ყველა იმეორებს, რომ უკრაინა ამ ომს ვერ მოიგებს, რადგან რუსეთი ბირთვული ძალაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საჭიროებების საკითხი ჯერჯერობით არავის დაუყენებია.
„ყველა იმეორებს, რომ უკრაინა ამ ომს ვერ მოიგებს, რადგან რუსეთი ბირთვული ძალაა. მაშინ მითხარით, რა უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება უკრაინას ბირთვული ძალის დასაბალანსებლად? რომელი? არის ეს ნატო? არის ეს ბირთვული არმია? თუ ასეა, მაშინ ამაზე ასე უნდა ვისაუბროთ – ჩვენ გაძლევთ ნატო-ს და ბირთვულ იარაღს, მაგრამ ეს საკითხი ჯერჯერობით არავის დაუყენებია“, – განაცხადა ზელენსკიმ Le Monde-სთან ინტერვიუში.
მისივე თქმით, ყველაზე შეურაცხმყოფელი არის ის, რომ რუსეთს ზეწოლით არავინ ესაუბრება.
„იცით, რა არის შეურაცხმყოფელი ამ ყველაფერში? არავინ ესაუბრება რუსეთს ასე: „ცოტა უკან უნდა დაიხიო, კომპრომისზე წახვიდე, დანებდე. დაასრულე ეს ომი, რადგან ეს სიცოცხლეებს წირავს“. ასე არავინ საუბრობს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, თუ აშშ-ს ომის სწრაფი დასრულება ნამდვილად სურს, ეს არა უკრაინაზე ზეწოლით, არამედ რუსეთზე ზეწოლით მიიღწევა.

