უკრაინას უფლება აქვს, მოითხოვოს უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები, რათა რუსეთმა ქვეყანაზე თავდასხმა ვეღარ შეძლოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„გულწრფელად გეტყვით, ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ნატო-ში და ჩემთვის არაფერია ახალი იმაში, რომ უკრაინა, სამწუხაროდ, არ იყო დაცული უსაფრთხოების გარანტიების მომცემი სერიოზული ალიანსით“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იმ ქვეყნებს, რომლებიც ალიანსის წევრები არიან, ომი არ აქვთ, უკრაინა არ იყო ნატო-ში და მას თავს დაესხა რუსეთი.
„სიმართლე გითხრათ, მჯერა, რომ ჩვენ გვაქვს უფლება, სერიოზული, ძლიერი უსაფრთხოების გარანტიები მოვითხოვოთ მსოფლიოსგან, რომელიც მუდმივად აცხადებს ლიდერობის შესახებ, და იმ ქვეყნებისგან, რომლებიც საუბრობენ მშვიდობაზე მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამის შესახებ ისაუბრა ტრამპთან მისი პირველი პრეზიდენტობის ვადის დროს, შემდეგ – პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან და ახლა კვლავ ესაუბრება ტრამპს, რომელიც ემზადება თეთრ სახლში დასაბრუნებლად.
„მუდმივად ვაყენებ უსაფრთხოების გარანტიების საკითხს. სამწუხაროდ, ეს დამოკიდებულია არა მხოლოდ შეერთებულ შტატებზე, არამედ მოკავშირეების პოზიციაზე ევროპაში. გულწრფელად გეტყვით, სამწუხაროდ, ევროპის ყველა ქვეყნის მიმართ და შეერთებული შტატების მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, მთელი იმ დახმარების მოცულობის პატივისცემის მიუხედავად, რომელიც ომის დაწყების დღიდან მოგვაწოდეს, ნატო-ში არ იყო საერთო მხარდაჭერა შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ყველა მოკავშირეს შორის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, არიან ქვეყნები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას.
„ეს იყო აშშ, ეს იყო გერმანია, ეს იყო უნგრეთი და ესენი იყვნენ სლოვაკები. და ეს ფაქტია. და თუ ჩვენ ღიად ვსაუბრობთ, მაშინ გულწრფელად ვთქვათ – ისინი იქ არ გვხედავენ. მჯერა, რომ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ომში ვართ. პუტინს ესმოდა, რომ უკრაინას არავინ დაუჭერდა მხარს, მას შეეძლო ჩვენი განადგურება, მაგრამ უკრაინელი ხალხის ძლიერმა არმიამ და ჩვენმა ხალხმა გააოცა მთელი მსოფლიო. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ და მე ეს საკითხი პრეზიდენტ ტრამპთან განვიხილე – ჩვენ გვინდა, რომ ეს აღარ განმეორდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ადრე არავის სჯეროდა, რომ ერთ დღეს ფინეთი გახდებოდა ნატო-ს წევრი, დღეს კი უკრაინას ძალიან უხარია, რომ ფინეთმა ეს მოახერხა.