა, რუსეთ – უკრაინის ომი და ამ ომში თითოეული ევროპელისთვის მიყენებული ფინანსური ზიანი – ამ ყველაფერმა ერთობლიობაში ხალხის გამოღვიძების პროცესი დაიწყო.

გუშინ თვალს ვადევნებდი ქართველი უსამშობლოების შემართებადაკარგულ განცხადებებს, მართალია მემარჯვენე კონსერვატორული ძალების გაძლიერება შეინიშნება, მაგრამ ევროპარლამენტში უმრავლესობას კვლავ ევროპის სახალხო პარტია შეინარჩუნებსო, თავს იმშვიდებდნენ. როგორც აღვნიშნე, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, კორუფციის ჭაობში ჩაძირულ ევროპულ პარლამენტში ვის ექნება უპირატესობა, აქ მთავარი პოლიტიკური ტენდენცია და ამომრჩევლის განწყობების გაზომვაა. განწყობა კი ერთ რამეზე მეტყველებს – ევროპელ ხალხს ყელში ამოუვიდა ამერიკიდან მართული პოლიტიკური ლიდერშიპი, რომელიც არაფერს გარდა მათი ქვეყნებისთვის ზიანის მოტანისა არ აკეთებენ, 20 წლიანი კრიზისი და სტაგნაცია, მუხლებზე მდგარი მათი ქვეყანა და ევროკავშირი, გაძვირებული ფასები, ვერგაზრდილი ხელფასები და საკუთარ სამშობლოში უმცირესობაში ყოფნა. სწორედ ამიტომ მოხდა ბევრი რამის გადააზრება და ცვლილებების პროცესის დაწყება.

სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ შემობრუნების ამ პროცესში საქართველოს ხელისუფლებას მნიშვნელოვანი როლი აკისრია. მთელი მსოფლიო გვიყურებს, როგორ ვინარჩუნებთ პრინციპულ პოზიციას, როგორ არ გავხვიეთ ჩვენი ქვეყანა დავალებისა და ზეწოლის მიუხედავად ომის ქარცეცხლში, როგორ არ ვეპუებით ფსევდოავტორიტეტების დავალებებსა თუ მუქარებს, როგორ ვცდილობთ შევინარჩუნოთ და დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და მისი სუვერენიტეტი. სამაგალითოა სლოვაკეთისა და უნგრეთის ხელისუფლებების ასევე პრინციპული პოზიცია. ზეწოლის, შანტაჟის, მუქარის და ბოლოს და ბოლოს, ტყვიის გასროლის მიუხედავად, ეს ქვეყნებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ პირველ ადგილზე საკუთარი ხალხის და ქვეყნის ინტერესები დააყენონ, საბოლოო ჯამში კი ამ ურთულეს და უთანასწორო ბრძოლაში, გამოჩნდა, რომ ჩვენ მიერ ბევრჯერ და ხმამაღლა ნათქვამ სიმართლეს მილიონობით ადამიანი უსმენს.

ღრმად მწამს, რომ ცვლილებების და შემობრუნების ამ პროცესს შეუქცევადი ხასიათი ექნება და ევროპა საბოლოოდ დააღწევს თავს აგენტოკრატიას, ევროპულ ქვეყნებში ხალხი მათი ქვეყნების ინტერესების გამტარ პოლიტიკურ ძალებს აირჩევს და ევროგაერთიანებაც შეძლებს, დაიბრუნოს ძველი ღირსება. სწორედ ასეთ ევროკავშირშია საქართველოს ადგილი და მწამს, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე მოხდება.” – წერს ზაზა შათირიშვილი “ფეისბუკში”.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ ყაველაშვილი – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კრანს-მონტანას სათხილამურო კურორტზე ტრაგედიის გამო ქართველი ხალხი უერთდება საყოველთაო გლოვას, ვიზიარებთ შვეიცარიელი ხალხის დიდ ტკივილს

