2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის, გენერალ ზაზა გოგავას განცხადებით, შეიარაღებული ძალების ძალისხმევით მოხდა წვერიახოს გადმოსასვლელი არხის დაცვა, რის შედეგადაც მოსახლეობამ შეძლო, დაეტოვებინა ტერიტორია.
როგორც გოგავამ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა, შეიარაღებულმა ძალებმა ბევრი მსხვერპლი გაიღო, რომ სასიცოცხლო გზა თავისუფალი ყოფილიყო.
„ყველა ხეობიდან, რაც კი სოფლებია, თითქმის ყველა, უმეტესობა გამოვიდა. ეს იყო ის ძალისხმევა, რაც შეიარაღებულმა ძალებმა გასწია. მათ შორის ქურთადან, ეს ხეობას ეკუთვნის. ერთი გადმოსასვლელი აქვთ ლიახვზე, ამოდიან წვერიახოზე და გამოდიან, სხვა გამოსასვლელი მანდ არ არსებობს. ჩვენ გამოვიყვანეთ, შეიარაღებული ძალების ამ გადაწყვეტილებამ, ამისთვის ბევრი მსხვერპლი გაიღო შეიარაღებულმა ძალებმა და ეს ასეც უნდა იყოს, ხალხს ვემსახურებით ჩვენ“, – განაცხადა ზაზა გოგავამ.
რაც შეეხება კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის შეკითხვას: „არსებობს მოსაზრება, რომ მოსახლეობა გამოვიდა, ან თავისით იგრძნო საფრთხე, ან უარი თქვა გამოსვლაზე და დახვრიტეს და თუ ვინმე გამოვიდა, გამოვიდა ტელეფონით ნაცნობების მიერ შეტყობინებით, რომ ხომ ხედავ, რაც ხდება, თავს უშველე. ეს ასე არ იყო?“, – ზაზა გოგავამ აღნიშნა: „თქვენ რასაც გულისხმობთ, რომ შეიარაღებული ძალების ესკორტირებით, იქ ჩასული ადამიანების – „გამოდით სახლებიდან“, „პრობლემაა“, ასეთი რამ არ მომხდარა, მაგრამ ამ ძალისხმევით ის გზა ჩვენ შევინარჩუნეთ თავისუფლად, დავიცავით გამოსასვლელი არხი. წვერიახოს გადმოსასვლელი იყო. მათამდე მიღწევის სხვა გზა არ არსებობს ამ დროს, დამერწმუნეთ“.
თეა წულუკიანის შეკითხვაზე: „7-ში თავდაცვის სამინისტროში როცა თქვენ თქვით, რომ მოთმინებით უპასუხოთ, მაშინ არ გისაუბრიათ, რომ, მოდი, თან მოთმინებით ვუპასუხოთ და თან ეს ხალხი გამოვარიდოთ, რადგან მეორე მხარემ დიდი ხნის წინ გაიყვანა ხალხი?“, – ზაზა გოგავამ აღნიშნა, რომ მეორე მხარემ ეს გააკეთა ესკალაციისთვის და ეს იქნებოდა პროვოკაციაზე წაყოლა.
„მეორე მხარემ გააკეთა ეს პროვოკაციისთვის, ესკალაციისთვის. ეს არის იმ პროვოკაციაზე წაყოლა პირდაპირ, ამას ჰქვია ომისთვის მზადება, მეტი არაფერი, არანაირი ნაბიჯი არ გადაგი იმისთვის, რომ პოზიცია შეგერბილებინა, არ დატოვე არანაირი სასაუბრო პროლიტიკოსების მხრიდან, საერთაშორისოს მხრიდან, პირდაპირ წახვედი, წავიდნენ ისინი ევაკუაციაზე, ჩვენც წავედით ევაკუაციაზე – მაშინ აქ არ ვიჯდებოდი ახლა, ჰააგაში დიდი ხნის გასამართლებული ვიქნებოდი“, – განაცხადა ზაზა გოგავამ.