უკრაინის დელეგაცია აშშ-ის დელეგაციასთან დამატებით შეხვედრას გამართავს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკის თქმით, უკრაინული დელეგაცია გამართავს დამატებით მოლაპარაკებებს აშშ-ის დელეგაციასთან მას შემდეგ, რაც აშშ-ის წარმომადგენლები ერ-რიადში რუსულ მხარესთან მოლაპარაკებებს დაასრულებენ.
ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა, რომ ესაუბრა უკრაინის თავდაცვის მინისტრს, რუსტემ უმეროვს, რომელიც მოლაპარაკებებისთვის საუდის არაბეთში იმყოფება.
„გუშინ შეხვედრა გაიმართა ამერიკულ გუნდთან. დღეს კი აშშ-ის წარმომადგენლებმა ომის გუნდთან – რუსეთის წარმომადგენლებთან ისაუბრეს. ამის შემდეგ კვლავ იგეგმება შეხვედრა უკრაინულ და ამერიკულ გუნდებს შორის. ახალ ანგარიშსაც ველოდები“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საჭიროა მოძრაობა „რეალური მშვიდობისა და გარანტირებული უსაფრთხოების“ მიმართულებით.
„რუსეთი არის ერთადერთი სუბიექტი, რომელიც აჭიანურებს ამ ომს და დასცინის ჩვენს ხალხსა და მთელ მსოფლიოს. რუსეთის მშვიდობისკენ იძულებისთვის საჭიროა ძლიერი ნაბიჯები“, – განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, დღეს საუდის არაბეთში აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები გაიმართა, რომელიც 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.