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კრანს-მონტანას სათხილამურო კურორტზე მომხდარი შემაძრწუნებელი ტრაგედიის გამო, რომელმაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეიწირა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.ყაველაშვილის თქმით, ქართველი ხალხი შვეიცარიელი ხალხის დიდ ტკივილს იზიარებს.„ამ მძიმე წუთებში ქართველი ხალხი უერთდება საყოველთაო გლოვას – ვიზიარებთ შვეიცარიელი ხალხის ამ დიდ ტკივილს. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებსა და ყველას, ვისაც ეს დიდი ტრაგედია შეეხო. დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. საქართველო თქვენ გვერდითაა“, – წერს ყაველაშვილი.ცნობისთვის, აფეთქება პირველ იანვარს, ადგილობრივი დროით 01:30 საათზე სათხილამურო კურორტ კრანს-მონტანაში, Le Constellation Bar and Lounge-ში მოხდა, სადაც ახალ წელს აღნიშნავდნენ. სათხილამურო კურორტზე აფეთქების შედეგად დაღუპულია 40-მდე ადამიანი, 115 ადამიანი კი დაშავებულია. ქვეყანაში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა. 

ნიუ იორკის მერი – სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმა ომის აქტია, რეჟიმის შეცვლისკენ სწრაფვა გავლენას ახდენს ნიუ იორკში მცხოვრებ ვენესუელელებზეც, ჩემი მთავარი საზრუნავია მათი უსაფრთხოება

სუვერენულ სახელმწიფოზე ცალმხრივი თავდასხმა ომის აქტი და ფედერალური და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევაა, – ამის შესახებ ნიუ იორკის მერი ზოჰრან მამდანი სოციალურ ქსელში წერს.მისივე თქმით, ვენესუელაში რეჟიმის შეცვლის მცდელობა, ნიუ იორკში მცხოვრებ ვენესუელის მოქალაქეებზეც ახდენს გავლენას.„რეჟიმის შეცვლისკენ ეს აშკარა სწრაფვა არა მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფებს, არამედ ნიუ იორკელებზეც პირდაპირ გავლენას ახდენს. მათ შორის ათიათასობით ვენესუელელზეც, რომლებიც ამ ქალაქს სახლს უწოდებენ. ჩემი მთავარი საზრუნავია მათი და ყველა ნიუ იორკელის უსაფრთხოება. ჩემი ადმინისტრაცია გააგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს და შესაბამისი მითითებების გაცემას“, – წერს ზოჰრან მამდანი.

რეგიონი, სადაც ტემპერატურა შესაძლოა -17 გრადუსამდე დაეცეს – 4 იანვრის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ყინვების შესახებ აფრთხილებს.„4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა. კოლხეთის დაბლობზე ზოგან ღამის ტემპერატურა შესაძლებელია -8, ხოლო შიდა ქართლში -17 გრადუსამდე დაეცეს. შესაძლოა მნიშვნელოვნად დაზიანდეს სუბტროპიკული კულტურები და ვაზის ნარგავები.ძლიერმა ყინვებმა და ლიპყინულმა შესაძლებელია გამოიწვიოს შეზღუდვები საავტომობილო გზების და მაგისტრალების ცალკეულ მონაკვეთებზე და შემოყინულობა ელექტროგადამცემ ხაზებზე (საფრთხის დონე საშუალო).“ - წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსეთის საგარეო უწყება – მოვუწოდებთ აშშ-ს, დაუყოვნებლივ ცხადყოს ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის ევაკუაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია

