უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებები წარმატებული იყო.
„ჩვენ შევთანხმდით საზღვაო ცეცხლის შეწყვეტასა და თავისუფალ ნავიგაციაზე“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ბრიფინგზე და მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს მიღწეული შედეგისთვის.
ამასთან, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, შეთანხმებაში ჯერ კიდევ ბევრი გასარკვევი დეტალია. მისივე თქმით, ტერიტორიული საკითხები კვლავ რჩება ყველაზე რთულ გამოწვევად.
„არ ყოფილა საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი დაარღვევს შეთანხმებას, უკრაინა მოითხოვს სანქციებსა და იარაღს აშშ-ისგან.
„განცხადებაში არ არის ნახსენები, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ვიღაც დაარღვევს შეთანხმებას. მე მესმის, რატომ. იმიტომ, რომ ამერიკული მხარეს ნამდვილად არ სურს, ეს ყველაფერი დაიშალოს. სწორედ ამიტომ არ სურდათ დეტალებში ჩასვლა. ყოველი დეტალისთვის პასუხების გაცემა მაინც მოგიწევთ. თუ შევნიშნავთ, რომ ვიღაც არღვევს შეთანხმებას, შემდეგ ყველა შესაძლო არხით დავუკავშირდებით ამერიკულ მხარეს ფაქტებითა და მტკიცებულებებით, რომ რუსულმა მხარემ რაღაც დაარღვია“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინისა და აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ერ-რიადში მოლაპარაკებების მორიგ რაუნდი გამართეს. როგორც მიღწეული შეთანხმებების შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას შავ ზღვაში ზავისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ თავდასხმების აკრძალვაზე, ასევე უსაფრთხო ნავიგაციის უზუნველყოფასა და სავაჭრო გემების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების თავიდან აცილებაზე.