უკრაინის დელეგაციამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გამართა და ახლა ომის დასასრულებლად საჭირო დოკუმენტებზე მუშაობა მიმდინარეობს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისივე თქმით, ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებები მომავალ კვირას გაგრძელდება.
„მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი უკვე გაიმართა და მიმდინარეობს მუშაობა ომის დასასრულებლად საჭირო დოკუმენტებზე. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინულმა გუნდმა სრულად აცნობოს ამერიკულ მხარეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისა და რუსეთის მიერ ჩვენს ენერგეტიკულ სისტემაზე მუდმივი დარტყმების შესახებ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსებს ომის დასრულება რომ სურდეთ, სარაკეტო დარტყმების ნაცვლად, ყურადღებას დიპლომატიაზე გაამახვილებდნენ. მისივე თქმით, რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს.
„რუსებს რომ ომის დასრულება ნამდვილად და სერიოზულად სურდეთ, ისინი დიპლომატიაზე გაამახვილებდნენ ყურადღებას და არა სარაკეტო თავდასხმებზე, ელექტროენერგიის გათიშვასა და ჩვენი ატომური ელექტროსადგურებისთვის ზიანის მიყენების მცდელობაზე. ჩვენ გვაქვს მონაცემები იმ ობიექტების შესახებ, რომლებზეც რუსეთმა დარტყმებისთვის მოსამზადებლად დაზვერვა ჩაატარა. ყველაფერი ნათლად აჩვენებს, რომ დიპლომატია რუსეთისთვის პრიორიტეტი ნამდვილად არ არის. ეს უნდა იყოს აღიარებული. ზეწოლა უნდა გაგრძელდეს აგრესორზე და ამ ომის რეალურ მიზეზზე – მიზეზი მოსკოვშია. ამ კვირაში ჩვენ სწორედ ასეთი ზეწოლის გასაძლიერებლად და რუსეთთან დაკავშირებით მკაფიო გლობალური პოზიციის უზრუნველსაყოფად ვიმუშავებთ“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი და აღნიშნავს, რომ რუსეთის დარტყმების შემდეგ აღდგენითი სამუშაოები გრძელდება.

