საჭიროა ახალი გადაწყვეტილებები და ახალი ზეწოლა მოსკოვზე, რათა ბოლო მოეღოს ამ დარტყმებსა და ამ ომს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ღამით რუსეთი უკრაინას 150 დრონით დაესხა თავს.
„ამ დროისთვის ათი ადამიანია დაშავებული, მათ შორის ჩვილი. კიევში თავდასხმამ სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის მამის და მისი ხუთი წლის ქალიშვილის. გუშინ ზაპოროჟიეში სამი ადამიანი დაიღუპა, ოჯახი: მამა, დედა და მათი 17 წლის ქალიშვილი. ჩემი სამძიმარი ოჯახებსა და ახლობლებს. ეს თავდასხმები ყოველდღიური რეალობაა. მხოლოდ ამ კვირაში ჩვენი ხალხის წინააღმდეგ გამოყენებული იყო 1 580-ზე მეტი ბომბი, თითქმის 1 100 დრონი და 15 სხვადასხვა ტიპის რაკეტა. ყველა ეს შეიარაღება შეიცავს, სულ მცირე, 102 000 უცხოურ კომპონენტს. ამიტომ რუსი ტერორისტების მიმართ სანქციები უფრო ეფექტური უნდა იყოს. ყველა შესაძლებლობა, რომელიც მათ სანქციების გვერდის ავლის საშუალებას აძლევს, უნდა აღმოიფხვრას. საჭიროა ახალი გადაწყვეტილებები და ახალი ზეწოლა მოსკოვზე, რათა ბოლო მოეღოს ამ დარტყმებსა და ამ ომს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უკრაინას ეხმარება და აღნიშნა, რომ საჭიროა რეალური მხარდაჭერა საჰაერო თავდაცვის სისტემებით.