რუსეთი უკიდურესად შეშფოთებულია ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის ვენესუელიდან ევაკუაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით, – ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.რუსეთის საგარეო უწყება მოუწოდებს აშშ-ის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ ცხადყოს სიტუაცია.განცხადების თანახმად, ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე აშშ-ის აგრესიის შედეგად იძულებით გაიყვანეს ქვეყნიდან.ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა წარმატებით განახორციელა დარტყმა ვენესუელისა და ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ, რომელიც მეუღლესთან ერთად დააკავეს და ქვეყნიდან გაიყვანეს.აშშ-ის გენერალური პროკურორის, პამელა ბონდის განცხადებით, ნიკოლას მადუროს და მის მეუღლეს, სილია ფლორესს ბრალი წაუყენეს ნარკოტერორისტულ შეთქმულებაში, კოკაინის შეტანის შეთქმულებაში, ტყვიამფრქვევებისა და დესტრუქციული მოწყობილობების შენახვაში, ასევე ტყვიამფრქვევებისა და დესტრუქციული მოწყობილობების ფლობაში შეერთებული შტატების წინააღმდეგ.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია II – „ბედნიერი ოჯახი“

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ბედნიერი ოჯახი ქრისტიანული ოჯახი სიყვარულით უნდა შეიქმნას, უსიყვარულოდ ეს კავშირი არ იარსებებს, ან დამახინჯებულ სახეს მიიღებს და შეიძლება საერთოდაც დაიშალოს. სიყვარული რომ არ განქარდეს და ოჯახმა ბედნიერება შეინარჩუნოს, მისმა წევრებმა ერთმანეთისთვის ცხოვრება უნდა ისწვალონ და თავისი გარემო მცირე ეკლესიად აქციონ. რას ნიშნავს ეს? ოჯახში იერარქია (უფროს-უმცროსობა) უნდა იყოს დაცული და მისი თავი უნდა იყოს ქმარი, როგორც ამას უფალი ბრძანებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი რაიმეთია უპირატესი, არამედ მას მეტი პასუხისმგებლობა აქვს და ევალება მზრუნველობა და დაცვა ოჯახისა. ზრუნვა კი გულისხმობს არა მარტო მატერიალურ უზრუნველყოფას, არამედ ღვთის წინაშე მეოხებასაც. ლოცვა, რა თქმა უნდა, მეუღლეთა საერთო ვალდებულებაა და ხშირად ქალები უფრო გულმხურვალენიც არიან, მაგრამ, წესით, ქმარმა უნდა დალოცოს მეუღლე და ორივემ, – შვილები. დიდი მნიშვნელობა აქვს ყოველდღიურად ოჯახის წევრების ერთად ლოცვას და ეკლესიურ ცხოვრებას. სასურველია, ყველამ ზეპირად იცოდეს დასაწყისი ლოცვები, 50_ე და 90_ე ფსალმუნები, „იესოს ლოცვა“, „მოწყალებისა კარი განგვიღე“ და სხვა. მეუღლეები უნდა ზრუნავდნენ თავიანთი როგორც სულიერი, ისე ინტელექტუალური განვითარებისათვის. თითოეული თავის თავში და თავის მეუღლეში უნდა ცდილობდეს ახალი გრძნობების, ახალი სიმაღლეების აღმოჩენას. ამის მიღწევა კი, მითუმეტეს სულიერი განვითარების გარეშე, შეუძლებელი იქნება; უამისოდ წყვილი ადვილად ამოწურავს ერთმანეთს და ერთიმეორისადმი ინტერესიც დაეკარგებათ; ურთიერთობა აღმოჩნდება ხანმოკლე, ზედაპირული და ხორციელ კავშირზე აგებული. და თუ ურთიერთობა მხოლოდ მიწიერი ვიწრო ინეტრესებით შემოიფარგლება, რა თქმა უნდა, მჯობნის მჯობნი არ დაილევა და გულაცრუების მიზეზიც ადვილად გამოჩნდება; სულიერი ერთობა კი მტკიცეა და ხანიერი. მივმართავ ქმარსაც და ცოლსაც: თქვენ ნუ მოითხოვთ მეუღლისაგან პატივს, – პირველმა თქვენ მიაგეთ პატივი. ორივემ ისწავლეთ სხვისთვის ცხოვრება და ეს სხვა პირველ რიგში უნდა იყოს თქვენი მეორე ნახევარი. ასეთ შემთხვევაში იბადება ბედნიერება. ბედნიერი ოჯახი არის ისეთი ერთობა, ისეთი სიყვარული, როცა სამაგიეროს არ ითხოვ სხვისგან და ამასთან უშურველად გასცემ შენს სიკეთეთ. ეს ნიშნავს საკუთარი თავის შენს მეორე ნახევარში აღმოჩენას და მისთვის უანგარო მსახურებას; რა თქმა უნდა, ყურადღება გასამახვილებელია იმაზეც, რომ ეს დამოკიდებულება ცალმხრივად არ იქცეს, არამედ ბოლომდე დარჩეს „მე“ და „შენ“ ურთიერთობად, „ჩვენ“ ურთიერთობად და ქორწინების დღის „მეფობა“ და „დედოფლობა“ გარკვეული სახით მთელი ცხოვრება შენარჩუნდეს. იცოდეთ, მიუხედავად დიდი სიყვარულისა, ბოლომდე არ უნდა გაუშინაურდეთ ერთმანეთს. ეს უნდა ემჩნეოდეს თქვენს საუბარს, ჩაცმას, გარეგნობას, ქცევას… თქვენში მუდამ უნდა იყოს რაღაც მიუწვდომელი. ამასთან, მეუღლესთან ყოველი შეხვედრა ორივესთვის ზეიმი უნდა იყოს. ერთმანეთის მონატრების გრძნობა არ უნდა დაკარგოთ (ძველ დროს, საერთოდაც, ცოლ-ქმარს ცალ-ცალკე ოთახებში ეძინათ და მათი კავშირი იყო დიდი სიხარული), თუმცა ხანგრძლივი განშორებაც არ შეიძლება და ყველაფერში ოქროს შუალედია დასაცავი. ოჯახშიც და ოჯახისგან დამოუკიდებლადაც ცოლსაც და ქმარსაც შეიძლება ბევრი უსიამოვნება შეხვდეს; ყოველთვის ეცადეთ, რთულ სიტაუციებში გაუგოთ ერთმანეთს, იყავი მეუღლის თანამგრძნობი, მაგრამ თუ იგი ცრუობს ან არასწორად იქცევა, ისე წარმართე საუბარი, რომ სიმართლეც უთხრა და თან მისი ღირსება არ შელახო. არასოდეს დაამცირო იგი შვილების, ან სხვათა წინაშე. რომ თქვენც ერთმანეთთან მიმართებაშიც არ დაგერღვეთ ზღვარი და შვილებსაც თქვენდამი პატივისცემა არ დააკარგვინოთ. გაითავისეთ და შვილებსაც ასწავლეთ, რომ თუ რაიმე შეგეშალათ, ან მათ შეეშალათ, ბოდიშის მოხდა და დანაშაულის აღიარება დიდი ღირსებაა. ეს ძლიერი პიროვნებების თვისებაა. არ შეუშინდეთ პრობლემებს, პირიქი, იგი თქვენი დაახლოებისა და სულიერ კიბეზე ამაღლების საშუალებად აქციეთ ად ღმერთიც აუცილებლად შეგეწევათ. არ იჩხუბოთ, მით უმეტეს, ბავშვების თანდასწრებით, ეს მათზე მეტად მტკივნეულად მომქდებს. თუ უსიამოვნება მაინც მოგივათ, ეცადეთ, დაძინებამდე შერიგდეთ. წმინდა მამები გვარიგებენ, რომ მზე ისე არ უნდა ჩავიდეს, რომ შენს მიერ განაწყენებულ ახლობელთან ურთიერთობა არ აღადგინოო. მით უმეტეს, – მეუღლესთან. ძალიან დიდი მნშივნელობა აქვს იმას, თუ როგორ ექცევით თქვენ თქვენს მშობლებს და თქვენი მეუღლის მშობლებს. ბიბლიაში ვკითხულობთ: – „პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილ-გეყოს შენ და დღეგრძელ-იყო ქვეყანასა ზედა,“ – ეს არის პირველი და აუცილებელი პირობა ბედნიერების მოპოვებისა. შვილებზე ზრუნვა ორივეს მოვალეობაა. ორივე ვალდებულია, მათ თავისი დრო დაუთმონ. ბავშვებმა, პირველ რიგში, მშობლების დიდი სიყვარული უნდა იგრძნონ, მაგრამ, თუ ეს სიყვარული ეგოისტურია და მიზნად ისახავს მიკერძოებული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, იგი ოჯახის დამახინჯებას შეუწყობს ხელს და მის არასწორ განვითარებას განაპირობებს. მშობლისგან ბავშვის სიყვარული არ ნიშნავს მათი ყველა სურვილის შესრულებას. პირიქით, ეს არასწორი ქმედებაა. თქვენ ყოველთვის სიყვარულით უნდა მიუთითოთ შეცდომაზე და თან აუხსნათ შვილს, რატომ არის ესა თუ ის ქმედება მიუღებელი. თქვენი სიყვარული მათდამი უნდა გამოხატოს იმაშიც, რომ ბავშები ცხოვრებისათვის მომაზადოთ. ამიტომაც ნუ მოგერიდებათ მათი დასაქმება, შეასწავლეთ საქმე, რითაც თქვენც შეგეწევიან და მომავალში მისი ცოდნა თვითონაც გამოადგებათ. შესაძლებლობებისამებრ ბავშვები ატრეთ ისეთ წრეებზე, რაც მათ სულიერ, ინტელექტუალურ და ფიზიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს; ასწავლეთ საქართველოს ისტორია, ქართული სიმღერა-გალობა, ცეკვა, ატარეთ სპორტზე, – აღმოაჩინეთ მათში ესა თუ ის ნიჭი და მიდრეკილება და წაახალისეთ; ჩაუნერგეთ, რომ ისინი არინ ნიჭიერნი, რათა ბავშვებმა მონდომებითა და სიყვარულით გააკეთონ ყველაფერი. სასურველ გარემოში ყოფნა კი მათ შესძენს გულითად მეგობრებს და გარკვეულწილად დაცულნიც იქნებიან მავნე ზეგავლენებისგან. მოუწონეთ სხვისი დახმარება, გასნაკუთრებით განსაცდელში მყოფის თანადგომა, ასწავლეთ ღვთის სიყვარული, ასწავლეთ წესრიგი, მადლიერების გამოხატვა, სისუფთავის სიყვარული, დროის სწორი გამოყენება… და მომავალში ისინი თქვენი დიდი მოსიყვარულენი და დამფასებელნი იქნებიან. შვილების სწორად აღზრდის თემა მეუღლეთა შორის მუდმივი განხილვის საგანს უნდა წარმოადგენდეს, რათა შეჯერებული პოზიციით დაიგეგმოს შემდეგი ნაბიჯები. შეცდომები, რა თქმა უნდა, ყველას მოსდის. ამიტომაც არის, რომ არც ბოლომდე იდეალური ოჯახი არსებობს და არც მუდმივად იდეალური ურთიერთობები. ქრისტიანობა სიყვარულისა და მიტევების რელიგიაა. თუ შენს თავს მაცხოვრის მიმდევრად მიიჩნევ, იცოდე, რომ შენდობის უნარიც უნდა გქონდეს (სასურველია, შემცოდესაც გულწრფელი და ღრმა სინანული გააჩნდეს). ვისწავლოთ პირველ რიგში ღვთის სიყვარული, ვისწავლოთ პატიება, ვისწავლოთ უშურველი სიყვარული, ვისწავლოთ ჯვრის მტვირთველობა, ვისწავლოთ ცხოვრება. უფალი ბრძანებს: „ითხოვეთ და მოგეცემათ თქვენ, ეძიებდით და ჰპოვოთ, ირეკდით და განგეღოს თქვენ“. მაშ, ეძიეთ უფალში თქვენი ბედნიერება და მიაგნებთ მას. ღმერთმა დალოცოს თქვენი ოჯახი და მშვიდობითა და სიხარულით აღგავსოთ! სიყვარულით თქვენთვის მლოცველი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ბოლო სიახლეები